ძმის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი 9 თვის შემდეგ სასამართლომ დანაშავედ სცნო. 33 წლის გ.ფერაძეს 16 წლის პატიმრობა შეეფარდა. პროკურატურის ინფორმაციით, ძმის განზრახ მკვლელობაში, ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებაში და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შენახვასა და ტარებაში ბრალდებული ყველა მუხლით დამნაშავედ არის ცნობილი.
პროკურატურის ცნობით, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სრულად გაიზიარა .
"უტყუარად დადასტურდა, რომ 2019 წლის 1 თებერვალს, გ.ფ.-მ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტოთუბანში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცეცხლსასროლი იარაღიდან, რომელიც მართლსაწინააღმდეგოდ შეინახა და ატარებდა, მეზობელს კ.ბ-ს ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება მიაყენა, ხოლო ურთიერთშელაპარაკებისას, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, ძმას-დ.ფ.-ს თავის არეში ესროლა. მიღებული დაზიანების შედეგად დ.ფ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა" - აცხადებს პროკურატურა.
სასტიკი და შემზარავი მკვლელობა 9 თვის წინ ზესტაფონის მუნიციპალტეტის სოფელ მარტოთუბანში მოხდა . 32 წლის გაგა ფერაძემ უმცროს ძმას, 25 წლის დავით ფერაძეს, საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში გადაჭრილი სანადირო თოფიდან ესროლა. როგორც ამბობენ, მან ერთხელ გაისროლა და ძმას სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, მისი დახმარება ვერავინ შეძლო, ის ადგილზე გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, ტრაგედიის დროს სახლში ბიჭების მამაც იყო, რომელიც ამ უმძიმესი ტრაგედიის თვითმხილველია. მეზობლების ინფორმაციით, დანაშაულის ჩადენის შემდეგ, დამნაშავემ იქაურობა დატოვა, თუმცა ძალოვნებმა მალევე, იმავე სოფელში დააკავეს.
ძმამ ძმას გადაჭრილი თოფით სასიკვდილო ჭრილობა თავის არეში მიაყენა და მომაკვდავი ადგილზე მიატოვა.
ადგილობრივები „რეზონანსს" მომხდარის შესახებ უყვებიან და ამბობენ, რომ ძმები ფერაძეები მეზობელ ოჯახში სვამდნენ, თუმცა იქ კონფლიქტი არ მომხდარა. ხოლო მას შემდეგ, რაც სახლში დაბრუნდნენ, ორი გასროლის ხმა გაიგეს. სავარაუდოდ, ნასვამ ძმებს შორის დაპირიპირება მოხდა, რაც მკვლელობის მიზეზი გახდა.
ძმების მეზობელი ვანო ფერაძე გვიყვება, რომ გარდაცვლილი საკმაოდ მშვიდი და გაწონასწორებული ახალგაზრდა იყო. ძმებს კონფლიქტი ხშირად არ ჰქონიათ. მკვლელობაში ბრალდებული ადრე ნასამართლევი იყო. ფერაძე გვიყვება, რომ მკვლელობა სასტიკი იყო, რადგანაც ძმას ნასროლი განზრახ თავის არეში ჰქონდა მიყენებული.
„სასტიკი მკვლელობა იყო. ძმა, რომ ძმას მოკლავს, ამაზე რაღა უნდა ვისაუბროთ. განზრახ თავში ჰქონდა ნასროლი. იქვე ეზოშივე გარდაიცვალა. სროლის ხმაზე მეზობლები რომ შეცვივდნენ, უკვე დავარდნილი იყო და სისხლად იცლებოდა. თუ რამე კონფლიქტი მოუვიდათ სახლში და აფექტის ნიადაგზე ესროლა, ფეხში ესროლა ან სხვა ადგილას, რომ გადარჩენილიყო. არა, განზრახ თავის არეში ჰქონდა ნასროლი. მეზობლებთან უქეიფიათ, იქ არაფერი მომხდარა, მაგრამ როგორც ჩანს გულში რაღაც ჰქონდა და ნასვამზე ეს საშინელება ჩაიდინა",- ყვება მეზობელი „რეზონანსთან".
ადგილობრივები გვიყვებიან, რომ ბიჭებს რამდენიმე წლის წინ დედაც გარდაეცვალათ, რომელიც საბერძნეთში სამუშაოდ წასული იყო და იქიდან ჩამოასვენეს. ამიტომ, მკვლელობის დღეს სახლში მხოლოდ მამაკაცები იყვნენ. ძმები და მამაც ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. ბიჭებს ერთი და ჰყავთ, რომელიც ამავე სოფელშია გათხოვილი.
ძმის მიერ მოკლული დავითი ფერაძე მამასთან და ძმასთან არ ცხოვრობდა, ის 3 წლის გაანმავლობაში თბილისში ტაქსის მძღოლად მუშაობდა, მკვლელობის დღეს ის სოფელში რამდენიმე საათის ჩასული იყო.
მომხდარის მიზეზებზე საუბარი თავად თვითმხილველ მეზობლებსაც კი უჭირთ. ამბობენ, რომ შემთხვევის დროს ისინი გარეთ იყვნენ, უცებ ჩხუბის ხმა რომ გაგონეს , ძმები ოთახში იყვნენ, იქ რა მოხდა რეალურად არავინ იცის. გარეთ გამოვიდნენ და უცებ გაისროლა ერთმა და მეორე მოკლა. არცერთი ძმა დაოჯახებული არ ყოფილა.