სახელმწიფოსა და ,,ლიბერთის” შორის ხელშეკრულება 2020 წელს იწურება და ალბათ ბევრი რამ შეიცვლება
თამარ მუკბანიანი
28.10.2019

 პენსიონერების ნახევარზე მეტს, "ლიბერთი ბანკის" სესხი აქვს და პენსიის დიდ ნაწილს იქვე ტოვებს. ბანკის პროცენტი რომ მაღალია დიდი ხანია საუბრობს საზოგადოება და პროფესიული წრეები, თუმცა არც ეროვნული ბანკის და არც სახელმწიფოს მხრიდან არაფერი იცვლება. კერძო კომერციული ბანკი კი, თავს ვალდებულად არ თვლის, ინფორმაცია მაინც გაასაჯაროოს, სასესხო პირობების შესახებ. 

პენსიების ექსკლუზიური მიმწოდებლის ხელშეკრულება ,,ლიბერთის” 2020 წელს უმთავრდება და შესაბამისად, რამდენიმე თვეში, სახელმწიფოს მოუწევს მიიღოს გადაწყვეტილება, დატოვებს თუ არა პენსიონერებს კაბალურ პირობებში. 

ფინანსურ და პოლიტიკურ წრეებში ხშირად არის პროტესტი, რომ „ლიბერთი ბანკი“, ძირითადად, პენსიონერების ძარცვაზეა გადასული და სწორედ მათ ხარჯზე ახერხებს მაღალი მოგების მიღებას. ალბათ, აქედან მომდინარეობს ის ფაქტიც, რომ ბანკი არ ასაჯაროებს ინფორმაციას თუ რამდენი ხანდაზმული სარგებლობს საპენსიო სესხით და რა პირობებით ხდება პენსიის წინასწარ აღება.  ამ სეგმენტს რომ მეტი ზრუნვა სჭირდება და ,,ლიბერთის” მათთვის ძალიან მაღალი სასესხო პროცენტი აქვს, ადასტურებს სახალხო დამცველიც. 

„მნიშვნელოვანია სახელმწიფომ ეფექტური ჩარევის გზით ხელი შეუწყოს ხანდაზმულთა მდგომარეობის გაუმჯობესებას, რომლებიც პენსიასთან ერთად, დღესდღეობით საარსებო შემწეობის მიმღებ ბენეფიციართა 16% შეადგენს. მათგან ნახევარზე მეტს თავისი პენსიის დიდი ნაწილის დატოვება ყოველთვიურად ბანკში უწევს საკმაოდ მაღალი საპენსიო სესხის განაკვეთის გამო. ამასთანავე, საგულისხმოა ხანდაზმულთა მიმართ ოჯახში უხილავი ძალადობის პრობლემა, რაც სამწუხაროდ სტატისტიკაშიც ვერ აისახება სრულყოფილად”, - ნათქვამია სახალხო დამცველის 2018 წლის ანგარიშში.

საპენსიო სესხებთან დაკავშირებით კვლევები ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ ჩაატარა. როგორც ორგანიზაციის წარმომადგენელი ამბობს, ბანკისგან საპენსიო სესხებთან დაკავშირებით ინფორმაცია ვერ მიიღო იმის დასადგენად, თუ რამდენი პენსიონერი და დევნილი სარგებლობს სესხით. "ლიბერთის" რამდენიმე თვის წინ "ბიზნეს-რეზონანსმაც" მიმართა, თუმცა კითხვები პასუხგაუცემელი დარჩა მაშინაც და დღესაც. 

აფბას ანალიტიკოსი, გიორგი კაპანაძე პრობლემის სათავედ ,,ლიბერთი ბანკის" მიერ პენსიის გაცემის უფლების ექსკლუზიურობას ასახელებს. მისი თქმით, ბანკი ამით ბოროტად სარგებლობს. 

,,სახალხო დამცველის ანგარიშმაც დაადასტურა ის, რაზეც ჩვენ, დიდი ხანია ვსაუბრობთ. მიზეზი ექსკლუზიური უფლებაა, რომელიც "ლიბერთი ბანკს" აქვს, ამის გამოა, რომ იგი საპროცენტო განაკვეთს აწესებს მხოლოდ საკუთარი შეხედულების მიხედვით, არაკონკურენტულ გარემოში. პენსიონერს კი უარის თქმა არ შეუძლია, რადგან სხვა ვარიანტი არ გააჩნია, ბანკი კი ამით სარგებლობს. ეს თავად დაადასტურა არაერთ ინტერვიუში ,,ლიბერთის” ყოფილმა ხელმძღვანელმაც. 

კარგად მახსოვს, სების პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადება, როდესაც საბანკო რეგულაციები შემოდიოდა, რომ პენისიონერების  სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი, ხშირად 100%-ს აღწევდა და სთხოვდა დეპუტატებს, ამისათვის ყურადღება მიექციათ. ეს კი არ მომხდარა. ამ ფაქტიდანაც კარგად ჩანს, რომ ძალიან მაღალი და კაბალური პირობები აქვს ბანკს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ისინი არ ასაჯაროებენ ინფორმაციას, ჩვენი და მედიის არაერთი მიმართვის მიუხედავად, რაც დამატებით ეჭვებს აჩენს.

ხანდაზმულთა დიდი ნაწილი, რომელიც პენსიის ხარჯზე ცხოვრობს, კიდევ უფრო რთულ ვითარებაში ვარდება, როცა სესხი გამოაქვს. პენსია ერიცხება ყველა ადამიანს და ბანკს ამ თანხის ამოღება არ უჭირს. ჩვენ არ ვიცით, პენსიიდან და დევნილების შემწეობიდან რა თანხას იღებს ბანკი მოგების სახით, თუმცა დიდი ნაწილი ამ კატეგორიის სესხებიდან შესდის. ინფორმაციის უქონლობის გამო ამ მაჩვენებლების განსაზღვრა ძალიან გაგვიჭირდება, თუმცა ზუსტად ვიცით ის, რომ ეს სესხები არასდდროსაა პრობლემური და არ ჭირს მისი ამოღება”, - ამბობს კაპანაძე. 

ანალიტიკოსის თქმით, სახელმწიფოსა და ,,ლიბერთის” შორის ხელშეკრულება 2020 წლის დასაწყისში იწურება. კაპანაძე იმედოვნებს, რომ ახალი ხელშეკრულებით პენსიის გაცემის უფლება, მინიმუმ 2 ბანკს მიენიჭება. 

,,ერთ-ერთი მთავარი გამოსავალი ამ სიტუაციაში არის ის, რომ ,,ლიბერთის" აღარ ჰქონდეს, სესხის გაცემაზე ექსკლუზივი და მხოლოდ იქ არ ხდებოდეს პენსიის აღება. 2020 წელს ეს ხელშეკრულება მთავრდება და მე, იმედს ვიტოვებ, ხელისუფლება მიიღებს გონივრულ გადაწყვეტილებას და ეს ფუნქცია გადანაწილდება მინიმუმ 2 ბანკზე მაინც, რაც გააჩენს კონკურენციას და ავტომატურად მოუწევთ პროცენტის დაწევა. ეს კი ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფისათვის მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება”, - აცხადებს ანალიტიკოსი ,,ბიზნეს-რეზონანსთან”. 

აღსანიშნავია, რომ მომგებიანი ბანკების რეიტინგში "ლიბერთი ბანკი" მე-3 ადგილს იკავებს. მისმა წმინდა მოგებამ 2018 წლის საანგარიშო პერიოდში 52 მილიონ ლარი შეადგინა. მთლიანად საბანკო სექტორის მოგება კი 917 მილიონ 721 ათას 344 ლარი იყო.

ანალიტიკოსი რამაზ გერლიანი ,,ლიბერთის” საპროცენტო განაკვეთს  არასამართლიანს, საბანკო ლოგიკას მოკლებულდ და არაეთიკურსაც კი უწოდებს:

"მოქალქეებს უწევთ იმ თანხის პროცენტის გადახდა, რომელიც ხელზე არ აუღიათ. პენისონერებს ნამდვილად აქვთ კაბალური, არასამართლიანი და არაეთიკური ხელშეკრულებებიც კი. მაგალითად, 500 ლარი გამოაქვთ, ბანკი აძლევს  - 420-ს, რადგან დანარჩენს პროცენტში იტოვებს და მაინც 500 ლარის პროცენტს ახდევინებს დამატებით. დაახლოებით ასეთია სისტემა, რაც ცალსახად იმის ბრალია, რომ ბაზარზე ერთადერთი მიმწოდებელია და სანამ ეს არ შეიცვლება, არ შეიცვლება არც სისტემა”, - ამბობს "ბიზნეს-რეზონანსთან" გერლიანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×