თამთა ჩაჩანიძე
29.10.2019

 „ივანიშვილი ამით პოზიტიური ხმაურის შექმნას ცდილობს", - ასე აფასებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია „ქართული ოცნების" ლიდერის ბიძინა ივანიშვილის წყალტუბოს განვითარებასთან დაკავშირებულ ინიციატივას.

ბიძინა ივანიშვილმა წერილი გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ წყალტუბოს განვითარების პროექტს იწყებს. მისივე თქმით, წყალტუბოს აქვს პოტენციალი, რომ რეგიონის ტურიზმის დედაქალაქად გადაიქცეს.

„ივანიშვილი ამით პოზიტიური ხმაურის შექმნას ცდილობს. ეს დღეები ხელისუფლება და მათ შორის ივანიშვილი სრულიად სხვა როლში აღმოჩდნენ. ისინი კიდევ ერთხელ სხვადასხვა მხარემ ამხილა, როგორც ხდება ხოლმე და შესაბამისად, ერთგვარი პოზიტიური ხმაური იყო საჭირო, რომ შემდეგ სახელისუფლებო პროპაგანდა წასულიყო და აქცენტი კვლავ მის ქველმოქმედებაზე გაეკეთებინათ.

„ვფიქრობ, რომ ეს პროპაგანდისტული ხერხია. ასე იყო დაგეგმილი სოფლების ინტერნეტიზაციაც, მაგრამ არაფერი გაკთდა და არ ვიცით გაკეთდება თუ არა. სხვა მხრივ, ივანიშვილი კარგ ქველმოქმედად რომც ჩავთვალოთ, პრობლემა ისაა, რომ ის ძალიან ცუდი მმართველი აღმოჩნდა", - აცხადებს გამზარდია.

მისივე შეფასებით, ბოლო პერიოდში მოსახლეობის მდგომარეობა იმდენად გაუარესდა, რომ ივანიშვილის მიერ განხორციელებული პროექტები ამას ვერ გადაწონის.

„ზოგადად, ივანიშვილს ახასიათებს ისეთი ტიპის საქველმოქმედო ღონისძიებები, რომლითაც თავის ავტორიტეტის გამაგრებას და გამყარებას ცდილობს ხოლმე. თავისთავად მნიშვნელოვანია ეს პროექტი რომ განხორციელდეს, მაგრამ მისი მმართველობის პერიოდში სახელმწიფოს მდგომარეობა ბევრად გაუარესდა და ცალკეული პროექტები, რომლებსაც ის ახორციელებს, საერთო ჯამში სახელმწიფოს და ხალხის მდგომარეობას არ აუმჯებესებს და ცხოვრების დონის გაუარესების დინამიკა იმდენად დიდია, რომ ივანიშვილის მიერ განხორციელებული პროექტები ამდენი უბედურების დამბალანსებელი ვერ არის.

„ქველმოქმედება მისი ნებაა, მაგრამ მისი ვალდებულებები რაცაა, ის ამას არ ასრულებს და როგორ ფიქრობთ, რომელი უფრო უპირატესი და მნიშვნელოვანია? ვფიქრობ, რომ ეს ცალკეული პროექტები დიდ ჭაობში ჩაგდებული პატარა ნაკვერჩხალია, რომელიც რა თქმა უნდა ცეცხლს ვერ დაანთებს", - განაცხადა გამზარდიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×