"ალტურისტი", რომელიც ქონების 90%-ის მოხმარებას ქველმოქმედებაში აპირებს - ბიძინა ივანიშვილის ახალი დაპირებების სერია. „რეზონანსთან" ანალიტიკოსები ივანიშვილის გამოჩენას წინასაარჩევნო პროპაგანდას უწოდებენ და ამბობენ, რომ მან ამომრჩეველს საკუთარი თავი ახლებურად, დიდი პროექტებით შესთავაზა. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ივანიშვილი 2012 წლის დროინდელი ავტორიტეტის რეანიმაციას ცდილობს, რაც წარმოუდგენელი იქნება.
რა გეგმები აქვს ბიძინა ივანიშვილს და რა ახალი პროექტების წამოწყებას აპირებს ამის შესახემ მან "Entrepreneur Georgia-სთან" ინტერვიუში ისაუბრა. ივანიშვილი აცხადებს, რომ საკუთარი ქონების 90%-ს ქველმოქმედებას მოახმარს. მისივე თქმით, მისი ყველაზე დიდი ქველომოქმედება პოლიტიკაში შემოსვლა იყო.
"მე ადრეც არაერთხელ მაქვს გაცხადებული და ახლაც ვადასტურებ, რომ ვაპირებ ჩემი ქონების არანაკლებ 90% საზოგადო საქმეს, ანუ ქველმოქმედებას მოვახმარო. სხვათა შორის, ეს განაცხადი, როგორც ჩანს, არ მოეწონათ სიცრუეზე და ცილისწამებაზე ორიენტირებულ ოპონენტებს და ყველანაირად ეცადნენ, მიეჩქმალათ იგი.
"სწორედ ამ გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, მე მირჩევნია, თუნდაც საგრძნობი დანაკარგით დავიბრუნო ინვესტიციის ნაწილი, რომელმაც კატალიზატორის როლი უკვე შეასრულა და დროულად წარვმართო ეს სახსრები ფართო, საზოგადო მნიშვნელობის ამოცანებზე, ვიდრე ერთ პროექტში ხანგრძლივად ჩავტოვო ეს რესურსი", - აცხადებს ივანიშვილი.
მისივე თქმით, ის ასევე მზად არის, რომ ნებისმიერ ეტაპზე დაინტერესებულ ბიზნესმენს პროექტი „პანორამა" თბილის გადასცეს. მზად არის, მყიდველს 30%-იანი ფასდაკლებაც შესთავაზოს.
მისი აზრით, „პანორამა" მსოფლიო მასშტაბით მოიპოვებს გამორჩეულ ადგილს თავისი ექსკლუზიურობით.
ბიძინა ივანიშვილი მზად არის, ასევე, შეკვეთილში მდებარე სასტუმრო "პარაგრაფი" ნახევარზე ნაკლებ ფასად გაასხვისოს. პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე აცხადებს, რომ თუკი "პარაგრაფი" ცალკე ბიზნესპროექტად იქნა განხილული და უნივერსალური კრიტერიუმებით შეფასდება, პროექტი წამგებიანი გამოდის.
ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ სასტუმრომ, რომელიც ადრე თუ გვიან გაიყიდება, ახალი მესაკუთრის მფლობელობის ქვეშ ნორმალური ბიზნესმოდელით უნდა განაგრძოს ფუნქციონირება, რათა საკუთარი ხარისხი შეინარჩუნოს და მომავალში კიდევ უფრო განვითარდეს.
ივანიშვილი ინტერვიუში წყალტუბოს განვითარების პროექტზე საუბრობს.ის განვითარების პროექტის შესახებ დეტალურ განმარტებას აკეთებს, თუ როგორ და რა პირობით გამოისყიდის ქალაქში არსებულ სასტუმროებს.
როგორც ივანიშვილი განმარტავს, ობიექტების გამოსყიდვა ტენდერით მოხდება თუ აუქციონის წესით, სახელმწიფო კანონის ფარგლებში განისაზღვრება და ამ წესს დაემორჩილება ყველა დაინტერესებული პირი.
„რაც შეეხება ოპონენტების საყვარელ ფრაზას, რომ ყველაფერი ივანიშვილმა იყიდა, მინდა გავაწბილო ისინი - ყველა დაინახავს, რომ 3 წელიწადში არცერთი სასტუმრო არ იქნება ჩემს საკუთრებაში, ამ პროექტიდან სარგებელს კი ათასობით ადამიანი ნახავს," - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
ოპოზიციაში ბიძინა ივანიშვილის განცხადებებს სკეპტიკურად აფასებენ და ამბობენ, რომ მისთვის ქველმოქმედება ყოველთვის პოლიტიკასთან კავშირში იყო და კვლავ ასე რჩება.
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სერგი კაპანაძე ამბობს, რომ ივანიშვილმა ქველმოქმედება პოლიტიკური დივიდენდებისთვის გამოიყენა, შემდეგ კი, პოლიტიკაში მოვიდა და ყველამ კარგად დაინახა ქვეყანას მისმა მმართველობამ რა მოუტანა. დეპუტატის თქმით, როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ მისი სურვილის გამოვლინებაა, რომ საზოგადოება კვლავ ენდოს და მორიგი მანდატი მისცეს.
„მგონი, ყველამ კარგად დაინახა, რომ ბოლო რვა წლის განმავლობაში, ბიძინა ივანიშვილის მიმართ გამოცხადებული ნდობა არ გამართლდა. მან არცერთი მნიშვნელოვანი საკითხი არ გადაჭრა, არცერთი დაპირება არ შეასრულა. დაპირება, რომ ინვესტიციებით კურორტებს ააღორძინებს, ესეც არ შესრულდება. ამას ისე ვერ გააკეთებს, როგორც ვერ გააკეთა, ფასების გაიაფება, ლარის გამყარება და ა.შ. ეს ყველაფერი წინასაარჩევნო პროცესის დაწყებაა, როცა საზოგადოებას აჩვენებს, რომ მზად არის, თავისი ფული კიდევ ერთხელ დახარჯოს.
"ხალხს ჰპირდებოდა, რომ თითოეულ სოფელს ხუთი მილიონი ექნებოდა, თავის ფულს დახარჯავდა და იაფი კრედიტები იარსებებდა, არც ამას გააკეთებს. ინტერვიუში ნიშანდობლივი იყო, საქმემან ჩვენმა წარმოგვაჩინოსო, ივანიშვილი საქმემ წარმოაჩინა, რისი მაქნისიცაა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ოპოზიციაში გადავიდეს და მართლა ქველმოქმედებით დაკავდეს. ამ ყველაფერს პოლიტიკური მიზნებით აკეთებდა და ახლაც ამას აგრძელებს", - განაცხადა კაპანაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, გია ვოლსკის მოსაზრებით კი ოპონენტების მხრიდან პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დისკრედიტაცია ოპოზიციის პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება.
ვოლსკი ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუზე ამახვილებს ყურადღებას და ოპონენტების შეფასებებს ეხმაურება.
„ხანდახან, სისულელეებს საზღვარი არ აქვს. არსებობს ბიზნესგარემო და ურთიერთობები, რაც მსოფლიოში ყველასთვის ჩვეულებრივია „ნაციონალური მოძრაობის" გარდა, რომელსაც სექტა და წარმონაქმნი ჰქვია. ბიძინა ივანიშვილი გაცილებით უფრო საინტერესო რამეს საუბრობს, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობის" გააფთრებული შეტევა არის იმ პასაჟზე, რომ ქველმოქმედებიდან გაცილებით მეტი აქვს ამოღებული. როგორც ჩანს, არითმეტიკაც არ იციან.
"რეალურად, ეს არ არის მხოლოდ ქველმოქმედება, ეს არის მისი პასუხისმგებლობა საქართველოს წინაშე და ისტორიის გარკვეულ მონაკვეთზე. ბიძინა ივანიშვილი ამ პასუხისმგებლობას თავდამბლობით, ენთუზიაზმითა და სამშობლოს მიმართ პატრიოტული დამოკიდებულებით ახორციელებს", - განაცხადა გია ვოლსკიმ.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ ივანიშვილს მსგავსი განცხადებები ადრეც გაუკეთებია, მაგრამ შემდეგ ამ პროექტების გაგრძელება არავის უნახავს.
ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ ივანიშვილმა როგორი ფასდაკლებითაც არ უნად გაყიდოს ბიზნესი, ნორმალური ადამიანი, თუ ის დამოუკიდებელი ბიზნესმენია, მას არ იყიდის. ხოლო თუ მისი გარემოცვიდან არის, რა თქმა უნდა, გარისკვად უღირს. მეორეს მხრივ ანალიტიკოსი ამბობს, რომ საარჩევნო პროცესი დაწყებულია და ფაქტია მისი განცხადებები არჩევნებს უკავშირდება. მას საკუთარი თავის შეთავაზების და ქველმოქმედების გარდა საზოგადოებისთვის სათქმელი აღარაფერი აქვს.
„ივანიშვილს საკუთარი მთავრობის ეკონომიკურ მიღწევებზე და სხვა რაიმე გრანდიოზულ პროეტქებზე საუბარი არ შეუძლია. წინასაარჩევნოდ ხალხს ისევ რაღაც ხომ უნდა დაჰპირდეს. რომ თქვას, აი, არჩევნებდე გეგმას შევასრულებთ, ამას გავაკეთებთ და ასე შემდეგ, ესეც არ შეუძლია. ხაშურის შემოვლითი გზა ფაქტიურად ათი წელია კეთდება.
"მან ბევრი პროექტები დაიწყო, რომელიც დასრულებული არ არის. ქუთაისის ტექნიკური უნივერსიტეტიც, ასე დიდი ზარ-ზეიმით დაგვიანონსეს, მაგრამ დღემდე არ დასრულებულა. ივანიშვილს ეს სჭირდება, რომ რამდენიმე ობიექტზე მუშაობა მიდიოდეს. შეიმქნას წინასაარჩევნოდ ილუზია, რომ რაღაც კეთდება. ხოლო ამის შემდეგ რა გაკეთდება კაცი აღარაა მომკითხავი", - ამბობს ძაბირაძე „რეზონანსთან".
ძაბირაძე აბობს, რომ ამ განცხადებებით ივანიშვილი ალტრუისტის როლში გვევლინება და არა ბიზნესმენის. ანალიტიკოსის თქმით, სწორედ ამ ლეგენდის შესაქმნელად ივანიშვილმა 2012 წელს 3 მილიარდი დახარჯა. ის კვლავ ცდილობს, რომ ამ მეთოდით, 2020 წლის არჩევნებშიც ფონს გავიდეს და თავისი ავტორიტეტის რეანიმაცია მოახდინოს.
„ორი „ქართული ოცნება" არსებობს, ივანიშვილს ერთი ნაბიჯით როგორც კი გაცდებით, კაცმა არ იცის იქ რა ხდება. სწორედ ახლა ყველაფერს ივანიშვილისგან ერთი ნაბიჯით დაშორებული ხალხი მართავს და არა ივანიშვილი.
"ახლა ივანიშვილ საკუთარი იმიჯის რეანიმაცია სურს, რომელიც 2012 წელს ჰქონდა. ეს არის წაყალტუბოს პროექტი. რაც შეეხება იმას, მოხდება თუ არა საზოგადოების ამაზე კიდევ ერთხელ წამოგება, სიტუაცია და დრო აჩვენებს. ოპოზიციაზეც ბევრი რამ არის დამოკიდებული", - აცხადებს ძაბირაძე „რეზონანსთან".