2018 წელს უცხოეთიდან საქართველოს 4 566 მოქალაქის დეპორტირება მოხდა და ეს რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. მომავალში ამ ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში, უვიზო რეჟიმი საქართველოსთვის შესაძლოა დროებით შეჩერდეს. გვახსოვს ევროკომისარ იოჰანეს ჰანის განცხადებაც, რომ საქართველოს მოქალაქეები ევროპაში თავშესაფარას ვეღარ მოიპოვებენ და ხშირად თავშესაფრის მიღების მოთხოვნა უსაფუძვლოა. სწორედ ჰანის ეს განცხადება და ბოლო წლის მონაცემები ქმნის ამ საფრთხის წინაშე დადგომის წინაპირობას.
საქართველოს 2019 წლის მიგრაციის ანგარიშში აღნიშნულია, რომ გასულ წელს უცხოეთში მყოფი საქართველოს 4 566 მოქალაქის დეპორტირება მოხდა, მათი ნახევარზე მეტი ისრაელიდან და თურქეთიდან გამოძევებული საქართველოს მოქალაქეა; გასულ წელს გერმანიიდან საქართველოს მოქალაქეთა დეპორტაციის 531 ფაქტი დაფიქსირდა, რუსეთიდან - 209, თურქეთიდან - 1788, ისრაელიდან - 813, საფრანგეთიდან - 273, ავსტრიიდან - 166, ბელგიიდან - 108, შვეიცარიიდან - 84, იტალიიდან - 83, შვედეთიდან - 102, ფინეთიდან - 30, საბერძნეთიდან - 58, ესპანეთიდან - 44 ,ხოლო უკრაინიდან - 46.
ევროსტატის მონაცემების მიხედვით, ბოლო ორი წლის განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა საქართველოს იმ მოქალაქეთა რაოდენობა, რომელთა მიმართაც ევროკავშირის წევრ ქვეყნებში გამოტანილი იქნა გადაწყვეტილება ქვეყნის დატოვების თაობაზე.
ასეთ ქვეყნებს შორის 2018 წელს ლიდერობენ: გერმანია, საფრანგეთი, საბერძნეთი, შვედეთი და პოლონეთი. 2018 წელს ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს 9 745 მოქალაქის მიმართ იქნა ქვეყნის დატოვების გადაწყვეტილება მიღებული. ასევე წლიდან წლამდე იზრდება ევროკავშირის ქვეყნებიდან იძულებით და ნებაყოფლობით დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობაც.
საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ თუკი პროცესი არ დარეგულირდება, უვიზო რეჟიმის დროებით შეჩერების საფრთხე უახლოეს მომავალში გაჩნდება.
„თუ ეს პროცესი რაღაცნაირად არ დარეგულირდა, ასეთი საფრთხე, რა თქმა უნდა, გაჩნდება. არსებობს ლიმიტი, რომლის ფარგლებში ჩვენი პარტნიორები მხარს გვიჭერენ, მაგრამ ძალიან უხეში დარღვევის შემთხვევაში, საკითხი შეიძლება სხვანაირადაც დაისვას.
"ამიტომ, საჭიროა ეს გაიგოს საზოგადოებამ და ხელისუფლებამ. საზღვრის გადაკვეთასა და განცხადების გაკეთებას, რომ მის უსაფრთხოებას საქართველოში რაღაც ემუქრება, არ მოჰყვება კარგი შედეგი და ეს ყველა მოქალაქის მიერ უნდა იყოს რეალიზებული," - ამბობს მენაღარიშვილი.
ამასთან, ანგარიშში ნათქვამია, რომ 2018 წელს საქართველოდან წასულ ემიგრანტთა რაოდენობა გაიზარდა. ყველაზე მეტი ემიგრანტი საქართველოდან კვლავ რუსეთში იმყოფება. ასევე ირკვევა, რომ ბოლო წლებში საქართველოდან რუსეთში ჩასულ საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა კლებულობს, ხოლო საქართველოს იმ მოქალაქეთა რაოდენობა, რომლებმაც რუსეთი დატოვეს, იზრდება.
ანგარიშის მიხედვით, 2018 წელს რუსეთში ემიგრაციაში საქართველოს 6 345 მოქალაქე წავიდა, ამავე წელს რუსეთიდან საქართველოში 4 314 საქართველოს მოქალაქე დაბრუნდა.
საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი პროცესის დარეგულირებასა და ამ ტენდენციის რეალურ მიზეზებზე საუბრობს; ამ კუთხით, ხელისუფლებამ საზოგადოებასთან მუშაობა უნდა დაიწყოს.
„ამის დარეგულირების გზები არსებობს; ამას, რა თქმა უნდა, საზოგადოებასთან საინფორმაციო საშუალებებით მუშაობა დასჭირდება. მიზეზი ერთია; ჩვენთან სოციალური ფონი რთულია, ადამიანისთვის ადვილი არ არის ზოგჯერ ფუნდამენტური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისთვის წყაროს მოძებნაც კი. შესაბამისად, ნუ ვიტყვით რომ, ეს მისწრაფება სრულიად უსაფუძვლოა. ამას თავისი მიზეზები აქვს და ამ მიზეზებთან ბრძოლაა საჭირო.
„ახლა საჭიროა, რაც შეიძლება სწრაფად ეფექტის მიღების მცდელობა, იმისთვის, რომ ეს პროცესი სხვა მოქალაქეებისთვის დამაზიანებლად არ იქცეს, მათთვის, ვინც ევროპაში მგზავრობის შეღავათიანი პირობებით სამართლიანად სარგებლობენ და კანონის დარღვევას არ აპირებენ.
"საბოლოოდ, პრობლემის დაძლევა მხოლოდ ქვეყანაში სოციალური და ეკონომიკური ფონის გაუმჯობესებით არის შესაძლებელი. ისიც გასათვალისწინებელია რომ, ადამიანებს, ვინც ასეთ ნაბიჯს დგამენ, საკმარისი ინფორმაცია უნდა ჰქონდეს იმის შესახებ, თუ რა მოელით. ბევრ მათგანს წარმოდგენაც კი არ აქვს რა ნაბიჯს დგამს და ისე იღებს გადაწყვეტილებებს," - განაცხადა ირაკლი მენაღარიშვილმა.