მმართველ გუნდში აზრთა სხვადასხვაობაა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში უმრავლესობის მოპოვების შესახებ, რამაც შესაძლო „ოცნებაში" ახალი დაპირისპირების კერა გააჩინოს; ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე დარწმუნებულია, რომ პარტიას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კოალიციის შექმნა არ დასჭირდება, ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილის ვარაუდით კი უმრავლესობას ვერცერთი პარტია ვერ აიღებს და მათ შორის ვერც „ოცნება".
მმართველი პარტიის ყოფილი წევრი, პარლამენტარი გედევან ფოფხაძე „რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ „ოცნების" შიგნით დიდი დაპირისპირება მოსალოდნელი არაა, რადგან „ოცნებაში" დამოუკიდებელი მოთამაშეები თითქმის არ დარჩა.
„ოცნებაში" არის ნაწილი, რომელიც თავის თავს არწმუნებს, რომ ყველაფერი კარგადაა და საარჩევნო სისტემის შეცვლის მიუხედავად, ხელისუფლებაში მაინც დარჩებიან. საარჩევნო სისტემის შეცვლა არსებითად და პრინციპულად გამორიცხავს „ოცნების" მხრიდან ასეთი შედეგის მიღებას. გამორიცხულია, რომ „ქართულმა ოცნებამ" მანდატების 50% აღოს, რადგან ქვეყანაში ამის სიტუაცია არ არის.
„ყველა პრობლემა, რომელზეც „ოცნება" 2012 წელს საუბრობდა, ისევ ღიაა. დღეს ხელისუფლებამ არსებითად ვერ გადაწყვიტა ვერცერთი პრობლემა, რომელიც 2012 წელს აქტუალური იყო. ამას დაემატა ის, რომ კორუფციის ხარისხი გაიზარდა. ამ მოცემულობაში, მანდატების გადანაწილების თვალსაზრისით, ოპტიმისტური განწყობა ხელისუფლებას არ უნდა ჰქონდეს.
„ერთმანეთში ვერ ყალიბდებიან; შეგუების ფსიქოლოგიური მომენტია - ცხოვრებაში ცუდი რომ ხდება, ამას უნდა შეეგუო. ესენი ერთმანეთში ამას როგორ გაარკვევენ, მათი პრობლემაა.
„ქვეყანაში „ოცნებას" ყველა აგინებს და ახლა ვგრძნობ, რომ ადამიანურ ურთიერთობაში „ოცნებაში" ჩემი ყოფნის დროს უფრო მეტი საყვედური იყო ჩემი მისამართით ხალხის მხრიდან. დღეს ეს პრეტენზიები აღარ არის. ქვეყანაში რაც ცუდი ხდება, ყველაფერზე პასუხისმგებელი მეტ-ნაკლებად მთავრობაა.
„მთლიანობაში ვერ გეტყვთ, რომ ძალიან დიდი დაპირისპირება იქნება „ოცნების" შიგნით, რადგან დამოუკიდებელი მოთამაშეები ძალიან ცოტა დარჩა. „ოცნებაში" არ არის იმის რესურსი, რომ რაიმე დაპირისპირბა მოხდეს," - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
მამუკა მდინარაძემ ჩუგოშვილის განცხადებაზე საუბრისას თქვა: „კი გვაბრალებენ ხოლმე საერთო მესიჯბოქსს, მაგრამ ასე არ არის. ერთ ხაზში არ ვზივართ, ჩუგოშვილს და მდინარაძეს შეიძლება ჰქონდეთ სხვადასხვა პოზიცია."