ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის ყოფილი მეუღლე ფსიქოლოგიური ძალადობის შესახებ ბრალდებასთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს. ავთანდილ ხარაძე, რომლის მიმართაც შინაგან საქმეთა სამინისტროს შემაკავებელი ორდერი აქვს გამოწერილი, "ინტერპრესნიუსს" ექსკლუზიურად ესაუბრა.
„6 წელია, სოფო კილაძესთან ვიმყოფები საეკლესიო და სამოქალაქო ქორწინებაში. 2 თვის წინ ვთხოვე გაყრის პროცედურის დაწყება. ამ პერიოდის განმავლობაში, რაც ერთად არ ვცხოვრობთ, სოფო მანიპულირებს ბავშვით, არ მაჩვენებს, მეუბნება, რომ გაჩვენებო, მაგრამ რეალურად ბავშვთან კომუნიკაციის საშუალებას არ მაძლევს. ორ თვეში შვილი სულ ხუთჯერ ვნახე. ვნახულობ მხოლოდ მაშინ, როდესაც ბავშვი გამომყავს ბაღიდან. ჩვენ ხელი გაწერილი არ გვაქვს და არანაირი სამართლებრივი უფლება არ აქვს, ერთი სრული დღე არ მანახოს ჩემი შვილი.
2 ნოემბერს მე ვთხოვე ბავშვის წაყვანა ქუთაისში, ჩემ მშობლებთან. აქვე ვიტყვი, რომ დაბადებიდან 4 წლის განმავლობაში ჩვენ შვილს დედაჩემი ზრდიდა, მაშინ, როდესაც სოფოს არ ეცალა და კარიერის აწყობით იყო დაკავებული. იმაზე, რომ ბავშვი გამზრდელ ბებიას ენახა, სოფომ კატეგორიული უარი განაცხადა.
ბოლო პერიოდის განმავლობაში ბავშვზე ხორციელდება ფსიქოლოგიური ძალადობა, ბავშვი არის შეშინებული. ჩემთან ერთად როცა არის, 5 წლის ბავშვი, რომელმაც საათის ცნობა არ იცის, მეუბნება, რომ ერთი საათი უკვე გავიდა და სახლში უნდა დავბრუნდე, იმიტომ, რომ დედა გაბრაზდება და გაღიზიანდება. ახლა ქუთაისში როცა მყავდა წაყვანილი, როცა ვბრუნდებოდით, შებინდდა, გვაგვიანდებოდა და ბავშვმა დაიწყო ტირილი, დედა არ გაგვიღებს კარს იმიტომ, რომ გვაგვიანდება უკვეო, დედა წაგვეჩხუბებაო“, - აცხადებს დეპუტატის მეუღლე.