თამთა ჩაჩანიძე
04.11.2019

 „თუ მას მიაჩნია, რომ თვითრეალიზაციას, როგორც ქველმოქმედი უფრო ახდენს, ვიდრე მმართველი პარტიის თავმჯდომარე, მაშინ ძალაუფლების სივრციდან წავიდეს და ქველმოქმედება გააგრძელოს."

ასე აფასებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, „ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მიერ "ანტერპრენერთან" გაკეთებულ განცხადებებს.

„რეზონანსი": როგორ შეაფასებთ ბიძინა ივანიშვილის მიერ „ანტრეპრენერთან" გაკეთებულ განცხადებას იმის თაობაზე, რომ მისი ქონების 90 %-ს საზოგადო საქმეებს და ქველმოქმედებას მოახმარს?

არჩილ გამზარდია: ამ განცხადებაში წინასაარჩევნო კამპანიის შეტყობინებებს ვხედავ,იმ რეალობიდან გამომდინარე, როდესაც „ქართული ოცნება" რეიტინგდაცემულია და ბიძინა ივანიშილი ნდობაშერყეული, მან რაღაცა უნდა შეძლოს, რამდენიმე ქეისი დადოს და რიტორიკაც ისეთი გაუშვას, რომ ადამიანები ისევ გარკვეული იმედით აავსოს.

ის, რომ ივანიშილი თავისი სახელით გარკვეულ პროექტებს აფინანსებს, რომელსაც შემდეგ ზოგიერთ შემთხვევაში სახელმწიფოს გადასცემს ხოლმე, ეს მოცემულობა უკვე გვაქვს, მაგრამ მას მე, როგორც მოქალაქე, ქველმოქმედებას ჩავუთვლიდი მაშინ, როდესაც მისი მმართველობის პერიოდში ცხოვრების დონე გაუმჯობესდებოდა.

ზოგჯერ განცდა მიჩნდება იმისა, რომ საბოლოო ჯამში ამ ყველაფერს ჩვენ ვაფინანსებთ, მიუხედავად იმისა, თუ ვინ რა სახელით მოქმედებს. ერთი ხელით, საკუთარი სახელით რაღაც პროექტების შექმნას ცდილობენ და მეორე ხელით კი ჩვენ, მოქალაქეებს, ბიზნესმენებს და სხვებს გვართმევენ ფულს, აქედან გამომდინარე, მიჩნდება აზრი, რომ ქველმოქმედება ამ ყველაფრის ფორმა და ნაწილია.

სამწუხაროდ ბიძინა ივანიშილს ავიწყდება, რომ ის მმართველი პარტიის თავმჯდომარეა, რომლის პასუხისმგებლობის დონე სრულიად სხვა გახლავთ, მე პირადად მისი საქველმოქმედო პროექტები კი არა, მე მისი მმართველობის შედეგები მაინტერესებს.

თუ მას მიაჩნია, რომ თვითრეალიზაციას, როგორც ქველმოქმედი უფრო ახდენს, ვიდრე მმართველი პარტიის თავმჯდომარე, მაშინ, ძალაუფლების სივრციდან წავიდეს და ქველმოქმედება გააგრძელოს.

ჩემი, როგორც მოქალაქის მისდამი პრეტენზიები ქველმოქმედების ფაქტორი კი არაა, არამედ ის, თუ რა სახელმწიფო შეიქმნა და რამდენად გაგვიუბედურა თითოეულ მოქალაქეს ამ ქვეყანაში ცხოვრება.

„რ" იუსტიციის საბჭომ არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე პრეზიდეტს ოფიციალურად მიმართა, როგორ გგონიათ რა გადაწყვეტილებას მიიღებს პრეზიდენტი?

ა.გ.: ჩვენ იუსტიციის საბჭოში ორი ნათელი წერტილი გვყავს - ნაზი ჯანეზაშივილი და ანა დოლიძე. ამ ადამიანებმა შეუძლებელი მოახერხეს, ბუნებრივია ორი ადამიანი საკმარისი არ იყო იმისთვის, რომ პროცესები ემართათ, მაგრამ, მათ გვაჩვენეს მაინც თუ რა არის დღევანდელი იუტიციის საბჭო და მთელი ის სასამართლო ფსევდორეფორმის პროცესი, იუსტიციის საბჭო, რომელიც საერთო ჯამში ყველა ხელისუფლებას გარიგების რეჟიმში ჰყავს და დღეს ეს ძალაუფლება „ქართულ ოცნებას" და მის თავმჯდომარეს აქვს, ბუნებრივია, მათთვის დოლიძე მიუღებელია იმიტომ, რომ ხალხმა ეს პროცესები დაინახა.

მართალია, საზოგადოებამ ამ კუთხით ვერაფერი ვერ შეძლო, მაგრამ ვხედავთ მაინც და ბუნებრივია, რომ იუსტიციის საბჭოსთვის ეს ორი ნათელი წერტილი სრულიად მიუღებელია და რა თქმა უნდა ცდილობენ, რომ თავიდან მოიშორონ და თუკი მომენტს იპოვიან, ნაზი ჟანეზაშილსაც გარკვეული მექანიზმებით იგივეს გაუკეთებენ, ამიტომ დიდი მოწადინებაა, რომ მთელი ეს პროცესი ისევ ჩაიკეტოს.

მე როგორც მახსოვს დოლიძე თავის დროზე იუსტიციის საბჭოში წარმოდგენილი პრეზიდენტის კვოტით იყო და ამიტომაც შესაძლებელია, რომ ზურაბიშვილმა იუსტიციის საბჭოს მოთხოვნა შეასრულოს კიდეც, არ მგონია ,რომ ამის გამო „ქართულ ოცნებასთან" ურთიერთობა გაიფუჭოს.

„რ": მეუფე პეტრე დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითთან დაკავშრებით აცხადებს, რომ პრეზიდენტი ორმხრივი სტანდარტით ფარისევლობს, როდესაც პატრიარქის თხოვნას პატივს არ სცემსო, ამ განხადებაზე რას ფიქრობთ?

ა.გ.: მეუფე პეტრე ორმაგ სტანდარტებზე როდესაც საუბრობს, პირველ რიგში კარგი იქნება თვითმხილებით დაიწყოს, ამ კონკრეტულ შემთხვევაში მე მას რამდენადმე დავეთანხმები იმიტომ, რომ თუკი სალომე ზურაბიშვილი გამოდის იმ რიტორიკით, რომ პატრიარქის ყველა თხოვნა შესრულებული უნდა იყოს, ამ შემთხვევაში კი საპატრიარქომ, სინოდმა და პატრიარქმა ეს მოთხოვნა წამოაყენა, როდესაც აქ სხვა პროცესები ერთვება, რა თქმა უნდა ამ ყველაფერს ეძლევა ორმაგი სტანდარტის იერი.

ვერც სინოდს ვერ შეედავები, რომ ეს მოთხოვნა წამოაყენა და ვერც პრეზიდენტს, იმიტომ, რომ მორატორიუმია გამოცხადებული, შეწყალებს პროცესი ახალი კრიტერიუმებით უნდა მოხდეს და როდესაც პროცესში ახალ კრიტერიუმებს შეიტანენ, შესაძლოა მკვლელობაში და მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულები შეწყალების თეორიულ სიაში არ მოხვდნენ, ეს კრიტერიუმები კი ისეთი ტიპის იყოს, რომ დეკანოზ მამალაძეს არ შეეხოს.

საერთო ჯამში სახელმწიფოს მხრიდანაც ეს გარკვეულწილად ორმაგი სტანდარტია იმიტომ, რომ საერთო ჯამში მთელი ეს პროცესი, ინტერესთა ჯგუფების გარიგებების შედეგია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×