„ეს არის გარკვეული პოლიტიკური ძალების ჩვეული მეთოდები, რომელთაც დედა ეკლესიის წინააღმდეგ იყენებენ. ამ პროცესებს 1923 წელს შევადარებდი; მაშინდელმა ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ რუსეთის ეგიდით, ტროცკის უშუალო ინიციატივით, ე.წ. რასკოლნიკების მიმდინარეობა შექმნა," - ასე აფასებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია საპატრიარქოს ირგვლივ არსებული მოვლენებს.
ვახტანგ მაისაია: სამი მღვდელმთავარი ბოლშევიკურმა ცეკამ გადაიბირა და ჰქონდათ მცდელობა მოეხდინათ არა მარტო რუსეთის, არამედ საქართველოს საპატრიარქოშიც ერთგვარი გახლეჩვის ტენდენციები. ეს მოდელი, რაც რუსეთის საპატრიარქოს გასახლეჩად იქნა გამოყენებული, საქართველოშიც გამოიყენეს.
ის ძალები, ტროცკის მიმდევრები დღესაც ცოცხლები არიან, რომლებსაც დღეს თავიანთი მასმედია და პოლიტიკური ორგანიზაციები გააჩნიათ. დღევანდელ პერიოდში „რასკოლნიკების" მოძრაობის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი უკვე ყოფილი მეუფე პეტრეა.
„რეზონანსი": გავრცელებულ ინფორმაციით, ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა, რომელიც 31 ოქტომბერს პატრიარქმა მღვდელმთავრობიდან გადააყენა, შესაძლოა საბერძნეთს დაქვემდებარებული ერთ-ერთი ეკლესიის პატრიარქად ვიხილოთ საქართველოს ტერიტორიაზე. რამდენად რეალურია მსგავსი რამ?
ვ.მ: დღეს ეს სავსებით რეალურია; თუ ეს პროცესი განვითარდება, მეუფე პეტრე ცაავა ბერძნული ეკლესიური მიმდინარეობის საფარქვეშ გადავა, სწორედ „რასკოლნიკური" მოძრაობის პოლიტტექნოლოგიის გამოყენება იქნება, რომელსაც ტროცკი მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ იყენებდა.
„რ": პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დღეს პატრიარქს შეხვდა...
ვ.მ: ამას აღვიქვამ ხელისუფლების მხარდაჭერად საპატრიარქოს მიმართ, რომელიც დღეს საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. ის ძალები, რომლებიც წარმოადგენენ ანტიმართლმადიდებლურს, სახელმწიფოებრივობასაც კი ებრძვიან.
შეიძლება პრობლემები არსებობდეს, სად არ არსებობს, მაგრამ ეს პრობლემები იმდენად უსუსურია-ხოლმე და თითიდან გამოწოვილი, რომ ასეთ განცხადებები არის გამაოგნებელი. ამ ცილისმწამებლურ ქმედებებს თავისი მიზანმიმართული პოლიტიკური ვექტორი აქვს. ეს პროცესები ასევე სახელმიწიფოს წინააღმდეგაა მიმართული;
„რ": თავად მეუფე იაკობის განცხადებაზე რას ფიქრობთ, რომელიც ამბობს, რომ გიორგი გახარია, ვახტან გომელაური და გიორგი კვირიკაშვილი პატრიარქის გადაყენებას „ეჩალიჩებოდნენ?"
ვ.მ: გუშინდელი სინოდის გადაწყვეტილებას თუ ყურადღებით გავეცნობით, ფაქტობრივად, მეუფე იაკობმა სინანული გამოხატა, რომ ეს მისი მხრიდან მკრეხელური განცხადება იყო და აღიარა, რომ ამ ფაქტს ადგილი არ ჰქონდა. წინააღმდეგ შემთხვევაში სინანულის გამომჟღავნებას სინოდის წინაშე ადგილი არ ექნებოდა.
მთავარი ისაა, რომ მან ეს ფაქტი სინოდის სხდომაზე უარყო და სინანული გამოხატა, რაც ბევრ რამეზე მეტყველებს; ყველას მოსდის შეცდომები, ყველა ადამიანები ვართ, მაგრამ ამ შეცდომების მონანიება და აღიარება, ესეც საკმაოდ დიდ პიროვნულ ღირსებაზე მეტყველებს.
მეორე მღვდელთმავარმა პირიქით, სინოდს ამ გადაწყვეტილებაზე უარი განუცხადა. სურს „რასკოლნიკური" მოძრაობა ააღორძინოს და პოლიტიკური მეთოდებით თავის ყოფილ თანამოზიარეებს ბრძოლა დაუწყოს. აქ უკვე ჩანს, ვინ როგორ იდგა და სულდგმულობდა საპატრიარქოს შიგნით.