ჭყონდიდელი მიტროპოლიტი მეუფე პეტრე (ცაავა) მღვდელმთავრობიდან გადააყენეს, რისი მიზეზიც, მისი თქმით, ის გარემოება გახდა, რომ პატრიარქი ამხილა. მეუფე პეტრემ წმინდა სინოდის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა, რომელიც ჯერ არ დასრულებულა.
„წმინდა სინოდმა მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება, პირადად პატრიარქმა, სინოდის თავმჯდომარემ. მიმაჩნია, რომ უსამართლოდ განმაყენა მღვდელმთავრობიდან. ვფიქრობ, მიზეზი არის საქართველოს ეკლესიაში პიდარასტის მხილება. ერს ჰყავს პიდარასტის, მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი თავმჯდომარე სინოდის," - განაცხადა მან.
მისივე ცნობით, წმინდა სინოდი დეკანოზ გიორგი მამალაძეს გათავისუფლების შესახებ პრეზიდენტთან უშუამდგომლებს.
„პირველი, რაც ყველაზე მნიშნელოვანია, დეკანოზ გიორგი მამალაძის შუამდგომლობა, ერთსულოვნად გადაწყვიტა წმინდა სინოდმა, რომ უშუამდგომლოს მას პრეზიდენტთან გასათავისუფლებლად," - აღნიშნა მეუფე პეტრემ.
სინოდის სხდომის ჩანიშვნას წინ უძღოდა მეუფე იაკობის განცხადება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსობიდან გადადგომის შესახებ. როგორც მან 28 ოქტომბერს ჟურნალისტებს განუცხადა, სპეციალურად მივიდა საპატრიარქოში იმისათვის, რომ პატრიარქისთვის თავისი გადაწყვეტილების შესახებ ეცნობებინა.
მეუფე იაკობმა 26 ოქტომბერს საკმაოდ სკანდალური განცხადება გააკეთა, რომელმაც დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია; მისი თქმით, გიორგი გახარია, ვახტანგ გომელაური და გიორგი კვირიკაშვილი მას უწმინდესის გადაყენებაზე „ეჩალიჩებოდნენ".