ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას ახალი ბრალდება წარედგინება. მას პროკურატურა ბრალს უკვე მესამე საქმეზე უყენებს.
როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, ბრალდება 2019 წელს „პორშეს ცენტრთან“ განხორციელებულ ბარტერს უკავშირდება. უწყება ამტკიცებს, რომ „ნიკა გვარამიამ და მისმა ოჯახმა, ფაქტობრივ საკუთრებაში მიიღო ძვირადღირებული ავტომობილი "Porche Macan S”, ხოლო შპს "სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-მა განიცადა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი“.
გვარამია „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ მას უკვე მესამე ბრალი ისე წაუყენეს, დაკითხულიც არ არის. მისი თქმით, არც ის იცის ამ საქმეების ირგვლივ ვინ არიან მოწმეები, რომლებიც უწყებას დაკითხული ჰყავს. ამბობს, რომ არ იცის, დააკავებენ თუ არა, თუმცა გამორიცხული არაფერია. გვარამია ამბობს, რომ პროკურატურის ეს ბრალი აბსოლუტურად დაუსაბუთებულია.
პროკურატურა კი გავრცელებულ განცხადებაში ამტკიცებს, რომ:
2019 წლის თებერვალში შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა „პორშეს ცენტრში" მისი და მისი ოჯახის პირადი სარგებლობისთვის შეარჩია 76 700 ევროდ ღირებული ახალი ავტომობილი Porche Macan S, რომლის შეძენის მიზნით, ნიკა გვარამიამ მისი ნდობით აღჭურვილი პირის - ზ.გ-ს მეშვეობით, ავტომანქანის მფლობელი საწარმოს ხელმძღვანელებს, ტელეკომპანიის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ შესთავაზა, რომ ავტომობილის შეძენას განახორციელებდა ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ეთერში მათი სარეკლამო რგოლების განთავსების ღირებულების სანაცვლოდ. ასევე, ნიკა გვარამიასა და მისი ოჯახის წევრებისთვის ავტომანქანის წინასწარ სარგებლობაში გადაცემისა და ე.წ. ბარტერზე დათანხმების მიზნით, ხსენებულ კომპანიას დამატებით შესთავაზა როგორც ავტომობილის ღირებულების სანაცვლოდ გასაშვები სარეკლამო რგოლების, ასევე სამომავლოდ მათი სხვა სარეკლამო რგოლების ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის საეთერო დროში შეღავათიან/დაბალ ფასად განთავსება, სარეკლამო სააგენტო შპს „პროესკო მედიას" მეშვეობით.
შეთანხმებისამებრ, 2019 წლის 27 თებერვალს, „პორშეს ცენტრსა" და შპს „პროესკო მედიას" შორის, გაფორმდა ავტომანქანა Porche Macan S-ის ნასყიდობის ხელშეკრულება ღირებულებით - 76 700 ევრო, რომლის საფუძველზეც ავტომანქანა ნიკა გვარამიასა და მისი ოჯახის ფაქტობრივ საკუთრებაში გადავიდა, ხოლო ფორმალურ მესაკუთრედ შპს „პროესკო მედია" დაფიქსირდა. იმავე დღეს, „პორშეს ცენტრსა" და შპს „პროესკო მედიას" შორის, გაფორმდა სარეკლამო მომსახურებაზე ხელშეკრულება, ღირებულებით - 76 700 ევრო, რომლის ფარგლებშიც, ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ეთერში რეკლამის განთავსება შეთანხმებისამებრ ხდებოდა შეღავათიან/დაბალ ფასად.
მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილის მფლობელი საწარმო ასრულებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და სრულად უხდიდა კონტრაქტორ საწარმოს - შპს „პროესკო მედიას" ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სარეკლამო ღირებულებას, კომპანია, შეთანხმებისამებრ, მნიშვნელოვნად ამცირებდა „რუსთავი 2"-ში, ზემოაღნიშნული კომპანიის შესაბამისი ბრენდის, რეკლამის განთავსების სანაცვლოდ გადასახდელ თანხებს, რითაც მნიშვნელოვანი ზიანი ადგებოდა ტელეკომპანიას.
ზემოაღნიშნული ქმედებებით, ნიკა გვარამიამ და მისმა ოჯახმა, ფაქტობრივ საკუთრებაში მიიღო ძვირადღირებული ავტომობილი - Porche Macan S, ხოლო შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2"-მა განიცადა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
ნიკა გვარამიას, ბრალდების შესახებ დადგენილება საქართველოს გენერალურ პროკურატურაში წარედგინა", - აცხადებენ გენერალურ პროკურატურაში.
გვარამია კი „რეზონანსთან“ ამტკიცებს, რომ მანქანა არა მან, არამედ მისმა მეუღლემ იყიდა, რომელიც დაკითხული საერთოდ არაა. „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ამბობს, რომ პრემიის სახით თანხა რომ აეღო და ეს ავტომობილი ეყიდა, მაშინ ბრალს რაზე წაუყენებდნენ დანაშაულის შემადგენლობა ხომ არ დგებოდა. ამიტომ არ იცის, რაზე ედავება პროკურატურა და გამოძიება დანაშაულში რას გულისხმბობს.
„თავადპირველად ნაყიდი არ მქონდა. ჯერ განვადებით გამოვიტანე, ვერ გადავიხადე და უკან დავაბრუნე. საერთოდ ჯარიმას ვიხდი, ეს არის ამ ბრალდების მთელი ისტორია. ჩემი კონტრაქტორი კომპანიებიდან არაფერი მიყიდია. თუმცა ამის უფლებაც მქონდა. სიმართლე გითხრათ, ბრალი იმაზე რომ წაეყენებინათ „ტოიოტას ცენტრს“ ავტომობილი ძალით ჩაადებინა სარეკლამო ბიუჯეტში და მერე მეყიდა, ხოლო „რუსთავი 2“-საც შემოსავალი ჰქონოდა, მე კიდევ მანქანა, ეს უფრო რელევანტური და ლოგიკურად გამართული მაინც იქნებოდა. სამწუხაროდ, საქართველოს პროკურატურა დანაშაულებრივი ორგანიზაციაა. ვწუხვარ იმ ბიჭების გამო, რომლებიც ბრალს მიყენებენ, იცინ, რომ უკანონობაა და ამის გამო ციხეში მოხვდებიან“, - ამბობს გვარამია „რეზონანსთან“.
მისივე თქმით, თუ დააკავებენ, ეს მისი დროებითი განეიტრალება იქნება, თუმცა ივანიშვილს განეიტრალება უფრო ახლოს მოუწევს. გვარამია ამბობს, რომ მისი მთავარი მიზანია, ივანიშვილი ან ქვეყნიდან წავიდეს ან კიდევ ციხეში მოხვდეს.
„კი ბატონო, ისე მოიქცეს როგორც სურს, მთავარი ის არის, ბოლოს ვინ გაიმარჯვებს. გამარჯვებული კი, რა თქმა უნდა, მე ვარ“, - აცახდებს გვარამია „რეზონანსთან“.