გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა, რომელიც 31 ოქტომბერს პატრიარქმა მღვდელმთავრობიდან გადააყენა, შესაძლოა საბერძნეთს დაქვემდებარებული ერთ-ერთი ეკლესიის პატრიარქად ვიხილოთ საქართველოს ტერიტორიაზე, ექს-მეუფესთან დაახლოებული თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი მოარულ ხმებს უწოდებს და ამბობს, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში არ დასმულა.
„ეს არის სრული სიცრუე, მავნებლური ცილისწამება, რომელსაც ბოტები და ტროლები ავრცელებენ. თეორიულად, ჰიპოტეტურადაც კი გამორიცხულია. მასთან პირადი ურთიერთობის შედეგად, შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ მსგავსი საკითხი არც დასმულა, ეს არის ცილისწამება და მოარული ჭორი, რომელსაც მავნებლურად ავრცელებენ მავანნი," - აღნიშნა მან.
განცხადება იმის შესახებ, რომ მეუფე პეტრე შესაძლოა ვიხილოთ საბერძნეთს დაქვემდებარებული ერთ-ერთი ეკლესიის პატრიარქად, „ქართული მარშის" ერთ-ერთმა ლიდერმა სანდრო ბრეგაძე „ტვ პირველის" ეთერში გააკეთა.
„არ მაქვს იმის ილუზია, რომ, რაც სინოდზე მოხდა, სპონტანური აღელვების ნიადაგზე გადადგმული ნაბიჯი იყო. მას ჰყავს ზურგის გამმაგრებლები. არ გაგიკვირდეთ, რომ უახლოეს ხანებში პეტრე ცაავა ვიხილოთ საბერძნეთს დაქვემდებარებული ერთ-ერთი ეკლესიის პატრიარქად საქართველოს ტერიტორიაზე ან, ვთქვათ, რომელიმე სხვა მიმდინარეობის ხელმძღვანელად. ამის ნიშნები უკვე ჩანს," - თქვა მან.
31 ოქტომბერს წმინდა სინოდის სხდომის დასრულებას საკმაოდ მოულოდნელი გაგრძელება მოჰყვა - მეუფე იაკობ იაკობაშვილის სკანდალური განცხადება სინოდის გადაწყვეტილებამ და მეუფე პეტრეს ასევე სკანდალურმა განცხადებამ ჩაანაცვლა.
მეუფე იაკობის განცხადებას სინოდის სხდომის გამართვა მოჰყვა, რომელიც ჭყონდიდელი მიტროპოლიტი, მეუფე პეტრეს მღვდელმთავრობიდან გადაყენებით დასრულდა, რისი მიზეზიც, მისი თქმით, „პატრიარქის მხილება" გახდა. რაც შეეხება მეუფე იაკობს, მან შენდობა ითხოვა და მიიღო გაფრთხილება, საბოლოოდ კი ის ეპარქიის მმართველად რჩება. ჭყონდიდის ეპარქიაში მეუფე პეტრე ცაავას წალკელი ეპისკოპოსი გრიგოლი შეცვლის.
თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი მეუფე პეტრეს სრულ მხარდაჭერას უცხადებს:
„ჩვენ, თეოლოგიები, ამ შემთხვევაში მეუფე პეტრეს ვუჭერთ მხარს არა რაიმე პირადი მიზნებით და სუბიექტური სიმპათიით, არამედ მნიშვნელოვანია საქართველოს ეკლესიაში სოდომიის ცოდვის აღმოფხვრა, კერძოდ იერარქიასა და სამღვდელო დასში.
„არ ვართ სხვადასხვა ორიენტაციის ადამიანების მიმართ აგრესიულად განწყობილი, ეს მათი პირადი ცხოვრებაა, მაგრამ საეკლესიო სივრცეში დაუშვებელია დომინაციაში არსებობდეს მამათმავლობის ცოდვა. ჩვენ ვითხოვთ საეკლესიო სასამართლოს ფუნქციონირებას და ყველა პრობლემის კონფინდენციალურ დონეზე მოგვარებას. თუკი რაღაც საკითხები გასაჯაროვდა, ეს იყო იძულებითი მოვლენა და არცერთ შემთხვევაში ეს არავის ინტერესებში არ შედიოდა. ბუნებრივია, ამან ყველა დაგვაზიანა," - თქვა მან.
დასმულ კითხვაზე შეესაბამება თუ არა მეუფე პეტრეს განცხადება სიმართლეს, დასძინა:
„დიახ, რა თქმა უნდა. ამის შესახებ საქმის კურსში ვიყავით თეოლოგებიც, წლების მანძილზე სხვადასხვა დროს ვცდილობდით, რომ ეს საკითხები მოგვარებულიყო, თუმცა სამწუხაროდ დადგა ისეთი მომენტი, რომ ემოციურ ნიადაგზე იძულებული გახდა ამის შესახებ განცხადება საჯაროდ გაეკეთებინა. შესაძლოა განცხადების ფორმა იმპულსური იყო, მაგრამ შინაარსი სამწუხაროდ სიმართლეს შეესაბამებოდა," - განაცხადა ტიგინაშვილმა.
ცნობისათვის 31 ოქტომბერს მეუფე პეტრემ წმინდა სინოდის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა: „წმინდა სინოდმა მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება, პირადად პატრიარქმა, სინოდის თავმჯდომარემ. მიმაჩნია, რომ უსამართლოდ განმაყენა მღვდელმთავრობიდან. ვფიქრობ, მიზეზი არის საქართველოს ეკლესიაში პიდარასტის მხილება. ერს ჰყავს პიდარასტის, მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი თავმჯდომარე სინოდის," - განაცხადა მეუფე პეტრემ.
სინოდის სხდომის ჩანიშვნას წინ უძღოდა მეუფე იაკობის განცხადება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსობიდან გადადგომის შესახებ. როგორც მან 28 ოქტომბერს ჟურნალისტებს განუცხადა, სპეციალურად მივიდა საპატრიარქოში იმისათვის, რომ პატრიარქისთვის თავისი გადაწყვეტილების შესახებ ეცნობებინა.
მეუფე იაკობმა 26 ოქტომბერს საკმაოდ სკანდალური განცხადება გააკეთა, რომელმაც დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია; მისი თქმით, გიორგი გახარია, ვახტანგ გომელაური და გიორგი კვირიკაშვილი მას უწმინდესის გადაყენებაზე „ეჩალიჩებოდნენ".