რეზონანსი
29.10.2019

 (რეზონანსი)არის სამართლებრივი საკითხები, შესაბამისი პროცედურები, რომელთა დასრულების შემდეგ ამ ადამიანებს მიენიჭებათ დაზარალებულის სტატუსი, - ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ ნინო ჯავახაძემ ჟურნალისტებს 20-21 ივნისის აქციის დაშლისას დაშავებული 16 პირისთვის სასამართლოს მიერ დაზარალებულის სტატუსის არ მინიჭებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. როგორც ჯავახაძემ აღნიშნა, სასმართლომ ამ შემთხვევაში პროკურატურის პოზიცია გაიზიარა.

„იქ არის სამართლებრივი საკითხები, შესაბამისი პროცედურები, რომელთა დასრულების შემდეგ ამ ადამიანებს მიენიჭებათ დაზარალებულის სტატუსი. ეს არის უბრალოდ დროის და სამართლებრივი პროცედურების საკითხი", - განმარტა ნინო ჯავახაძემ.

რაც შეეხება ადამიანის უფლებათა ცენტრის კვლევას, რომლის მიხედვითაც 20-21 ივნისს, აქციის დაშლისას გამოყენებული იყო არაპროპორციული ძალა და რომელშიც საუბარია გამოძიების ხარვეზებზე, შს მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, რომ ის ამ კვლევას არ იცნობს.

„როგორც ვიცით, გენერალური პროკურატურა აწარმოებს გამოძიებას ამ საქმეზე, შესაბამისად გენერალურმა პროკურატურამ უნდა დადოს საბოლოო დასკვნა გამოძიების ფარგლებში თუ რა იყო, როგორი ძალა იქნა გამოყენებული, იყო თუ არა დარღვევები. ვიცით, რომ ინდივიდუალური გარკვეული სამართალდარღვევები, გადაცდომები იყო. ამ ყველაფერს სწავლობს გენერალური პროკურატურა", - აღნიშნა ნინო ჯავახაძემ.

შეგახსენებთ, 20 ივნისის საქმეზე სასამართლომ 16 პირიდან არც ერთი, მათ შორის არც მაკო გომური დაზარალებულად არ სცნო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×