რა გახდა მეუფე პეტრეს განყენების მიზეზი და რატომ „შეუნდეს“ სინოდის წევრებმა მეუფე იაკობს
თამარ შუკვანი
31.10.2019

 საპატრიარქო და მის ირგვლივ განვითარებული მოვლენები უკვე რამდენიმე დღეა მთავარი განხილვის თემა გახდა. მიუხედავად იმ ერთგვარი სასჯელისა, რომელიც მეუფე პეტრე ცაავამ მღვდელმთავრობიდან მისი გადაყენებით მიიღო, „არ გაჩერდება, პატრიარქის და ეკლესიის წინააღმდეგ ინფორმაციულ ომს გააგრძელებს."

31 ოქტომბერს წმინდა სინოდის სხდომის დასრულებას საკმაოდ მოულოდნელი გაგრძელება მოჰყვა - მეუფე იაკობ იაკობაშვილის სკანდალური განცხადება სინოდის გადაწყვეტილებამ და მეუფე პეტრეს ასევე სკანდალურმა განცხადებამ ჩაანაცვლა.

მეუფე იაკობის განცხადებას სინოდის სხდომის გამართვა მოჰყვა, რომელიც ჭყონდიდელი მიტროპოლიტი, მეუფე პეტრეს მღვდელმთავრობიდან გადაყენებით დასრულდა, რისი მიზეზიც, მისი თქმით, პატრიარქის მხილება გახდა. რაც შეეხება მეუფე იაკობს, მან შენდობა ითხოვა და მიიღო გაფრთხილება, საბოლოოდ კი, ის ეპარქიის მმართველად რჩება. ჭყონდიდის ეპარქიაში მეუფე პეტრე ცაავას წალკელი ეპისკოპოსი გრიგოლი შეცვლის.

„ეკლესიიდან მთლიანად არ მოკვეთილა, თუმცა, განყენებულია მსახურებიდან, გათავისუფლებულია მღვდელმთავრის უშუალო მოვალეობისგან და ჭყონდიდის ეპარქიაში სხვა მღვდელმთავარი, მეუფე გრიგოლი დაინიშნა, რომელიც ამ დრომდე წალკის მიტროპოლიტი იყო," - განუცხადა ჟურნალისტებს ახალქალაქის და კუმუდოს მიტროპოლიტმა, მუფე ნიკოლოზმა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ.

წმინდა სინოდის სხდომა მეუფე პეტრემ პროტესტის ნიშნად დატოვა. სხდომის დასრულების შემდეგ, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა სტეფანემ განაცხადა, რომ მეუფე პეტრეს განყენების შემდეგ ის წამოხტა, პატრიარქთან მივარდა და ყვირილი დაიწყო.

„როდესაც გამოტანილი იყო განჩინება, მისი განყენების შესახებ წამოხტა მეუფე პეტრე მივარდა პატრიარქთან და რაღაც უაზრობების ყვირილი დაიწყო, რომ მივარდა პატრიარქთან ჩადგნენ ვიღაცეები, თვითონ კითხეთ რას ეძახდა," - თქვა მიტროპოლიტმა სტეფანემ.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ მეუფე პეტრემ პატრიარქს ამ ნაბიჯის გადადგმისკენ თავად უბიძგა.

„მეუფე პეტრეს მიმართ ასეთი გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო, თავისი საქმიანობით და განცხადებებით კონფრონტაციაზე მიდიოდა. პატრიარქს და საპატრიარქოს უბიძგებდა მის მიმართ გარკვეული ნაბიჯების გადადგმისკენ.

„თავად საზოგადოებისგანაც ერთგვარი მოლოდინი იყო იმისა, რომ ამ მღვდელმთავრის მიმართ, რომელიც პატრიარქს აშკარად უპირისპირდებოდა, გარკვეული ნაბიჯები გადადგმულიყო. ჩაითვალა, რომ სწორედ ახლა დადგა დრო ეს ნაბიჯები გადადგმულიყო იმ მოვლენების ფონზე, რაც ეკლესიაში ბოლო პერიოდში დატრიალდა," - აღნიშნა ანჯაფარიძემ.

სასულიერო პირების მხრიდან ამ გადაწყვეტილებას არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა; ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლ ბერბიჭაშვილი, რომელიც ხდომას არ ესწრებოდა, მიიჩნევს, რომ მღვდელმთავრის განყენებას მეტი ინფორმაცია და მოსამზადებელი სამუშაო სჭირდება. ის იმედოვნებს, რომ „კარგად დაფიქრდა, კარგად იფიქრა სინოდის ყველა წევრმა" და დარწმუნებულები არიან თავიანთი გადაწყვეტილების სისწორეში.

„კარგი იქნებოდა, წინდაწინ გვემსჯელა, რომ ნებსით თუ უნებლიეთ, მტრის წისქვილზე არ დავასხათ წყალი," - ამბობს ის.

კითხვაზე, თავად რომ ყოფილიყო სინოდის სხდომაზე, მისცემდა თუ არა ხმას მეუფე პეტრეს წინააღმდეგ, პასუხობს, რომ თავად არავის წინააღმდეგ მისცემდა ხმას.

ჭყონდიდის ეპარქიაში მოღვაწე, მარტვილის წმინდა ნინოს მონასტრის იღუმენია თამარ გამყრელიძე სოციალურ ქსელში წერს: „მეუფე პეტრეს ბრძოლა საპატრიარქოში მამათმავლობის წინააღმდეგ დამთავრდა მეუფე პეტრეს დასჯით და საღად მოაზროვნე ადამიანებმა უნდა გამოიტანოთ დასკვნები, ძნელია ამხილო სოდომის ცოდვაში პატრიარქი. წლებია მეუფე შიგნით ეკლესიაში ცდილობდა ამ პრობლემების მოგვარებას, რაც სამწუხაროდ ამ შედეგით დამთავრდა...

„ეხლა მაინც ხომ გასაგებია, რატომ ხდება ცოდვის წახალისება ეკლესიაში და დაუსჯელობა!" - წერს ის.

რაც შეეხება მეუფე იაკობს, როგორც ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა საბა ინწკირველმა ჟურნალისტებს განუცხადა, ის ეპარქია რჩება:

„მეუფე იაკობმა ითხოვა შენდობა წმიდა სინოდის წინაშე და მიეცა გარკვეული გაფრთხილება, რომელსაც სინოდის ოქმში ნახავთ. მეუფე იაკობი რჩება ეპარქიის მმართველად," - თქვა მეუფე საბამ.

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა განაცხადა, რომ „მეუფე პეტრე ისე უხამსად მოიქცა წმინდა სინოდის სხდომაზე, ჩვენ იძულებული გავხდით, რომ ხელით გაგვეყვანა სხდომიდან." რაც შეეხება მეუფე იაკობს, „დღეს პატრიარქს ჩააბარა ძალიან სერიოზული აღსარება და ჩვენგანაც ითხოვა შენდობა თავისი საქციელისათვის."

მისივე შეფასებით, მეუფე იაკობის ბრალდებები ხელისუფლების ყოფილ და მოქმედ წარმომადგენლებთან დაკავშირებით უსამოვნო და არაკორექტული იყო.

ზაალ ანჯაფარიძის აზრით, წმინდა სინოდმა მიზანშეწონილად არ მიიჩნია ერთდროულად ორი მღვდელმთავარის ასე მკაცრად დასჯა; „საერთოდ, ეკლესია თავისი არსით ჰუმანისტური ორგანიზაციაა და თავად პატრიარქი, უკიდურეს შემთხვევებში იღებს-ხოლმე ასეთ დამსჯელ გადაწყვეტილებებს. როგორც ჩანს, მეუფე იაკობს გარკვეული შანსი მიეცა, ეკლესიის წიაღში თავისი მოღვაწეობით ეს ყველაფერი გამოისყიდოს, თუმცა, ბოლომდე ყველაფერი ცნობილი არაა თუ რა დგას ამ განცხადების უკან. ის უბრალოდ ვალდებულია, შესაბამისი სამხილები წარმოადგინოს, რადგან ძალიან მძიმე ბრალდება გააჟღერა.

„როგორც ჩანს, სინოდმა გადაწყვიტა, რომ ერთდროულად ორი მღვდელმთავარის, ასე მკაცრად დასჯა მიზანშეწონილი არ იქნებოდა და გადაწყვიტა, მეუფე იაკობის მიმართ გარკვეული შემწყნარებლური მოპყრობა გამოეჩინა.

„ეს არის დიდი კამპანიის ერთი ნაწილი; გარკვეული ძალები ცდილობენ, გავლენა მოიპოვონ და ამ გავლენის მოპოვების ერთ-ერთი ინსტრუმენტი სწორედ ეკლესიის წიაღში არეულობის და უთანხმოების დათესვაა, მიზანმიმართული დისკრედიტაცია, საინფორმაციო შეტევები და თავად მრევლში ეკლესიის მიმართ გულგატეხილობის და უარყოფითი განწყობების დათესვა," - განაცხადა ანალიტიკოსმა.

მეუფე პეტრემ სხდომის დატოვების შემდეგ განაცხადა, რომ წმინდა სინოდი დეკანოზ გიორგი მამალაძეს გათავისუფლების შესახებ პრეზიდენტთან უშუამდგომლებს.

ზაალ ანაჯაფარიძე აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები ჩნდება, საპატრიარქომ რატომ არ მიმართა აქამდე შუამდგომლობით პრეზიდენტს და რატომ მოხდა ეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დეკანოზ გიორგი მამალაძის წერილის შესახებ გაჟღერდა ინფორმაცია, რომლის შინაარსი საზოგადოებისთვის და ეპისკოპოსების ნაწილისთვის უცნობია.

„ძალიან ნიშანდობლივი იყო სინოდის გადაწყვეტილება, როდესაც პრეზიდენტს გიორგი მამალაძის შეწყალების შუამდგომლობით მიმართა. რთულია თქმა ეს მართლაც დაკავშირებულია იმ წერილში მოყვანილ ფაქტებთან, თუ უბრალოდ ეს იყო ჰუმანური აქტი, მაგრამ, რატომ არ გააკეთა ეს საპატრიარქომ უფრო ადრე? - სინოდის გადაწყვეტილება პასუხგაუცემელ კითხვებს აჩენს," - აღნიშნა მან.

ანალიტიკოსის შეფასებით, მეუფე პეტრე „განკვეთის" მიუხედავად, არ გაჩერდება:

„ეს პიროვნება არასდროს ჰგავდა ჩვეულებრივ მღვდელმთავარს. მღვდელმთავარები, მეუფე პეტრე იქნება თუ სხვა, თავიანთ საქმიანობას უნდა აწარმოებდნენ ეკლესიის კედლებში და საერო და პოლიტიკურ საქმეებში ნაკლებად ერეოდნენ. ამ მხრივ მეუფე პეტრე ერთგვარი გამონაკლისი იყო.

„ის ცალსახად საკუთარ თავს პოზიციონერებდა, როგორც ერთ პოლიტიკურ ძალასთან აფილირებული პიროვნებას. ვფიქრობ, ის არ გაჩერდება და ამ ინფორმაციულ ომს პატრიარქის და ეკლესიის წინააღმდეგ გააგრძელებს," - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.

ცნობისათვის 31 ოქტომბერს მეუფე პეტრემ წმინდა სინოდის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა:

„წმინდა სინოდმა მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება, პირადად პატრიარქმა, სინოდის თავმჯდომარემ. მიმაჩნია, რომ უსამართლოდ განმაყენა მღვდელმთავრობიდან. ვფიქრობ, მიზეზი არის საქართველოს ეკლესიაში პიდარასტის მხილება. ერს ჰყავს პიდარასტის, მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი თავმჯდომარე სინოდის," - განაცხადა მეუფე პეტრემ.

სინოდის სხდომის ჩანიშვნას წინ უძღოდა მეუფე იაკობის განცხადება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსობიდან გადადგომის შესახებ. როგორც მან 28 ოქტომბერს ჟურნალისტებს განუცხადა, სპეციალურად მივიდა საპატრიარქოში იმისათვის, რომ პატრიარქისთვის თავისი გადაწყვეტილების შესახებ ეცნობებინა.

მეუფე იაკობმა 26 ოქტომბერს საკმაოდ სკანდალური განცხადება გააკეთა, რომელმაც დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია; მისი თქმით, გიორგი გახარია, ვახტანგ გომელაური და გიორგი კვირიკაშვილი მას უწმინდესის გადაყენებაზე „ეჩალიჩებოდნენ".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×