რატომ ვერ ამბობს ზუსტად პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შეიწყალებს თუ არა ე.წ. ციანიდის სკანდალურ საქმეზე მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს.
სინოდის შუამდგომლობის შემდეგ ვისი თანხმობა ან რეკომენდაცია სჭირდება პრეზიდენტს, რომ დეკანოზის შეწყალებაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს. მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც ის შეწყალებების გამო საკმაოდ დიდ სკანდალში გაეხვა. ფაქტია რომ მამალაძის შეწყალება პრეზიდენტს გარკვეულ დივიდენდებს მისცემს და მის სკანდალურ შეწყალებებს ცოტათი მაინც გადაფარავს. თუმცა, როგორც ჩანს, პრეზიდენტი კიდევ ვიღაცის თანხმობას ელოდება.
საზოგადეობაში გაჩნდა ლეგიტიმური მოსაზრება, შესაძლოა დეკანოზ მამალაძისგან ხელისუფლებას უფრო მეტი გარანტიები სჭირდება, რომ ციხიდან გამოსვლის შემთხვევაში ის საჯაროდ აღარ იაქტიურებს და ე.წ. ციანიდის საქმის ირგვლივ საუბარი დასრულდება.
"სინოდმა თავისი თქვა, მომეცით უფლება, დავფიქრდე და მივიღო გადაწყვეტილება", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა შეწყალების საკითხზე საუბრისას განაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, საკითხი ძალიან სენსიტიურია, ამიტომაც გარკვეული დროა საჭირო.
„ეს არის ძალიან სენსიტიური საკითხი მთელი საქართველოს საზოგადოებისთვის. ყველას აქვს თავისი წარმოდგენა, უნდა შევიწყალო, თუ არ უნდა შევიწყალო. სინოდმა თავისი თქვა, მე მომეცით უფლება, რომ ჩემთვის და იმ წესებთან თანხმობაში, რაც იქნება ამ დღეებში მიღებული, დავფიქრდე და მივიღო გადაწყვეტილება. ეს იმას ნიშნავს, რომ არ არის მიღებული გადაწყვეტილება. როცა იქნება, დამერწმუნეთ, მე საზოგადოებას ვეტყვი", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
საპატრიარქოში 31 ოქტომბერს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა, რომელზეც რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღეს, მათ შორის სინოდი დეკანოზ გიორგი მამალაძის გათავისუფლების შესახებ პრეზიდენტთან უშუამდგომლებს. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ შეწყალების საქმეების განხილვა ჯერ არ განახლებულა.
დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არ არის გამორიცხული, დეკანოზის შეწყალება არ შეწყალებაზე ვიღაცის თანხმობას ელოდება. რამიშვილი ამბობს, რომ თუ გამოძიების წინაპირობას გავიხსენებთ და გავითვალისწინებთ იმ პირებს, რომლებიც პირადად იყვნენ დაინტერესებული დეკანოზის ციხეში ყოფილიყო, რა თქმა უნდა, პრეზიდენტს არავინს მისცემს იმის უფლებას, რომ მან ეს გადაწყვეტილება მხოლოდ პირადი შეხედულების საფუძველზე მიიღოს.
„იგივე გიორგი მარგველაშვილის დროს შეწყალებაზე ორჯერ მივმართეთ. ასევე სალომე ზურაბიშვილსაც ამდენჯერ ვთხოვეთ, რომ დეკანოზი შეეწყალებინა. თუმცა, არცერთმა პრეზიდენტმა ამ საქმის ირგვლივ პირადი გადაწყვეტილება არ მიიღო. ორივე მათქგანზე გარკვეული გავლენა არსებობდა.
"მარგველაშვილის შემთხვევაში ის მოსაყდრე მეუფე შიოს მეგობარია, ამიტომ, ეს გავლენა აშკარა და ღია იყო. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, მასზე თავდაპირველად საპატრიარქოც მანიპულირებდა, თუმცა, ახლა მიმართვის შემდეგ, მას როგორც ჩანს პროკურატურა და ხელისუფლების წარმომადგენლები ჯერ მწვანე შუქს არ უნთებენ. ზურაბიშვილი გარკვეული ჯგუფის პოზიციას ელოდება, უნდა მოხდეს თუ არა უნდა მოხდეს დეკანოზ მამალაძის შეწყალება",-ამბობს მიხელ რამიშვილი „რეზონანსთან".
მისივე თქმით, იმედია, რომ საპატრიარქომ ეს თემა თავიდან მოიშორა და ახლა პასუხისმგებლობა მხოლოდ პრეზიდენტზე გადაიტანეს, რომელიც თავის მხრივ ამ პასუხისმგებლობის მხოლოდ საკუთარ თავზე აღებას ვერ ახერხებს. რამიშვილი ამბობს, რომ უახლოეს დროში გამოჩნდება, საპატრიარქოს მიმართვა მხოლოდ ფარატინა ქაღალდად ხომ არ დარჩება.
„რეზონანსის" კითხვაზე, ხომ არ ელით, რომ ხელისუფლების და პროკურატურის მხრიდან მამალაძის მიმართ შეთავაზება მოხდება, რომ თუ შეწყალების შემთხვევაში ის საჯარო აქტიურობას შეწყვეტს და გაჩუმდება, მაშინ მას გაათავისუფლებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში ზურაბიშვილი მის შეწყალებას ხელს არ მოაწერს. რამიშვილი გვპასუხობს, რომ:
„ერთი რამ შემიძლია გითხრათ, როდესაც შეწყალებასთან დაკავშირებით გარკვეული საუბარი იყო. ეს პირადად შენდობის დღეს, სინოდის ტაძარში მამა ანდრია ჯაღმაიძე "დამიკავშირდა და შევხვდით. იმედია ამ ფაქტს არ უარყოფს. შეხვედრის დროს მან ასეთი რამ მითხრა, თუ დეკანოზი საჯაროდ პირობას დადებდა, რომ ის თავს დამნაშავედ სცნობდა და შეეშალა. ხოლო მეუფე იაკობი, თეთრუაშვილი და სხვა პირები ამ საქმეში უდანაშაულები იყვნენ, მაშინ პრეზიდენტს შეწყალების შუამავლობით მიმართავდნენ.
"მე მაშინვე ვუთხარი ჯაღმაიძეს, რომ გამორიცხულია ადამიანმა აღიაროს დანაშაული, რომელიც არც კი ჩაუდენია. მეორე გარემოება კი ის იყო, რომ თუ ის ამ დანაშაულს აღიარებდა, მაშინ შემოუტრიალებდნენ და თანამზრახველების დასახელებას და ხელის დადებას მოსთხოვდნენ.
"რა თქმა უნდა, ახლაც ეს პირობები გამორიცხული არ არის უკვე პროკურატურისგან. შესაძლოა საპატრიარქოს საერთოდ იმედიც არა აქვს, რომ პრეზიენტი შეიწყალებს და ყველაფერი ეს მხოლოდ ფარსია. ერთი ის არის, რომ მამალაძე ამ შეთავაზებებს არ დასთანხმდება", - ამბობს რამიშვილი „რეზონანსთან".
იურისტი და უფლებადამცველი ლევან ალაფიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილის შეწყალების უფლებას დეკანოზ გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით ხელისუფლება პოლიტიკური დივიდენდების მოსაპოვებლად გამოიყენებს. მისი აზრით, ამ გადაწყვეტილების მიმღები იქნება არა პრეზიდენტი, არამედ მმართველი პოლიტიკური ძალა. ხოლო როდესაც ის ჩათვლის საჭიროდ, რომ შეწყალების გაფორმება საჭიროა ზურაბიშვილის ხელმოწერით, დეკანოზსაც მაშინ შეიწყალებენ.
„ეს თემა ახლა კარგი პოლიტიკური დივიდენდების მომტანია, ამიტომაც ეს აქტუალური თემები, როგორც კი საზოგადოების ყურადღების ქვედა ნაწილში გადაინაცვლებს, მაშინ ამ თემით ზუსტად მმართველი გუნდი წარმოჩინდება. ამის შედეგად კი მადლობას მიიღებენ, როგორც საპატრიარქოს, ასევე მამალაძის ოჯახის წევრების და პოლიტიკსოებიც, რომლებიც მის გათავისუფლებას უკვე დიდი ხანია ითხოვენ.
"რაც შეეხება იმას, რომ დეკანოზ მამალაძის გამოსვლის შემდეგ ვინმეს მისი ხმამაღლა საუბრის კიდევ ეშინია, არ მგონია. მამალაძემ ისეთი სკანდალური რაღაც უნდა თქვას, როგორი განცხადებაც მეუფე იაკობმა და მეუფე პეტრემ გააკეთეს?
"ამიტომაც, არ მგონია, რომ ხელისუფლება მისგან რამე გარანტიებს ელოდება. კი ბატონო, თუ იმ ლოგიკას გავყვებით, რომ მამალაძემ შეიძლება მეუფეების ნათქვამი დაადასტუროს, მაინც მათზე სკანდალურს უკვე ვეღარაფერს იტყვის. არსებულ მდგომარეობას საპატრიაქროსთან მიმართებაში იმაზე მეტად ვეღარ დაამძიმებს რაც არის",-ამბობს ლევან ალაფიშვილი „რეზონანსთან".
მისივე თქმით, დეკანოზ მამალაძის შეწყალების საკითხი წინასაარჩევნოდ გამოკიდებული იქნება და როდესაც ეს სკანდალური ამბები ჩაწყდება, ამის შემდეგ მიიღებენ მისი გათავისუფლების გადაწყვეტილებას, რასაც ზურაბიშვვილი უბრალოდ ხელს მოაწერს.