იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს ქალაქებში ჰაერი ძალზედ დაბინძურებულია, შესაძლოა საზოგადოების ფართო წრეს ჯერ ბოლომდე გაცნობიერებული არ ჰქონდეს, თუ ადამიანის ჯანმრთელობისთვის რამდენად მნშვნელოვანია სუფთა ჰაერი, საქართველო ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობით 70-ე ადგილზეა, რაც მსოფლიო ქვეყნების ფონზე საკმაოდ საგანგაშო სტატისტიკაა.
ორგანული საწვავი და სხვა ნივთერებების წვის შედეგად წარმოქმნილი მავნე ნაერთები ატმოსფეროს მთავარი დამაბინძურებლებია.
21-ე საუკუნეში, ჰაერის დაბინძურება თითქმის ყველა განვითარებულ ქვეყანას შეეხო, ამ პრობლემით გამოწვეული დაავადებებით, ყველაზე ნაკლები ადამიანი ფინეთში იღუპება, აქედან გამომდინარე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, მსოფლიოში ჰაერის საუკეთესო ხარისხი ამ ქვეყანაში დაფიქსირდა,ფინეთის გარდა, ლიდერების სიაში ესტონეთი, შვედეთი, ნორვეგია და ისლანდია მოხვდნენ.
გარემოსდაცვითი საკითხების ექსპერტი, ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეები-დედამიწის მეგობრების" თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ ჰაერის დაბინძურებას არა მხოლოდ გაუმართავი ტრანსპორტის გამონაბოლქვი, არამედ შეუფუთავი მშენებლობები და სამრეწველო გამონაბოლქვი იწვევს.
„საწვავის ხარისხი, გაუმართავი ტრანსპორტი, შეუფუთავი მშენებლობები და მშენებლობის შედეგად წარმოქმნილი მტვერი, ეს ყველაფერი ხელს უწყობს ჰაერის დაბინძურებას.
„საქართველოს ქალაქებიდან ყველაზე მეტად დაბინძურებული ჰაერი თბილისშია, იმიტომ, რომ ამ ქალაქზე ყველაზე მეტი დატვირთვა მოდის. არანაკლები სამრეწველო ტიპის დაბინძურებები არსებობს, მაგალითად, რუსთავში ერთ-ერთ საწარმოში სერიოზული დაბინძურებაა, საწარმოს აშკარად გამართული სისტემა არ აქვს, რასაც მოსახლეობა აფიქსირებს ამას. არანაკლები პრობლემატურია ისევ და ისევ ზესტაფონი.
„ავტომობილების გამონაბოლქვის თვალსაზრისით, საწვავის ხარისხის კუთხით გადახედვა მიმდინარეობს, რაც შეეხება მშენებლობებს, ჯერჯერობით შემოღებულია რეგულაციები, რომ ყველა შენობა შეფუთული უნდა იყოს, მაგრამ თქვენ ხედავთ შეფუთულ შენობებს? ეს პრობლემაა, წესები არსებობს, უბრალოდ მნიშვნელოვანია რომ ეს გაკონტროლდეს.
„რაც შეეხება გზების რეაბილიტაციას, ეს მიმდინარეობს და ცხადია, რომ მტვერი არის, გზებიდან მტვერი, რომ არ იყოს აუცილებლობაა გზების მორწყვა. „-აცხადებს იგი.
ჩხობაძისვე თქმით, ჰაერის დაბინძურება ადამიანის ჯანმრთელობაზე საკმაოდ ცუდ გავლენას ახდენს.
„ჰაერის დაბინძურება, განსაკუთრებით სასუნთქი სისტემების პრობლემებს იწვევს და ქმნის ალერგიულ ფონს.
„ვთვლი, რომ ჰაერის დაბინძურების პრობლემას, როგორც საგანგაშოს, ჩვენი მთავრობა საკმაოდ კარგად აღიქვამს, თუმცა, ჩვენ კომპლექსურ მიდგომებს ვერ ვხედავთ, რომელიც ძალიან გვჭირდება, მაგალითად ქალაქებში ჰაერის დაბინძურების შემცირების ერთ-ერთი ასპექტი მუნიციპალური ტრანსპორტის შემოღებაა.
"ვერაფერს ვერ ვიტყვით თბილისის მერიაზე იმიტომ, რომ ცდილობს გაზარდოს მუნიციპალური ტრანსპორტის მოცულობა, მნივნელოვანია, რომ ეს სწრაფი ნაბიჯებით ხორციელდებოდეს, ამას სერიოზული ფინანსები სჭირდება, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ გეგმა ძალიან მკაფიოდ იყოს დასახული.
„საერთოდ ვთვლი, რომ დაბინძურებასთან დაკავშირებით სახელმწიფო პროგრამა უნდა არსებობდეს,რომელიც ეტაპობრივად ამ პრობლემის მოგვარებას მოახდენს.
„საქართველოს მთავრობას ჰაერის დაბინძურებასთან მიმართებაში ბევრი ვალდებულება აქვს, მათ შორის ასოცირების შთანხმებიდან გამომდინარე,მაგრამ ეს ცოტა დროშია გაწელილი, თუმცა ამის გარდა არსებობს არაერთი დასკვნა-შეფასება, რომელსაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია აკეთებს."-განაცხადა ჩხობაძემ.
ექიმი ინფექციონისტი მაია ბუწაშივილი „რეზონანსთან" ამბობს, რომ ჰაერის დაბინძურება, შესაძლოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში დაავადების მიზეზიც კი აღმოჩნდეს.
„ჰაერის დაბინძურება პირველ რიგში სასუნთქი გზების დაავადებებს იწვევს, შესაძლოა, ასევე ფილტვის სიმსივნის და ბევრი სიმსივნური დაავადების რისკ- ფაქტორი აღმოჩნდეს, შეუძლია მნიშვნელოვნად დააზიანოს გულ-სისხლძარღვთა სისტემა, ასევე თირკმელები, ზოგადად ძნელია წარმოვიდგინოთ ორგანოთა სისტემა, რომელზეც ჰაერის დაბინძურება არ ახდენდეს რაიმე გავლენას მაინც.
„სამწუხაროდ, იმის გამიჯვნა, თუ ჰაერი დაბინძურება ზუსტად რომელ დაავადებებს იწვევს, ეს ძალიან ძნელია, მაგრამ რეალურად ფაქტი სახეზეა და ჩვენი თვალითაც ვხედავთ, თუ რამდენად დგას გამონაბოლქვის პრობლემა და როგორი გაუმართავი ავტომობილები მოძრაობენ, ამიტომ სტატისტიკური ციფრებიც არაა აუცილებელი იმისთვის, რომ მივხვდეთ როგორი მძიმე ზემოქმედება აქვს ამაქს ჩვენს ჯანმრთელობაზე."-აცხადებს იგი.
მისივე თქმით, ჰაერის დაბინძურების მთავარი ფაქტორი გაუმართავი ავტომობილების გამონაბოლქვია, რაზედაც სახელმწიფომ უნდა იზრუნოს.
„ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი ავტომობილების გამართულობაა, სახემწიფომ უნდა იზრუნოს იმაზე, რომ ასეთი გამონაბოლქვის მქონე ავტომობილების რიცხვი რაც შეიძლება მეტად შემცირდეს და ბოლოს და ბოლოს ჩვენს ქალაქში აღარ იყოს ისეთი ავტომობილები, რომლებიც გარემოში მავნე ნივთიერებებს ასეთი რაოდენობით აფრქვევენ.
„გარდა ავტომობილებისა, საწარმოების მიერ გამონაბოლქვი და ნაწილობრივ თვითონ მოსახლეობის მიერ წარმოქმნილი მავნე ნივთიერებები, მაგალითად, მავნე პრაქტიკაა ნაგვის და ფოთლების დაწვისგან წარმოქნილი მავნე ნივთიერებები, ასევე გაუმართავი გათბობის სისტემები, აქედან გამომდინარე, ჩვენს მოსახლეობასაც ხშირად ვეუბნებით ხოლმე, რომ ეცადონ და გარემოს დაცვაში თავიანთი წვლილი შეიტანონ"- განაცხადა ბუწაშვილმა.