ელზა პაპოშვილი
30.10.2019

რას ველით სინოდის სხდომიდან, რომელიც 31 ოქტომბერს , 12:00 საათზე გაიმართება. წაინასწარ უცნობია რა თემებზე მოხდება მსჯელობა, თუმცა „რეზონანსთან“ თეოლოგიები იმ მოლოდინზე საუბრობენ, რომელიც  არსებობს. თეოლოგების აზრით, რა თქმა უნდა, მსჯელობა მეუფე იაკობის სკანდალურ განცხადებაზე იქნება და დიდი ალბათობით, მას მხოლოდ სიტყვიერ გაფრთხილებას მისცემენ. საპატრიარქომ ვერც მისი გაკონტროლება და ვერც დაცვა ვეღარ შეძლო, ამიტომაც ეს სხდომა იქნება მისთვის ბოლო შანსი, რომ გაჩუმდეს და მეტი აღარაფერი თქვას. 

მათივე აზრით, შესაძლოა სინოდალური საბჭო შეიქმნას, რომელიც 10-მდე ეპისკოპოსისგან დაკომპლექტდება და მიმდინარე საკითხებზე მუშაობა დაევალება. თეოლოგები დიდად არ მოელიან, რომ მსჯელობა დეკანოზ მამალაძეზე გამართოს. სინოდის სხდომაზე ისინი კატეგორიულად გამორიცხავენ, რომ პატრიარქი ილია მეორე გადადგეს. თუმცა აქვე დასძენენ, რომ შექმნილ სიტუაციაში ეს ყველაზე კარგი გამოსავალი იქნებოდა. არც იმის ალბათობა არსებობს, რომ პატრიარქმა მეუფე იაკობის სიტყვები ან უარყოს ან კიდევ დაადასტუროს. 

სინოდის სხდომის შესახებ საპატრიარქოს წარმომადგენელმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა ჟურნალისტებს 29 ოქტომბერს აცნობა.  მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება პატრიარქმა  მიიღო. ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ ბოტკოველმა განაცხადა, რომ სინოდის სხდომას  ბოდბელი მთავარეპისკოპოსი მეუფე იაკობიც დაესწრება. 

მან ასევე უარყო ინფორმაცია ილია მეორის მიერ პატრიარქის პოსტის მოსალოდნელი დატოვების შესახებ.

„რამდენჯერმე მოვისმინეთ მედიასაშუალებებით ინფორმაცია, რომ პატრიარქი განარიდეს ქალაქს, ის აპირებდა განცხადების გაკეთებას გადადგომასთან დაკავშირებით და ა.შ. ეს ყველაფერი არის მტკნარი სიცრუე”, – განაცხადა ბოტკოველმა.

მისი თქმით, პატრიარქი ხშირად ტოვებს დედაქალაქს და რამდენიმე დღეს ქალაქგარეთ რეზიდენციაში ატარებს.

რაც შეეხება მეუფე იაკობს, ქორეპისკოპოსობიდან გადადგომის შემდეგ,  ის სინოდის წევრად დარჩება. ამავე დროს, ის გაუძღვება თავის ეპარქიას ბოდბეში.

ქორეპისკოპოსობის დატოვების შემდეგ, იაკობს შეეძლო დარჩენილიყო საფინანსო-ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარედ, თუმცა როგორც ჩანს საპატრიარქომ მისი „განეიტრალებისთვის“  მაქსიმალური ძალისხმევა  გამოიჩინა და ამით ეცადა საპატრიარქოს ადმინისტრაციისათვის აეცილებინა საზოგადოებიდან წამოსული ზეწოლა. მოკლედ, იაკობმა დატოვა როგორც სასულიერო თანამდებობა, ისე საპატრიარქოს მენეჯმენტიც. 

თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ სინოდის სხდომაზე სავარაუდოდ, მეუფე იაკობს მხოლოდ სიტყვიერ გაფრთხილებას მისცემენ. მისი აზრით, სინოდის სხდომის სასწრაფოდ  დანიშვნა იმაზე მიუთითებს, რომ მეუფე იაკობი გარკვეულწილად რაღაც სიმართლეს ამბობს. სხდომაზე მეუფეს თითს დაუქნევენ და გააფრთხილებენ. 

თეოლოგი ფიქრობს, რომ ეს სხდომა მხოლოდ იმისთვის  არის, რომ ზედაპირზე კიდევ ბევრი არაფერი ამოვიდეს და რაღაცეების მიჩქმალვა მოხდეს. მისივე თქმით, ყველა მართლმადიდებელი  ეკლესიის სინოდის სხდომის პროტოკოლი ქვეყნდება, სადაც მოცემულია, რა საკითხებზე უნდა იმსჯელონ. ჩვენთან კი თავად მღვდელმთავრებმაც არ იციან განსახილველი თემები რა შეიძლება იყოს. 

„რა თქმა უნდა,  გამორიცხულია, რომ ამ სხდომაზე პატრიაქრი გადადგეს. ეს თავად საპატრიარქომაც უარყო. სინოდის სხდომის ასეთი სასწრაფოდ დანიშვნა პირდაპირ იმაზე მიუთითებს, რომ საპატრიარქოს რაღაცის დამალვა სურს. ფაქტია, რომ მეუფე იაკობი რაღაცას მართალს  ამბობს. უფრო მეტის გამოაშკარავების ეშინიათ და ალბათ სხდომაზე მეუფე იაკობს თითს დაუქნევენ და ეტყვიან მეტად ხმა აღარ ამოიღოს. 

„არსებობს რეალურად იმის შანსი, რომ მეუფემ ახლა, როდესაც თანამდებობა აღარ აქვს და ხელს არაფერი უშლის, მეტი ილაპარაკოს. ველი, რომ უფრო სკანდალურ თემებზე ალაპარაკდება.  როგორც ჩანს საპატრიარქოსაც ეს მოლოდინი აქვს და  სხდომაც ამას ემსახურება. ციანიდის საქმე ისევ ღია დარჩება და არც პატრიარქი არ იტყვის რეალურად მეუფემ ის ჩააყენა თუ არა საქმის კურსში და ამ შეხვედრის შესახებ რა იცის. ყველაფერი ისევ ისე გაგრძელდება, როგორც იყო. რაიმე განსაკუთრებულის მოლოდინი არ მაქვს“, - აცახდებს „რეზონანსთან“ ტიგინაშვილი. 

თეოლოგი ლადო ნარსია კი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ პატრიარქი მეუფე იაკობის განცხადებების შემდეგ უბრალოდ იძულებული გახდა, რომ სინოდის სხდომა დაენიშნა. მეუფეს განცახდება იმდენად შოკის მომგვრელი აღმოჩნდა, რომ მის ქმედებას გარკვეული ნაბიჯი უნდა მოჰყოლოდა. ამბობს, რომ მეუფეს თანამდებობებიდან გადადგომა მოჩვენებითი დასჯაა იყო.  

„მეუფე იაკობის განცხადებაზე საზოგადოების რეაქცია იმდენად მაღალი იყო, რომ პატრიარქი იძულებული გახდა სინოდის სხდომა დაენიშნა. მაქვს მოლოდინი, რომ ხვალ მეუფე იაკობს გაფრთხილებას მისცემენ, რადგანაც საზოგადოებას აჩვენონ, რომ ნაწილობრივ მაინც ადეკვატურები არიან.  მიმაჩნია, რომ ხვალ პატრიარქი მუდმივ მოქმედ სინოდალურ კომისიას, საბჭოს შექმნის, სადაც 10- მდე ეპისკოპოსი შევა. მათ მიმდინარე პროცესებზე რეაგირება დაევალებათ. მიმაჩნია ეს საკმაოდ ადეკვატური გადაწყვეტილება იქნება. 

„რაც შეეხება იმას რომ პატრიარქი მეუფეს განცხადებას ან დაადასტურებს ან უარყოფს, ამის მოლოდინი არავის აქვს. ხომ ვადევნებთ თვალს საპატრიარქოს და უწმინდესის რეაგირება როგორია. საპატრიარქო უკვე წლებია ვუყურებთ, რომ პრობლემებზე ადეკვაატურად არ რეგირებს, ამიტომაც ახლა არავის აქვს იმის  ილუზია, რომ პატრიარქი გამოვა და რამეს იტყვის. ალბათ სინოდზე ის უფრო ჩუმად იქნება და მღვდელმთავრების მსჯელობას მოისმენს. შესაძლოა თავისი პოზიცია არც კი დააფიქსიროს“, - აცახდებს ლადო ნარსია „რეზონანსთან“. 

მისივე თქმით, ჩვენი დიდი პრობელმა სწორედ ის არის,  საზოგადოება ვერ გრძნობს, რომ საპატრიარქო მასთან ვალდებულია, ახსნა–განმარტებები გააკეთოს. ნარსია ამბობს, რომ თავად ეკლესიაც  საზოგადოების წინაშე თავს ვალდებულად არ თვლის. სწორედ ამ რიტორიკამ კი წელბია ეკელსია მძიმე მდგომარეობამდე მიიყვანა. 

„რა თქმა უნდა, არავის აქვს მოლდინი, რომ სინოდის სხდომაზე პატრიარქი გადადგება. მას ადრე ნათქვამი აქვს, რომ საკმაოდ ჯიუტი ხასიათი აქვს. მას თუ გადადგომა სურდა, ამას დიდი ხანია იზამდა. 

„რაც შეეხება დეკანოზ გიორგი მამალაძის და ციანიდის საკითხის განხილვას, ეჭვი მეპარება, რომ საერთოდ ამაზე საუბარი იყოს. გახსოვთ ალბათ, შემთხვევიდან რამდენიმე ხანში გამართულ სინოდის სხდომაზე მეუფე პეტრემ ეს საკითხი განსახილველად დააყენა, მაგრამ პატრიარქი  მაშინვე ფეხზე წამოდგა და თქვა, რომ სხდომას დაახურულად აცხადებდა და გავიდა.

„42 წელია პატრიარქი რასაც ამბობს ყველა ეპისკოპოსისთვის  უპირობო და იძულებითი ნებაა, რომელიც უნდა შეასრულონ. რა რეალობაც გვაქვს, იქნება ასე, მეუფე იაკობი სიტყვიერ გაფრილებას მიიღებს, საბჭო შეიქმნება, ასევე ველი და კარგი იქნება, რომ ჯაღმაიძეს შენიშვნას მისცემენ, რაც მეუფე პეტრესთან იკადრა და მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. გაფრთხილება ასევე ერთ-ერთი მამაოს მიმართ, რომელმაც ანიტა რაჭველიშვილი დაწყევლა  და აუცილებლად სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა მოიძებნოს. პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ, რომელიც სტუდენტების და მრევლის მიმართ  ფიზიკურ  შეხებაშიც კი არის დადანაშაულებული, პასუხი უნდა მოეთხოვოს. აი ეს არსი ის ადეკვატური რეაქცია, რომელიც პატრიარქის მიმდინარე მოვლენებზე უნდა ჰქონდეს, ვნახოთ,  გამოჩნდება“, - აცახდებს ლადო ნარსია „რეზონანსთან“.             

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×