
ვარკეთილში, ტაქსის მძღოლის - 65 წლის მიხეილ კაჭარავას მკვლელობაში ბრალდებულ 23 წლის გიორგი ნიჟარაძეს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ბრალდებულის ადვოკატმა თავდაპირველად ნიჟარაძის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების შუამდგომლობა, შემდეგ კი, მისი 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება მოითხოვა.
ამასთან, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ადვოკატმა განაცხადა, რომ გიორგი ნიჟარაძეს ტყუპისცალი ძმის გარდაცვალების შემდეგ ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს.
გიორგი ნიჟარაძის ადვოკატის ავთანდილ ტყებუჩავას განცხადებით, ბრალდებული ტაქსის მძღოლს შეუთანხმდა, რომ გზავრობის საფასურსს, 15 ლარს გადაუხდიდა. ადგილზე მისვლის შემდეგ, გიორგი ნიჟარაძე ნათესავთან ავიდა ფულის გამოსართმევად, ტაქსის მძღოლს კი საბუთები დაუტოვა. ადვოკატის თქმითვე, ნიჟარაძეს ნათესავმა 10 ლარი მისცა, რის გამოც ტაქსის მძღოლსა და ბრალდებულს შორის კონფლიქტი მოხდა. ადვოკატი აცხადებს, რომ ტაქსის მძღოლმა ბრალდებულს დედა, შემდეგ კი გარდაცვლილი ტყუპისცალი შეაგინა, რის შემდეგაც ტყებუჩავას განცხადებით, მან თავდაცვის მიზნით დანა ამოიღო.