„სამი გზა არსებობს - პროექტი კონსერვაციის რეჟიმში გადავიდეს, ახალი ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდეს, ან ხელისუფლებამ თქვას, რომ პროექტს თვითონ სახელმწიფო განახორციელებს," - აცხადებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ანაკლიის პორტის პროექტის შესახებ საუბრისას.
გია ხუხაშვილი: ეს ისტორია ძალიან დიდი ხანია გრძელდება. ვერ ვიტყვი, რომ ხელისუფლებას ობიექტური პრეტენზიები არ აქვს, მაგრამ ხელისუფლებამ, სამწუხაროდ, თავად დაუკავშირა ეს საკითხი პოლიტიკას. ყველაფერი გააკეთა კონსორციუმის მენეჯმენტის დისკრედიტაციისთვის, იმისათვის, რომ პოტენციური ინვესტორები დაეფრთხო და ამას სრულიად აშკარად აკეთებდა. არ ვართ ბრიყვები, ეს რომ ვერ დაგვენახა.
მოსალოდნელ შედეგებზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა, ფაქტობრივად, ხელისუფლებამ თვითონ აიღო თავის თავზე, თუმცა ის ამ ორ თემას შორის კავშირს უარყოფს.
„რ": 29 ოქტომბერს ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ინფორმაცია გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ „მერიდიანმა" ანაკლიის პორტის პროექტში მონაწილეობაზე უარი თქვა. როგორ ფიქრობთ, ხელისუფლების მხრიდან ხომ არ იყო რაიმე ზეწოლა იმისათვის, რომ კომპანიას პროექტში მონაწილეობაზე უარი განეცხადებინა?
გ.ხ: „მერიდიანი" იქნება თუ ნებისმიერი სხვა პოტენციური ინვესტორი, ხედავს ხელისუფლების აგრესიულ და ნეგატიურ განწყობას არა პროექტის, არამედ კონსორციუმისა და მისი მენეჯმენტის მიმართ, ეს კი ყველაფერში ჩანს.
ხელისუფლება ერთი ხელით მუდმივად ახდენს პროექტის მხარდაჭერის დეკლარირებას, მაგრამ მეორე მხრივ, ყველაფერს აკეთებს, რომ პოტენციური ინვესტორები დააფრთხოს - რბილად რომ ვთქვათ, კონსორციუმთან თანამშრომლობა არ ურჩიოს. შედეგიც ლოგიკურია, აბსოლუტურად გასაგები და კანონზომიერი, ან სხვას რას უნდა ველოდოთ?
„რ": ლევან ახვლედიანის განცხადებით, ანაკლიის პორტის პროექტზე შეთანხმების მიღწევა წლის ბოლომდე დარჩენილ ორ თვეში არარეალისტურია. თუ 3 ძირითად საკითხზე მთავრობასთან შეთანხმება მოხდება, ანაკლიის პორტის მშენებლობა 6 თვის თავზე დაიწყება. მან ასევე განაცხადა, რომ თუ ბოლო იმედიც ამოიწურება, ყველაფერს მოყვება რა და როგორ იყო. თქვენი აზრით, რა სათქმელი დაუგროვდა ახვლედიანს?
გ.ხ: ხელისუფლებამ, სამწუხაროდ, თავისი ძალიან უხარისხო მუშაობით შექმნა იმის საფუძველი, რომ კონსორციუმმა გარკვეულწილად ამ პროექტთან დაკავშირებით, ფორსმაჟორული სიტუაცია გამოაცხადოს და დაიწყოს მასშტაბური დავა, მათ შორის სასამართლოებში საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ. ამის საფუძველი თავისი სიბრიყვით ხელისუფლებამ შექმნა.
„რ": რა ბედი ელის ანაკლიის პორტის პროექტს საბოლოოდ?
გ.ხ: ჩვენი ხელისუფლება აბსოლუტურად არაპროგნოზირებადია. ან დაკონსერვდება ან გაგრძელდება. არამგონია ხელისუფლებას დღეს კონკრეტული გადაწყვეტილება ჰქონდეს. ამ ეტაპზე მათი ამოცანაა პროექტზე კონტროლის აღდგენა, ანუ კონსორციუმის გაძევება. ამის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას, როგორ განვითარდება მოვლენები.
გამომდინარე იქიდან, რომ საარჩევნო წელში შევდივართ, ანაკლიის თემა წინასაარჩევნო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი გახდება, რადგან მამუკა ხაზარაძემ პოლიტიკური განაცხადი გააკეთა. არ მგონია, რომ არჩევნებამდე ანაკლიის პორტთან დაკავშირებით რაღაც სერიოზული მოძრაობები დაიწყოს. ანაკლიის პორტის პროექტის ბედი, როგორც ჩანს, 2020 წლის არჩევნებზე გადაწყდება.