(რეზონანსი) პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებული პირების შეწყალების საქმეზე ოპოზიცია პარლამენტს საგამოძიებო კომისიის შექმნას სთხოვს. „ევროპული საქართველოს" დადგენილების პროექტი პარლამენტის ბიუროს 4 ნოემბრის სხდომაზე წარედგინება.
საპარლამენტო ოპოზიცია დადგენილების პროექტში მიუთითებს, რომ პრეზიდენტის მიერ 28 ოქტომბერს განხორციელებული შეწყალება გამოძიების საგანი უნდა იყოს, ვინაიდან მასში შესაძლო კორუფციული სქემა იკვეთება.
დადგენილების პროექტში აღნიშნულია, რომ პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ, უნდა გამოიძიოს და დაადგინოს შემდეგი საკითხები:
1. შეწყალების კომისიის არარსებობის პირობებში, კონკრეტულად ვისი
რეკომენდაციითა და რის საფუძველზე მიიღო პრეზიდენტმა იმ მსჯავრდებულების შეწყალების გადაწყვეტილება, რამაც საზოგადოების კრიტიკა გამოიწვია;
2. რა როლი მიუძღვის საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, დიმიტრი გაბუნიას მსჯავრდებულთა შეწყალების პროცესში;
3. არსებობს თუ არა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, დიმიტრი გაბუნიას და პრეზიდენტის ადმინისტრაციის სხვა თანამშრომელთა შესაძლო კავშირი შეწყალებულ პირებთან და მათ ოჯახებთან;
4. არსებობს თუ არა კორუფციული სქემა მსჯავრდებულთა შეწყალების პროცესში და ვინ არიან ამ სქემის მონაწილე პირები.