"საინტერესო პერიოდში შევდივართ, საქართველოს უახლოეს ისტორიაში პირველად ტარდება არჩევნები პროპორციული სისტემითა და ნულოვანი ბარიერით.ამისთვის მადლობა უნდა ვუთხრათ "ოცნებას".
შეიძლება ამ გადაწყვეტილებით "ოცნება" თვითონ ჩაიფერფლოს, მაგრამ საქართველო გადარჩება"- აცხადებს პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი, ვისაც "რეზონანსი" წინასაარჩევნო გარემოსა და არჩევნებში პოლიტიკურ ძალთა შანსებზე ესაუბრა.
პაატა ზაქარეიშვილი: წინასაარჩევნო კონტექსტი დაიწყო ჯერ კიდევ 20 ივნისს, ცნობილი მოვლენების შემდეგ, როდესაც "ოცნებამ" გამოაცხადა, რომ მომავალი არჩევნები ახალი სისტემით ჩატარდებოდა. ეს არის მართლაც ახალი გამოწვევა, ძალიან საინტერესო პერიოდში შევდივართ; საქართველოს უახლოეს ისტორიაში პირველად ტარდება არჩევნები პროპორციული სისტემითა და ნულოვანი ბარიერით.
პარლამენტი ახალი სისტემით დაკომპლექტდება და შეიქმნება კონკურენტული გარემო.
პირველი პერიოდი შეიძლება იყოს ქაოტური, ამიტომ, არჩევნების შემდეგ, არ გამოვრიცხავ მალევე ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები; მაგრამ, მომავალი არჩევნები მართლაც ევროპული დონის არჩევნები იქნება და ახალგაზრდობას დავუტოვებთ რეალურ დემოკრატიას.
ამიტომ, საზოგადოება არ უნდა შეშინდეს, ამ წლების ჯახირით გატარება ნამდვილად ღირს. "ოცნებას", ამ გადაწყვეტილებისთვის მადლობა ეთქმის, შეიძლება თვითონ ჩაიფერფლოს, მაგრამ ქვეყანა გადარჩება.
"რ": თქვენი აზრით, რა იქნება 2020 წლის არჩევნების მთავარი ინტრიგა?
პ.ზ: პროპორიცულ სისტემას აქვს ის უნიკალური მნიშვნელობა, ვინ დააკომლექტებს მთავრობას. ერთი წლით ადრე პროგნოზის გაკეთება ძნელია, თუმცა, დღეის მოცემულობით ვერცერთი პოლიტიკური ძალა 50%-ზე მეტს ვერ აიღებს. ანუ, "ქართულმა "ოცნებამ" 40%-იც რომ აიღოს, მან უნდა იპოვოს მოკავშირეები პარლამენტის შიგნით.
ამაზე შეიძლება წავიდეს "ევროპული საქართველო". ის პრაგმატული პარტიაა, საკონტროლო პაკეტიც ხელში უჭირავს, ანუ ივაჭროს ან "ოცნებასთან" ან "ნაციოანალებთან". "ნაციონალების და "ოცნების" ერთმანეთთან თანამშრომლობა გამორიცხულია.
"ოცნებამ" ორი დიდი შეცდომა დაუშვა, პირველი, როცა შუა გაკრიფა, მეორე კი როცა კოალიცია დაშალა, ამიტომაც, ბევრი პოლიტიკური პროგრამა ჩაუვარდათ.
ახლა როგორც ჩანს ამის გამოსწორებას აპირებს. მაგრამ, თუ "ოცნება" მთავრობას ვერ ჩამოაყალიბებს მას, "მოქალაქეთა" კავშირის ბედი ელოდება. ოპოზიციაშიც დიდხანს ვერ გაძლებს. ასე რომ, ამ არჩევნების მთავარი კითხვა არის, ვინ წავა "ქართულ ოცნებასთან" ალიანსზე.
"რ": ივანიშვილის ბოლო დღეებში გაკეთებული განცხადება, რომ აპირებს თავისი ქონების 90%-ი ქველმოქმედებაში ჩადოს, ოპოზიციის მხრიდან მორიგ წინასაარჩევნო დაპირებად შეფასდა. მათი აზრით, ივანიშვილი წინასარჩევნოდ ცდილობს თავისი იმიჯის რეანიმაციას...
პ.ზ: არ ვიცი, რისი თქმა უნდოდა ამ განცხადებით ივანიშვილს, ის მდიდარ პროექტებზე ლაპარაკობს. მას მართალაც ძალიან უყვარს თავისი სამშობლო, ძალიან ბევრი ქველმოქმედებაც გააკეთა, რისთვისაც მადლობა გვეთქმის; მაგრამ, ქველმოქმედება ერთია და პოლიტიკა მეორე. აშკარაა, რომ პოლიტიკა მისი საქმე არ არის და რაც მალე წავა პოლიტიკიდან მისთვის მომგებიანი იქნება.
"რ": "გაერთიანებული ოპოზიციის" ლიდრები, საკუთარ ამომრჩეველს არწმუნებენ, რომ მათი ერთობა არ დაიშლება. როგორ წარსდგებიან მომავალ არჩევნებზე ამ მექანიზმებზე კი უკვე მუშაობენ.
პ.ზ: "გაერთიანებული ოპოზიცია" რეალურად არის "ნაციონალური მოძრაობა", ღერძი, რომლის გარშემოც გაერთიანებულია პატარა პარტიები. სავარაუდოდ მომავალი არჩევნებისთვის ერთიანი სიით დარეგისტრირდებიან და ყველა პარტიას ექნება თავისი ადგილი. ანუ ერთიან სიაში შევა ყველა პარტიიდან ერთ ან ორი კაცი. ალბათ ერქმევა "გაერთიანებული ნაციონალური მოძრაობა". "ნაციონალები" სახელს არ დაკარგავენ.