ელზა პაპოშვილი
30.10.2019

რა გახდა ვარკეთილში 69 წლის ტაქსისტის მკვლელობის მიზეზი. 23 წლის ბრალდებულმა გიორგი ნიჟარაძემ სასამართლოზე განაცხადა, რომ ის, რაც ტაქსის მძღოლმა მას აკადრა, სჯობდა მოეკლა. ახალგაზრდამ სასამართლოზე ფაქტობრივად დანაშაული აღიარა, თუმცა კონკრეტულად რაზე მოხდა შელაპარაკება და რა უთხრა მძღოლმა ასეთი, არ ასახელებს. 

„იმ მომენტში რაც მჭირდა, ვერავინ მიხვდებით, დედამიწის ზურგზე ვერავინ მიხვდება. იმ შეურაცხყოფას, რაც მომაყენა, სჯობდა მოვეკალი და სიტყვა არ ეთქვა“, - ასე მიმართა სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა მოსამართლეს. 

საქალაქო სასამართლომ გიორგი ნიჟარაძის ადვოკატის შუამდგომლობა გირაოს თაობაზე არ დააკმაყოფილა და ის წინასწარ პატიმრობაში დატოვა. 

რა მოხდა რეალურად არც თვითმხილველებმა და არც  გარდაცვლილის ახლობლებმა იციან. ვარკეთილში თბილისში ტაქსის მძღოლი 27 ოქტომბერს დაჭრეს, ის მრვალობითი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მალევე გარდაიცვალა. მედიკოსები ამტკიცებენ, რომ მისი ჭრილობები საკმაოდ ღრმა და სიცოცხლისთვის  შეუთავსებელი იყო. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და შვიდიდან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. უწყებამ ბრალდებული ცხელ კვალზევე დააკავა. ის სავარუდოდ, კორპუსის სარდაფში იმალებოდა. 

 სასამართლოზე ბრალდებულმა მომხდარის გამო საკუთარ ოჯახებსაც მოუბოდიშა. "ბოდიში მინდა მოვუხადო ვინც აქ მხედავს და ჩემ ცრემლს ხედავს", - განაცხადა ნიჟარაძემ. 

ადგილობრივები კი „რეზონანსთან“ ყვებიან, რომ თბილისში ტაქსის მძღოლის მკვლელობის მიზეზი ურთიერთ შელაპარაკება გახდა. მათი თქმით, მგზავრმა მძღოლს ფული არ გადაუხადა, რაც ჩხუბის მიზეზი გახდა. 

წინასწარი ვერსიით, გიორგი ნიჟარაძემ დაკავებამდე დაახლოებით 2 საათით ადრე, 56 წლის ტაქსის მძღოლს, ვახტანგ კაჭარავას ჭრილობები დანით მიაყენა. დაჭრილი ადგილზე, ვარკეთილის მესამე 1 მიკრორაიონის 343-ე კორპუსის ეზოში მიატოვა და ამავე კორპუსში, მეზობლების მონაყოლის მიხედვით, მეგობრის სახლის სარდაფში დაიმალა.

ღამის საათებში მომხდარ დანაშაულს არაერთი თვითმხილველი ჰყავდა. ადგილობრივები, როგორც მკვლელობის ფაქტს, ასევე ბრალდებულის დაკავებაზე გვიყვებიან. 

„ჩხუბის და დაპირისპირების ხმა ისმოდა, როგორც  მეზობლის ბიჭები ყვებიან. მაღაზიაშიც გაუგონიათ, რომ ვიღაცეები დაობდნენ. ასე საღამოს 7 საათი იქნებოდა. როცა ტაქსის მძღოლი ნახეს, უკვე 2 საათი ყოფილა გასული. საწყალი კაცი ალბათ სისხლად დაიცალა. გონზე იყოვო, ამბობენ და უთქვამს, მგზავრმა დამჭრაო. ფულზე მომხდარა დავა. არ უხდიდაო თუ ცოტა მისცა რაც ეკუთვნოდა და ამაზე ჩხუბი მოსვლიათ. 

ამას დაჭრილი მიუტოვებია და აქვე კორპუსში მისი მეგობარი ცხოვრობს და იქ იმალებოდა. როგორც ჩანს, კორპუსის სარდაფში იყო დამალული. პოლიცია ჩაუსაფრდა და საღამოს გამოსვლისას დაიჭირეს. ჩვენ არ დაგვინახავს, ალბათ ეჭვი გაუჩნდათ, რომ აქ იმალებოდა. ასეთი რა უნდა ეთქვა, რომ სასიკვდილოდ გაიმეტა.  დაჩეხა კაცი, პატარა 23 წლსი ბიჭმა, ასეთი სისასტიკე გაუგონარია“, - აცხადებს ადგილობრივი „რეზონანსთან“. 

ადგილობრივები ამბობენ, რომ მამაკაცი მახლობლად მდებარე საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მსხვერპლი მკვლელობის ადგილიდან ორიოდე კილომეტრში, ვაზისუბნის დასახლებაში ცხოვრობდა. 

გარდაცვლილის ახლობლები ადასტურებენ, რომ ბრალდებულსა და გარდაცვლილს შორის დაპირიპირების მიზეზი თანხის გადაუხდელობა იყო. ამასთან, მათი ინფორმაციით, თანხის ოდენობა დიდი არ უნდა ყოფილიყო, რადგან კაჭარავამ მგზავრი ვარკეთილში სწორედ ვაზისუბნის დასახლებიდან წაიყვანა.

ვარკეთილში მომხდარი დანაშაულის გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. ცხელ კვალზე დაკავებულ გიორგი ნიჟარაძეს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.            

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×