დამოუკიდებელი დეპუტატის ლევან გოგიჩაიშვილის მოთხოვნაზე საუბრისას, რომელიც ამბროლაურის მერის დავით მხეიძის იმპიჩმენტის დაყენებას გულისხმობს, უმრავლესობის დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ ამას კანონიერი საფუძველი უნდა ჰქონდეს.
„უნდა არსებობდეს კანონიერი საფუძველი, რომ დააყენო იმპიჩმენტის საკითხი. თუკი არსებობს მიზეზი, მაშინ, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, მაგრამ რამდენად გვქონდა კანონდარღვევასთან საქმე?" - კითხულობს ხუნდაძე.
რაც შეეხება აზარტულ თამაშებს, დეპუტატი რეგულაციების დაწესებისა და კანონის გამკაცრების ინიციატივას მიესალმება.
„აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია ერთმნიშვნელოვანია, უნდა იყოს ისეთი რეგულაციები, რომ არ მოხდეს მისი პოპულარიზაცია და რეკლამირება. მე ვარ იმ დეპუტატთა შორის, რომელიც მხარს დაუჭერს რეგულაციებს გამკაცრებას," - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, „აზარტული თამაშების საწინააღმდეგო კამპანიის სიმბოლო ამბროლაურის მერია, რომელმაც ერთ-ერთი კამპანიის გათამაშებაში ძვირადღირებული ავტომობილი მოიგო."
მისი თქმით, ქალაქის მერი არ უნდა იყოს მაგალითი ახალგაზრდებისთვის, რომელიც „პორშეს" პირდაპირ ეთერში იგებს.
„წარმოუდგენელია, რომ მერი იგებს „პორშეს" და უხარია. ან ხელისუფლება იზიარებს იმ ოჯახების პრობლემებს, ხშირ შემთხვევაში ტრაგედიებს, არის თანაზიარი და იღებს იმგვარ გადაწყვეტილებას, რომ ეს პრობლემა დროთა განმავლობაში მოგვარდეს, ან ხდება ამბროლაურის მერის სიხარულის თანაზიარი და ტოვებს იმ სტატუს-კვოს, რაც არის კანონმდებლობაში.
„მე, მაგალითად, ამ ადამიანის იმპიჩმენტს დავაყენებდი, რადგან ქალაქის მერი არ უნდა იყოს მაგალითი ახალგაზრდებისთვის, რომელიც იგებს „პორშეს" პირდაპირ ეთერში. ეს არის სირცხვილი. შეიძლება იყოს კანონიერი, მაგრამ ეს დიდი უზნეობაა. არ არის მორალური სტანდარტი, რომელსაც საჯარო მოხელეები უნდა ამკვიდრებდნენ. არ უნდა თამაშობდნენ საჯარო მოხელეები," - აღნიშნა გოგიჩაიშვილმა.
ამბროლაურის მერი კი „ონ.ჯისთან" საუბრისას ამბობს, რომ ტოტალიზატორში ხშირი თამაში დამოკიდებულებას იწვევს. მისი აზრით, ამის პოპულარიზაცია არ უნდა მოხდეს და ხალხმა ფული არ უნდა ფლანგოს.
კითხვაზე, როცა მერი ტოტალიზატორში იგებს მანქანას, ეს ხელს შეუწყობს თუ არა მოქალაქეების თამაშდამოკიდებას, მხეიძე პასუხობს:
„ვინც არ უნდა მოიგოს, ყველას უჩნდება ინტერესი, მერი იქნება თუ არა, არ აქვს მნიშვნელობა... (ის, რომ მერი ვარ და მე მოვიგე) ეს ფაქტორი შეიძლება ცუდი გავლენის მომხდენი გახდეს საზოგადოებაზე".
ამბროლაურის მერი ამბობს, რომ ტოტალიზატორში იშვიათად თამაშობს, სამსახურში ვებგვერდები დაბლოკილია და ანგარიში, რომლითაც პორშე მოიგო, მისმა სრულწლოვანმა დისშვილებმა გახსნეს. ის ირწმუნება, რომ 48 ბილეთიდან მან მხოლოდ ორი დადო, დანარჩენი - დისშვილებმა.
„გავუყოფ ყველას, მარტო ჩემთვის ღმერთმა ნუ მომახმაროს", - ამბობს მერი, რომელიც დასძენს, რომ სამუშაოს მოცულობიდან გამომდინარე იშვიათად თამაშობს.
მერის თქმით, თუ მისი მოადგილე მოიგებდა მასაც გაუჩნდებოდა კითხვა, სამუშაო საათების განმავლობაში ხო არ თამაშობს ტოტალიზატორებში.
"[ეს კითხვა ჩემ მიმართაც ლეგიტიმურია], რა თქმა უნდა", - ამბობს ის.