თამარ შუკვანი
30.10.2019

 თბილისში ავტომობილის პარკირების წესების დარღვევაზე ჯარიმების 10 ლარიდან 50 ლარამდე გაზრდას უარყოფითად აფასებს დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე. ეჭვობს, რომ ტაქსების რეფორმით თბილისის მერმა, ფაქტობრივად, საკუთარი ტაქსები შემოიყვანა დედაქალაქში, რადგან ტაქსების ახალი კომპანიის მფლობელი, რომელიც აეროპორტშიც შემოვიდა, ფეხბურთელია და კალაძესთან ერთად ერთ გუნდში თამაშობდა.

„კიდევ კარგი ჰაერის სუნთქვაზე ჯარიმას არ წერენ. ეს ეტყობა ბიუჯეტის შევსების ახალი მეთოდია, ჯარიმების ქვეყანად აქციეს. ხელფასების და პენსიების გაზრდაზე რომ იზრუნონ, ადამიანმა ამ ჯარიმების გაზრდას შეიძლება ნაკლებად მიაქციო ყურადღება. ეს იმის მანიშნებელია, რომ მათ საკუთარი მოსახლეობის მდგომარეობა საერთოდ არ იციან. ასეთი მთავრობა დროულად არის მოსაშორებელი," - აღნიშნა ჭიჭინაძემ.

ჭიჭინაძე აცხადებს, რომ ახალი ტაქსები კალაძემ უკვე შემოიყვანა, სწორედ ტაქსების რეფორმის შედეგად:

„ახალი ტაქსები შემოვიდა აეროპორტშიც და მეპატრონე ერთ-ერთი ფეხბურთელია. ერთად თამაშობდნენ და არ მგონია ერთ გუნდში მოთამაშეებს ერთმანეთთან ურთიერთობა არ ჰქონდეთ," - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

ამ საკითხთან დაკავშირებით, „რეზონანსი" თბილისის მერიას დაუკავშირდა, სადაც განგვიცხადეს, რომ აეროპორტში შესული ტაქსების კომპანია „ტავ-ჯორჯიას" ექვემდებარება.

„ამაზე გადაწყვეტილებას თბილისი მერიას არ იღებს. ეს არის „ავი," რომელიც აეროპორტის მართვაშია და ზუსტად მათი გადაწყვეტილებით არის შემოსული კომპანია," - აცხადებენ თბილისის მერიაში.

კახა კალაძის განცხადებით, შესაბამისი ცვლილება კანონში უკვე შევიდა. პარკირების წესის დარღვევაზე ჯარიმის გაზრდის მიზეზი სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგება და ის გარემოებაა, რომ ქალაქში უკვე მოქმედებს ზონალურ საათობრივი პარკირება. ასევე შეიცვალა ჯარიმის ჩაბარების წესი.

„ეს არის ჯარიმის ჩაბარებისა და გამოქვეყნების სწორედ ის მოდელი, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ვიდეოჯარიმებთან დაკავშირებით იყენებს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ჯარიმის გამოწერიდან 10 დღის განმავლობაში დაჯარიმებული პირი შევა ვებგვერდზე, ის მიიღებს 20%-იან ფასდაკლებას და მას არ მოუწევს ჯარიმის თანხის სრულად გადახდა", - განაცხადა კახა კალაძემ.

„ვთხოვ დედაქალაქის მოსახლოებას და პირველ რიგში ავტომობილის მფლობელებს, სიფრთხილით მოეკიდონ პარკირების წესებს, რათა არ მოხდეს მათი დაჯარიმება. ასევე შევახსენებ მოსახლეობას, რომ ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის ავტომობილების გაჩერება არის უფასო. მათ უნდა დაარეგისტრირონ საკუთარი ავტომობილები შესაბამის ვებ-გვერდზე, რომლის შესახებაც რამდენჯერმე მივაწოდეთ ინფორმაცია. სხვა რაიონიდან ჩამოსული ადამიანებისთვის კი ავტომობილის გაჩერება 15 წუთით იქნება უფასო. 1 საათით ავტომობილის გაჩერების ღირებულება არის 1 ლარი," - ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×