(რეზონანსი) იაკობ იაკობაშვილი არათუ ქორეპისკოპოსობიდან და ზოგადად, რაღაც სამსახურებიდან დათხოვნას უნდა დაექვემდებაროს ამ განცხადებების გამო, არამედ საერთოდ უნდა ჩამოსცილდეს საეპისკოპოსო მსახურებას, - ამის შესახებ თეოლოგმა ლადო ნარსიამ საპატრიარქოს გარშემო მიმდინარე მოვლენების შეფასებისას განაცხადა.
მისივე თქმით, მეუფე იაკობის ქორეპისკოპოსობიდან გადადგომის საკითხი სინოდის გადასაწყვეტი იყო. ლადო ნარსიას შეფასებით, „საგანგაშო ვითარებაა, რაც საქართველოს ეკლესიაშია".
„საერთოდ, ვინმეს აქვს წარმოდგენა, რა უფლებები ჰქონდა იაკობს და საერთოდ, ქორეპისკოპოსობა რას ნიშნავს? თუ აქ სიტყვა ქორი გვაბნევს და ქორს აქვს ქართულში აღტაცების გამომხატველი ემოცია. უნდა გაირკვეს, რა გააკეთა საპატრიარქომ. ჯერ ერთი, რატომ გადადგა საერთოდ იაკობი და ვის ხელეწიფება იაკობის გადადგომაზე განცხადების გაკეთება. ეს არის სინოდის გადასაწყვეტი და თუ გვეუბნებიან, რომ ამ ქვეყანაში არაფერს, ამ ეკლესიაში არც სინოდს აქვს რაიმე მნიშვნელობა, არც ეპისკოპოსების კრებით გადაწყვეტილებას და ყველაფერს წყვეტს საპატრიარქო და საპატრიარქოში რამდენიმე ადამიანი, მაშინ კი ბატონო.
დავიწყოთ ლაპარაკი იმაზე, რომ არ არსებობს არავითარი ოფიციალური წესი, რომელიც მინიმალურ დონეზე მაინც უნდა დაკმაყოფილდეს ეკლესიასა და საზოგადოებაში. იაკობ იაკობიშვილი არათუ ქორეპისკოპოსობიდან და ზოგადად, რაღაც სამსახურებიდან დათხოვნას უნდა დაექვემდებაროს ამ განცხადებების გამო, არამედ საერთოდ უნდა ჩამოსცილდეს საეპისკოპოსო მსახურებას. არ შეიძლება ამგვარი მასხრად აგდება როგორც საზოგადოების, ასევე უმთავრესად ეკლესიის და მისი ტრადიციების, რომელთა დაცვით მოვიდა დღემდე საქართველოს ეკლესია" , - განაცხადა თეოლოგმა „ინტერპრესნიუსთან".