ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა შიომღვიმის მონასტერში განმწესდა. ამის შესახებ პატრიარქის შესაბამის ბრძანებში წერია, რომელიც საპატრიარქოს გვერდზე გამოქვეყნდა, თუმცა ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი შიომღვიმის მონასტერში წასვლაზე უარს აცხადებს.
„ამა წლის 31 ოქტომბრის წმინდა სინოდის განჩინებით, მიტროპოლიტი პეტრე (ცაავა) გათავისუფლდა ჭყონდიდის ეპარქიის მმართველობიდან და წმინდა სინოდის წევრობიდან და განმწესდა მონასტერში. მონასტრის ადგილად განესაზღვროს შიომღვიმე," - ნათქვამია პატრიარქის ბრძანებაში.
„შიომღვიმეში არ წავალ. მე თავად გადავწყვეტ სად წავალ. შეთანხმებულად მოხდება, თუ მოხდება. შიომღვიმის მონასტერში არ ვაპირებ წასვლას, ვითხოვე ერთ-ერთი მონასტერი, დაველოდები პასუხს და მივიღებ გადაწყვეტილებას. ჩემი არჩევანი და თხოვნა არის ინჩხურის წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის მონასტერი. მარტივად დავთმე გუშინაც ეს ყველაფერი, შეფასებაზე იგივე აზრზე ვრჩები, მაგრამ გადაბარებაზე პრობლემა რომ მქონოდა, გუშინაც წავიდოდი კომპრომისზე", - განაცხადა პეტრე ცაავამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
წალკელი მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი (კაცია) სინოდის სხვა წევრებთან ერთად მარტვილში ჩავიდა, სადაც ჭყონდიდის ყოფილ მიტროპოლიტ პეტრე ცაავას შეხვდა. მეუფე გრიგოლი ჭყონდიდის ეპარქიას პეტრე ცაავას ნაცვლად უხელმძღვანელებს. მას ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილ მღვდელმთავართან ერთად, მრევლი და სხვა სასულიერო პირები შეხვდნენ. ახალი ხელმძღვანელი წირვას კვირას ჩაატარებს.
„მშვიდობა, სიყვარული, მეგობრობა, პატიება", - ასე მიესალმა მიტროპოლიტი გრიგოლი მარტვილის მამათა მონასტრის რეზიდენციაში შეკრებილ მრევლს, სასულიერო პირებს და ასევე აღნიშნა: „ჩავეხუტები მეუფეს და მადლობას გადავუხდი."
სინოდის მიერ ეპარქიის მმართველობისგან გათავისუფლებულ მეუფე პეტრესთან შეხვედრამდე მეუფე გრიგოლმა თქვა, რომ ყველას გული სტკივა იმის გამო, რაც გუშინ მოხდა.
„გზაზე რომ მოვდიოდი, ყველა მეუბნებოდა, აი, აღელვებული არის მარტვილი. წალკაც აღელვებულია და მთელი საქართველო აღელვებულია," - უთხრა ჟურნალისტებს მეუფე გრიგოლმა.
ეპისკოპოსის თქმით, აუცილებელია, ყველა დამშვიდდეს: „მე ვარ ექიმი და თქვენ იცით, რომ ოპერაცია, გამოკვლევა არ ტარდება, ვერ ტარდება, როცა ყვირის ან ჩხუბობს ვიღაც. დავმშვიდდეთ. ვისაუბროთ წყნარად. პატრიარქმა გუშინ სინოდი იმით დაიწყო, რომ ვაპატიოთ ერთმანეთს. ჩვენ გვიყურებს მთელი საქართველო".
ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე, სურდა თუ არა ჭყონდიდის ეპარქიის ხელმძღვანელობა, მიტროპოლიტმა განმარტა, რომ ის სოხუმის ეპარქიისთვის ემზადებოდა.
„მთავარი შეკითხვა ის არის, რომ მესამე წელი მეუფე პეტრესთან იყო ასეთი საუბარი, რომ მივიდეს პატრიარქთან და შენდობა სთხოვოს. მესამე წელი ასე ვთქვათ, მეუფე პეტრესთან იყო ერთი გაფრთხილება, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე და უკვე," - განაცხადა მიტროპოლიტმა გრიგოლმა.
ჟურნალისტების კითხვაზე, შეიძლება იყვნენ თუ არა სასულიერო პირები, რომლებსაც ის დასჯის იმ მწვავე განცხადებების შემდეგ, რაც მათ გუშინ გააკეთეს, მიტროპოლიტმა გრიგოლმა განაცხადა, რომ არ დასჯის. მისი თქმით, სასულიერო პირები აღელვებულები არიან და ესმის, რომ განცხადებები შეიძლება ცხელ გულზე გაეკეთებინათ.
„აღელვებულები არიან, ცხელ გულზე შეიძლება თქვან. მე, რა თქმა უნდა, ექიმი ვარ და გავესაუბრები," - თქვა მიტროპოლიტმა გრიგოლმა.
31 ოქტომბერს წმინდა სინოდის სხდომის დასრულებას საკმაოდ მოულოდნელი გაგრძელება მოჰყვა - მეუფე იაკობ იაკობაშვილის სკანდალური განცხადება სინოდის გადაწყვეტილებამ და მეუფე პეტრეს ასევე სკანდალურმა განცხადებამ ჩაანაცვლა.
მეუფე იაკობის განცხადებას სინოდის სხდომის გამართვა მოჰყვა, რომელიც ჭყონდიდელი მიტროპოლიტი, მეუფე პეტრეს მღვდელმთავრობიდან გადაყენებით დასრულდა, რისი მიზეზიც, მისი თქმით, პატრიარქის მხილება გახდა. რაც შეეხება მეუფე იაკობს, მან შენდობა ითხოვა და მიიღო გაფრთხილება, საბოლოოდ კი, ის ეპარქიის მმართველად რჩება.
სინოდის სხდომის ჩანიშვნას წინ უძღოდა მეუფე იაკობის განცხადება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსობიდან გადადგომის შესახებ. როგორც მან 28 ოქტომბერს ჟურნალისტებს განუცხადა, სპეციალურად მივიდა საპატრიარქოში იმისათვის, რომ პატრიარქისთვის თავისი გადაწყვეტილების შესახებ ეცნობებინა.
მეუფე იაკობმა 26 ოქტომბერს საკმაოდ სკანდალური განცხადება გააკეთა, რომელმაც დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია; მისი თქმით, გიორგი გახარია, ვახტანგ გომელაური და გიორგი კვირიკაშვილი მას უწმინდესის გადაყენებაზე „ეჩალიჩებოდნენ".