თამარ შუკვანი
29.10.2019

 „მან უკვე მიიღო სასჯელი და ერთი დანაშაულისთვის ორი სასჯელი ხომ არ არის?!" - აცხადებს „რეზონანსთან" მეუფე ანანია ჯაფარიძე იმ მოსაზრების შესახებ კომენტირებისას, რომ მეუფე იაკობი (იაკობაშვილი) არა მხოლოდ ქორეპისკოპოსობას, არამედ საერთოდ საეპისკოპოსო მსახურებას უნდა ჩამოსცილდეს.

თეოლოგ ლადო ნარსიას განცხადებით, „იაკობ იაკობაშვილი არათუ ქორეპისკოპოსობიდან და ზოგადად, რაღაც სამსახურებიდან დათხოვნას უნდა დაექვემდებაროს ამ განცხადებების გამო, არამედ საერთოდ უნდა ჩამოსცილდეს საეპისკოპოსო მსახურებას".

მისივე თქმით, მეუფე იაკობის ქორეპისკოპოსობიდან გადადგომის საკითხი სინოდის გადასაწყვეტი იყო. ლადო ნარსიას შეფასებით, „საგანგაშო ვითარებაა, რაც საქართველოს ეკლესიაშია". ამის შესახებ ნარსიამ „ინტერპრესნიუსს" განუცხადა.

„ეს სინოდმა და პატრიარქმა უნდა გადაწყვიტოს. ახლა ასე როგორ შეიძლება?! უნდა შეიკრიბოს სინოდი, უწმინდესი და მათ უნდა გადაწყვიტონ ეს საქმე," - განუცხადა „რეზონანსს" მეუფე ანანია ჯაფარიძემ.

ცნობისათვის, მეუფე იაკობი 28 ოქტომბერს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსობიდან გადადგა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, სპეციალურად მივიდა საპატრიარქოში იმისათვის, რომ პატრიარქისთვის თავისი გადაწყვეტილების შესახებ ეცნობებინა. საპატრიარქო კი მომხდარის შესახებ ამ დრომდე დუმს.

შეგახსენებთ, მეუფე იაკობმა სამი დღის წინ საკმაოდ სკანდალური განცხადება გააკეთა; მისი თქმით, გიორგი გახარია, ვახტანგ გომელაური და გიორგი კვირიკაშვილი მას უწმინდესის გადაყენებაზე „ეჩალიჩებოდნენ".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×