იორდანიის დედაქალაქ ამანში ქართული და ჩერქეზული კულტურული მემკვიდრეობის შესახებ სემინარზე აფხაზურ-აბაზინური დიასპორის წარმომადგნლები შეიჭრნენ და ღონისძიების ჩაშლა სცადეს.
შეხვედრა საქართველოს საელჩოს, იორდანიაში ჩერქეზული საქველმოქმედო ასოციაციისა და საქართველოში ჩერქეზული კულტურის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა,
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ღონისძიების ჩაშლა ვერ მოახერხეს.
„სემინარი გახსნეს იორდანიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზაზა კანდელაკმა, ამანში ჩერქეზთა საქველმოქმედო ცენტრის პრეზიდენტმა ზუჰდი ჯანიბეკმა და თბილისში ჩერქეზული კულტურის ცენტრის დირექტორმა მერაბ ჩუხუამ.
„ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოში ჩერქეზული კულტურის ცენტრის წარმომადგენელმა მკვლევარებმა, ასევე აშშ-სა და თურქეთში მოღვაწე გამოჩენილმა ჩერქეზმა მეცნიერებმა. გამომსვლელებმა ხაზი გაუსვეს კავკასიური ერთობის მნიშვნელობას რეგიონის განვითარების საქმეში. ასევე ხაზგასმით აღინიშნა, რომ ეს ერთიანობა უმნიშვნელოვანესი საშუალებაა აფხაზეთის პრობლემის მოგვარების საქმეში.
„ღონისძიების მეორე ნაწილის ფარგლებში, გაიმართა ქართველი პოეტის, დავით მაღრაძის წიგნის " ჯაკომო პონტის" ჩერქეზული და აფხაზური თარგმანების პრეზენტაცია, რომელიც გამოიცა ამანში. დავით მაღრაძემ წაიკითხა ნაწყვეტები ქართულ ენაზე, ხოლო საქართველოში ჩერქეზული კულტურის ცენტრის წარმომადგენლება წაიკითხეს "ჯაკომო პონტის" ნაწყვეტები ჩერქეზულ და აფხაზურ ენაზე.
„ღონისძიებას ესწრებოდნენ იორდანიის ჩერქეზული დიასპორის წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსის წევრები, ასევე სამეფოს სენატის, პარლამენტის და იორდანიის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ამანში საქართველოს საელჩოსა და იორდანიაში ჩერქეზთა საქველმოქმედო ასოციაციის მიერ მოეწყო ერთობლივი ღონისძიება.
„ქართული და ჩერქეზული მხარეები შეთანხმდნენ, რომ აღნიშნულ ფორუმს მიეცემა ყოველწლიური ხასიათი და იქნება ერთ- ერთი უმნიშვნელოვანესი საშუალება ერთიანი, მშვიდობიანი კავკასიის ჩამოყალიბების პერსპექტივისთვის.
„ღონიისძიების მსვლელობისას იყო მცდელობა იორდანიის აფხაზურ-აბაზინური დიასპორის მცირერიცხოვანი წარმომადგენლების მხრიდან ხელი შეეშალათ აღნიშნული ღონისძიების ჩატარებისათვის, რაც აღმოჩნდა სრულიად წარუმატებელი. სემინარმა ჩაიარა წარმატებით. ყველა გამსვლელის პათოსი იყო მშვიდობიანი და უკონფლიქტო კავკასია," - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში
ღონისძიების ჩაშლის მცდელობაზე დე-ფაქტო რეპატრიაციის მინისტრმა ბესლან დბარმა რადიო „სპუტნიკ აფხაზიას" საკუთარი ვერსია უამბო.
„28 ოქტომბერს იორდანიის ჰაშიმიტის სამეფოში ქართულმა და ჩერქეზულმა საქველმოქმედო ორგანიზაციებმა სიმპოზიუმის გამართვა დაგეგმეს. ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო ქართველი ავტორის პოემა, რომელიც ნათარგმნია აფხაზურ, ოსურ და აბაზინურ ენებზე, ეს ფაქტი პროვოკაციული ხასიათის იყო და მიზნად ისახავდა აფხაზურ-აბაზინური დიასპორების გაყოფას.
„აფხაზეთ-ადიღეური დიასპორის აქტივისტებმა ღონისძიება ჩაშალეს, ჩერქეზული ორგანიზაციის „ადიღე-ჰასეს" ოფისში, შენობაში აფხაზი-ადიღეური დიასპორის აქტივისტები ბანერებით და დროშებით შევიდნენ და იორდანიაში საქართველოს ელჩის გამოსვლა შეაფერხეს, ელჩი იძულებული გახდა დარბაზი დაეტოვებინა. დბარმა.
„მე ვფიქრობ, რომ მსგავსი ხასიათის ღონისძიებები შეიძლება ნებისმიერ ქვეყანაში ჩატარდეს, ორგანიზატორებმა წარმოადგინეს ისე, რომ საქართველოს ხელმძღვანელობა ზრუნავს აფხაზურ ენაზე ზრუნავს, თარგმნის ქართული კლასიკოსების ნამუშევრებს აფხაზურად და ა.შ... მაგრამ დროულად რეაგირებით ჩვენ ჩავატარეთ მშვიდობიანი აქცია, რომელიც დემოკრატიის ფარგლებში ხმაურის გარეშე მიმდინარეობდა. "- თქვა დბარმა.
მანამდე აფხაზეთის რეპატრიაციის სამინისტრომ განცხადება გააკეთა, რომელშიც იორდანიაში არსებული აფხაზურ-აბაზინური დიასპორის წარმომადგენლებს მოუწოდებდა, რომ არ დამორჩილებოდნენ საქართველოს წარმომადგენელთა „პროვოკაციულ" ქმედებებს, რადგან ეს ღონისძიება „დიასპორების გაყოფას" ისახავდა მიზნად, რეპატრიაციის სამინისტრო საზოგადოებას სტაბილურობასა და სიმშვიდის შენარჩუნებას მოუწოდებდა.
აფხაზეთ-აბაზინური დიასპორების წარმომადგენლები შენობაში და შენობის გარეთ აპროტესტებდნენ, პლაკატებზე წარწერებით: "თქვენ არ ხართ მისასალმებელი", " თავისუფლება აფხაზეთს" და ა.შ.