"წყევლა, გინება და რა არ ყოფილა საუკუნეების მანძილზე ეკლესიაში, ამიტომ რაც მოვისმინეთ ახალი არ არის. ფაქტია, რომ დღეს არავის არ ადარდებს ქრისტეს სიტყვა და არც პატრიარქი. ეკლესიის შიგნით დაპირისპირებულ ჯგუფებს შორის მიდის ბრძოლა ვის დარჩება ეკლესია და მისი რესურსები" - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი საპატრიარქოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.
"ამ მოვლენების შეფასება შემიძლია, როგორც გარედან მზერ ადამიანს და გითხრათ სიმართლე ეპისკოპოსების მიმართ მაღალი წარმოდგენის არ ვარ. პატრიარქი დიდი ხანია ამ თანამდებობაზეა და მისი მოღვაწეობის პერიოდში დახლოებით 50-მდე ეპისკოპოსი იკურთხა. ასეთი პატარა ქვეყნისთვის ნამდვილად დიდი ციფრია და 17 ეპისკოპოსიც საკმარისი იქნებოდა.
ამ სიჭრელის ფონზე წარმოიშვა ეკლესიის წიაღში მრავალი დაჯგუფება, რომლებიც იბრძვიან საკუთარი კარიერისთვის, მათ არ იციან, რა ბედი ელით და ვისი ჯგუფი გაიმარჯვებს, თუ პატრიარქი არ იქნება. მოლოდინის რეჟიმში მყოფი ჯგუფები ელოდებიან ცვლილებებს და დაპირისპირების ნაპერწკალიც გამოჩნდა. არავინ არ დარდობს ქრისტეს სიტყვაზე, არც პატრიარქზე. იბრძვიან ვის დარჩება ეკლესია და მისი რესურსები. მაგრამ ასეთი უმსგავსობა დააბრალო პატრიარქს ყოვლად მიუღებელია.
რაც შეეხება ოპოზიციის მოსაზრებას, რომ საპატრიარქოში განვითარებულ მოვლენებში ხელისუფლების ხელი ურევია, ოპოზიცია ყოველთვის ეცდება, რომ პროცესები თავის სასარგებლოდ გამოიყენოს, მაგრამ ამის დასამტკიცებლად მეტი მტკიცებულებებია საჭირო, რათა საზოგადოება ამაში დააჯარო.
დღეს მთავარი განსახილველი თემა არის, რა თქვა იაკობმა და რა უპასუხა პეტრემ. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები, გამორიცხული არ არის რომ ტემპერატურამ მოიმატოს, თუმცა როგორ უნდა მოგვარდეს პრობლემები საპატრიარქოში ეს უნდა გადაწყვიტოს სინოდის კრებამ" - განაცხადა "რეზონანსთან" პაატა ზაქარეიშვილმა.