(რეზონანსი) ის, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ, გახლავთ მიზანმიმართული შეტევა სახელმწიფოსა და ეკლესიაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
პრემირ-მინისტრმა მთავრობის სხდომა გუშინ საპატრიარქოში განვითარებულ მოვლენებზე გამოხმაურებით დაიწყო.
გიორგი გახარიას თქმით, საქართველოს პატრიარქი არის სიმბოლო ეკლესიის და სიმბოლო სახელმწიფოებრიობის.
„ის, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ, გახლავთ მიზანმიმართული შეტევა სახელმწიფოსა და ეკლესიაზე. რა თქმა უნდა, გარკვეული ჯგუფები, რომელთაც არ სურთ ქვეყნის წყნარი, მშვიდობიანი განვითარება, ცდილობენ სხვადასხვა სახის პროვოკაციებით ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეს. ასეთი მცდელობა ჩვენ რამდენიმე ხნის წინ ვნახეთ, როდესაც რევოლუციურ სცენარს გვიგეგმავდნენ სახელმწიფოსა და მთავრობასთან მიმართებაში.
დღეს, როგორც ჩანს, გადაწყვიტეს დესტრუქციული ქმედებებით შეიტანონ გაურკვევლობა ეკლესიაში. რა თქმა უნდა, ეს დაუშვებელია. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ საქართველოს პატრიარქი არის სიმბოლო ეკლესიის და სიმბოლო სახელმწიფოებრიობის და არავის მივცემთ იმის უფლებას, რომ ვერც სახელმწიფოში და ვერც ეკლესიაში მსგავსი დესტრუქციული ქმედებებით რისკის ქვეშ დააყენონ ჩვენი ხვალიდნელი დღე და ჩვენი შვილების ხვალიდნელი დღე," - აღნიშნა პრემიერმა.
პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია დღეს საპატრიარქოში პატრიარქს შეხვდა. შეხვედრა დაახლოვებით 10 წუთი გაგრძელდა. გიორგი გახარიამ საპატრიარქო კომენტარის გარეშე დატოვა.
გუშინ წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა. სხდომის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ილია მეორემ ჭყონდიდის უკვე ყოფილ მიტროპოლიტს, პეტრე ცაავას მღვდელმსახურება შეუჩერა.