ელზა პაპოშვილი
28.10.2019

 საპატრიარქოში ხელისუფლების ინტერესებს და მასში აქტიურად ჩარევის სურვილზე  მეუფე იაკობი კვლავ ჯიუტად საუბრობს. სკანდალი გრძელდება და არ არის გამორიცხული, რომ ზედაპირზე კიდევ უფრო მეტი ამოვიდეს. განსაკუთრებით პატრიარქის ქორეპისკოპოსის თანამდებობის  დატოვების შემდეგ. 

მეუფე იაკობი ბოლო დროს განსაკუთრებული აგრესიით  პრემიერ გახარიას მიმართ გამოირჩევა. მან პატრიარქთან შეხვედრამდე კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ გახარია უწმინდესის გადაყენებაზე ყველაზე მეტად აქტიურობდა.  

თეოლოგები „რეზონანსთან“ ამბობენ, რომ მეუფეს გახარიას მიმართ პირადი შურისძიება ამოძრავებს, რადგანაც სწორედ პრემიერი იყო, რომელიც მის პატრიარქის თანამოსაყდრეობას ეწინააღმდეგებოდა. მათი თქმით, მეუფე საპატრიარქოში არსებულ არცერთ დაჯგუფებას არ მიეკუთვნება და მას ზურგს მხოლოდ „ოცნების“ კონკრეტული ჯგუფი უმაგრებდა. სავარაუდოდ, ამ შიდა სახელისუფლო  ბრძოლაში მისი გუნდი დამარცხდა და მარტო დარჩენილმა, სრულიად განწირულმა მეუფემ შურისძიება გადაწყვიტა. ისინი არ გამორიცხავენ, რომ წმინდა სინოდის შეკრების შემდეგ, ის სასულიერო პირის და მღვდელმთავრის სტატუს საერთოდ დაემშვიდობოს. 

„მოსული ვიყავი სპეციალურად, რომ უწმინდესი მენახა და ჩემი გადაწყვეტილების შესახებ მესაუბრა. მივიღე გადაწყვეტილება და გადავდექი ქორეპისკოპოსობიდან და საფინანსო-ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარეობიდან. ეს ჩემი პირადი გადაწყვეტილებაა. ვრჩები ეპარქიაში. მრევლს და ერს ყველას კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ შენდობას ვითხოვ და ბოდიშს ჩემი ისეთი სახით საუბრისთვის. შეხვედრას ჩვენ ორნი ვესწრებოდით“, - განაცხადა მეუფე იაკობმა პატრიაქრის შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ. 

საპატრიარქომ გამოაქვეყნა პატრიარქის ბრძანებაც, მეუფე იაკობის პირადი თხოვნის საფუძველზე, პატრიარქის ქორეპისკოპოსისა და საპატრიარქოს საფინანსო-ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობიდან გათავისუფლების შესახებ.

ბოდბელი ეპისკოპოსის სიტყვებს გიორგი გახარია სისულელეს  უწოდებს და აღნიშნავს, რომ მსგავს შეხვედრას არ დასწრებია. 

„ეს ის მეუფეა, რომელიც იძახდა, გახარია პრემიერი თუ გახდა, ჩამოვაგდებო... თუ რატომ აკეთებს ასეთ განცხადებებს, მეუფეს მიმართეთ, მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ - მსგავსი სისულელეები უკვე საზღვარს გადასცდა“, - განაცხადა პრემიერმა.   

თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ არ არის გამროიცხული მეუფე იაკობის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს და საერთოდ სასულიერო პირის წოდებაც კი ჩამოერთვას. მისი აზრით, მეუფე იაკობი არის ადამიანი, რომელიც საპატრიარქოში არსებული მძიმე ვითარების რეალური სახეა. 

თეოლოგი გამორიცხავს, რომ მას საპატრიარქოში თანამოაზრეები ჰყავდეს. მისი აზრით, ის არცერთ იქ არსებულ დაჯგუფებას არ მიეკუთვნება. მას „ოცნების“ ერთი კონკრეტული ჯგუფი საკუთარი მიზნებისთვსი იყენებდა. შიდა სახელისუფლო დაპირისპირებაში მეუფე იაკობი მოტყუებული აღმოჩნდა, თავი გამოყენებულად იგრძნო და შურისძიება დაიწყო. გახარიას იმიტომ გადაემტერა, რომ ის მეუფე იაკობის  თანამესაყდრედ დანიშვნის წინააღმდეგი იყო, რაც როგორც ჩანს გამოუვიდა. 

„საყოველთად ცნობილია, რომ მეუფე იაკობის იდენტიფიცირება საპატრიარქოში მყოფ არცერთ ჯგუფთან  არ ხდებოდა. ის იყო მარტო და საბოლოო ჯამში მას ზურგს მხოლოდ „ოცნების“ გარკვეული შტოს წარმომადგენლები უმაგრებდნენ. როგორც ჩანს ამ სახელისუფლო დაპირისპირებაში თავი გამოყენებულად და მიტოვებულად იგრძნო, ვერ მიიღო ის, რასაც როგორც ჩანს პირდებოდნენ. სავარუდოდ, ეს არის პატრიარქის თანამოსაყდრეობა. სწორედ ამიტომ, მან კონკრეტულ სახელისუფლო პირებზე შურისძიება დაიწყო. როგორც ჩანს ფიქრობს, რომ ხელი მისი ოცნების ასრულებას სწორედ ამ ადამიანებმა შეუშალეს. პირადი განაწყენება და აგრესია სწორედ აქედან მომდინარეობს. 

სამი წლის განმავლობაში სასულიერო პირი, რომ ამას მალავ, ესეიგი აქედან რაღაცა შენი გამორჩენა გქონდა, საერთოდ ეს ფაქტი თუ მართალია. ის მოექცა იზოლაციაში და პრაქტიკულად გამოუვალ სიტუაციაშიაა. ეს რაღაც კონსპირაციული შეთქმულება არარეალურია. რაც შეეხება მოსაყდრე შიოს, ამაზე არც არასდროს არავინ დაობდა. ეს ადამიანი არის რუსული პროექტი, მან თავისი კავშირებით და კონტაქტებით, რუსეთის დახმარებით მოახერხა, რომ თანამოსაყდრე გამხდარიყო. როგორც ჩანს ხელისუფლებამ მას ამაში ხელიც შეუწყო. ხოლო როგორც ცნობილია სწორედ გახარია იყო ის პირი, რომელიც მეუფე იაკობის თანამოსაყდრედ დანიშვნას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა. მეუფე იაკობი პრემიერს ამიტომაც გადაეკიდა“, - აცახდებს ტიგინაშვილი „რეზონანსთან“.  

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია კი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ მეუფე იაკობი ამდენი ხნის განმავლობაში შეხვედრის შესახებ საუბრისგან თავის იმ მიზეზით იკავებდა, რომ ყველა მისი ნათქვამი ეკლესიის განცხადებად აღიქმება. სავარაუდოდ, სწორედ ამიტომაც მან უწმინდესის ქორეპისკოპოსობაზე უარი თქვა. გამზარდია მეუფე იაკობის გააქტიურებას  იმ ფაქტს უკავშირებს, რომ ხელისუფლება კვლავ  ცდილობს, რომ ილია მეორე  გადააყენოს და მის ადგილას მისთვის სასურველი ადამიანი დადგეს. გამზარდია არ გამორიცხავს, რომ მეუფე იაკობმა ამის შემდეგ კიდევ უფრო ბევრი რამ ისაუბროს. ანალიტიკოსი ამბობს, რომ ახლა ხელისუფლებას საარჩევნო წელი მოსდის და ეკლესიის მმართველად მისთვის სანდო ადამიანი სჭირდება. 

„მეუფე იაკობი არაა გამორიცხული, რომ ახლა უფრო მეტს იტყვის.  ქორეპისკოპოსობა მას არ აძლევდა იმის საშუალებას, რომ ბევრი რამე ასე ღიად ესაუბრა. ამის მიზეზი კი ისაა, რომ მისი ყველა ნათქვამი ეკლესიის განცხადებად აღიქმებოდა. არ გამოვრიცხავ, რომ ამის შემდეგ კიდევ უფრო ბევრი ისაუბროს. რაც შეეხება მიზეზს, რის გამოც მან ამ შეხვედრაზე ილაპარკა, არის ის, რომ ხელისუფლება პატრიარქის გადაყენებას ჩქარობს და სურს, რომ არჩევნებისთვის მისთვის სასურველი ადამიანი დააყენოს. ამიტომაც ის ამისთვის ყველა ღონეს ხმარობს. თუმცა რამდენად იქნება ეს კანდიდატი მეუფე შიო რთული სათქმელია, რადგანაც სინოდის წევრების მხადაჭერით ის დიდად არ სარგებლობს. ჩვენ კი ვიცით, რომ პატრიარქის არჩევა მათ მიერ უნად მოხდეს. 

ახლა ხელისუფლება აქტიურად ცდილობს სინოდის წევრებთან კომინუკიაციას და დაახლოვებას. არ არის გამორიცხული, რომ მათ თავისი კანდიდატები ჰყვადეთ და რამდენიმე ვარიანტი განიხილებოდეს. ასე კონკრეტულად ვერ ვიტყვი, მაგრამ სათადარიგო ვარიანტები რომ ექნებათ, ფაქტია. ხელისუფლებას ახლა საკმაოდ რთული სიტუაცია აქვს და წინასაარჩევნოდ ყველა ღონეს ხმარობს იმისთვის რათა ყველაფერზე გავლენა ჰქონდეს. ეკლესია კი მოგეხსენებათ ის ინსტიტუტია, რომლის კონტროლიც ყველაზე მნიშვნელოვანია“, - აცახდებს გამზარდია „რეზონანსთან“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×