ელზა პაპოშვილი
07.11.2019

 „და ჩვენ ვიცეკვეთ" კანის კინოფესტივალის ერთ-ერთ საკონკურსო ფილმის პრემიერა საქართველოს კინოთეატრებში შესაძლოა ჩაიშალოს. ფილმის სიუჟეტი, სადაც ახალგაზრდა მოცეკვავის შესახებ არის, რომლის ცხოვრებაც რადიკალურად მას შემდეგ იცვლება, რაც ამბიციური მეტოქე მამაკაცი უყვარდება. საქართველოში ვნებათაღელვის მიზეზი ხდება. ფილმის ავტორი ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორი ლევან აკინია და მისი პრემიერა საქართველოს კინო-თეატრებში 8 ნოემბერს გაიმართება.

ფილმის პრემიერის ხელის შეშლით იმუქრება „ქართული მარში", ლევან ვასაძე და მისი მოხმრეები და სასულიერო პირების ნაწილი. რვა ნოემბერს ფილმის პრემიერის პარალელურად დაგეგმილი აქციის დროს, ვითარების შესაძლო დაძაბვაზე პასუხისმგებლობას სამღვდელოება კინოთეატრებს აკისრებს. ამის შესახებ განცხადება, სოფელ თელეთის მღვდელმა მამა ბასილ იაშაღაშვილმა და ავჭალის ქეთევან წამებულის სახელობის ეკლესიის დეკანოზმა ლევან ანთაძემ გააკეთეს.

მათი შეფასებით, ფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ" გარყვნილების პროპაგანდაა და მისი ჩვენება კინოთეატრებში არ უნდა მოხდეს. ამასთან, სასულიერო პირებმა აღნიშნეს, რომ მათი მოსაზრებები სამღვდელოების დიდი ნაწილის პოზიციას გამოხატავს.

რაც შეეხება მოწოდებებს, რომლის მიხედვითაც, თუ კი პოლიცია რადიკალურ პროტესტს ხელს შეუშლის, აქციის მონაწილეები მას წინააღმდეგობას გაუწევენ, სასულიერო პირებმა განაცხადეს, რომ ისინი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას არ ეთანხმებიან.

„ამ ფილმის მიზანია, რომ ერთნაირსქესიან ადამიანებში ვნებიანი ლტოლვა დანერგოს და წარმოაჩინოს, რომ ეს ბუნებრივი და ნორმალურია. ეს არის მამათმავლობის პროპაგანდა. მთავრობას და მედიას მოვუწოდებთ, ხელი შეუშალონ ამ ფილმის ჩვენებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ხელს შეუწყობენ ახალგაზრდობის გახრწნას.

"კარგია, რომ საზოგადოება პროტესტს გამოთქვამს და აქცია უნდა მოაწყონ კინოთეატრების წინ. მე მივალ აქციაზე და დავდგები იქ. მოვუწოდებ მშობლებს, ნუ გაუშვებენ ამ ფილმის ჩვენებაზე თავიანთ შვილებს. პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევა არ მიმაჩნია სწორად, იქ მისვლაც საკმარისი იქნება", - განაცხადა მამა ბასილ იაშაღაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ ეს განცხადებები არ არის საპატრიარქოს ოფიციალური პოზიცია. საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, სადაც ფილმის შინაარსს აკრიტიკებს, თუმცა ძალადონრივ ქმედებებს ემიჯნება. საქართველოს საპატრიარქო ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კატეგორიულად შეურიგებელია სოდომური ურთიერთობების პოპულარიზაციისა და დაკანონებისადმი, რის გამოც მიუღებლად მიაჩნია ასეთი ფილმის კინოთეატრებში ჩვენება, თუმცა საპატრიარქო იქვე ხაზს უსვამს, რომ ემიჯნებიან ძალადობას და ძალადობრივ ქმედებებს.

„საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ყოველთვის იყო, არის და იქნება კატეგორიულად შეურიგებელი როგორც საერთოდ ცოდვის, ისე, მითუმეტეს, სოდომური ურთიერთობების პოპულარიზაციისა და დაკანონებისადმი. ამიტომაც, ყოვლად მიუღებლად მიგვაჩნია ასეთი ფილმის კინო-თეატრებში ჩვენება.

ამასთან დავძენთ, რომ როგორც ადრე, ამჟამადაც, რა თქმა უნდა, ჩვენის მხრივ, ვემიჯნებით ძალადობას და ძალადობრივ ქმედებებს", - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

კინოს ჩვენების ჩაშლით ბიზნესმენი ლევან ვასაძე იმუქრება. ვასაძე, რომელიც ჰომოფობიური განწყობით გამოირჩევა, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წევრების "დაპატიმრებას და განეიტრალებას" ითხოვს. ვიდეომიმართვაში ვასაძე ამბობს, რომ თავის მხარდამჭერებთან ერთად კინოთეატრებში შევა, პოლიციის კორდონს გაწევს შიშველი ხელებით, შევა კინოთეატრებში, გათიშავს ფილმს და ჩაშლის ჩვენებას.

"მოგიწოდებთ გაანეიტრალოთ და დააპატიმროთ იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები, ვინც ამ ძირგამომთხრელ, ანტისახელმწიფოებრივ კონსპირაციულ საქმიანობას ეწევიან,"- განაცხადა ვასაძემ თავის ვიდეომიმართვაში.

ლგბტ თემაზე შექმნილი ქართულ-შვედური ფილმის შემოქმედებითმა ჯგუფმა კი მიიღო გადაწყვეტილება, რომ პრემიერამდე არცერთ აგრესიულ განცხადებას არ უპასუხოს.

ფილმის შემოქმედებითი ჯგუფის წევრმა ლევან გელბახიანმა განაცხადა, რომ შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ნეგატიურ დამოკიდებულებას ელოდნენ.

"რაღაც მომენტში ვიცოდი, რომ ასეთი რეაქციები მოჰყვებოდა. ყველას თავისი შეხედულებები აქვს. ჩემთვის, რაც შეიძლება იყოს გამაღიზიანებელი, სხვისთვის არ იყოს. ფილმში ძალიან დიდ სიყვარულს ნახავთ და ცოტა სხვა კუთხით დანახულ საქართველოს," - განაცხადა მსახიობმა ლევან გელბახიანმა.

არასამთავრობო სექტორი სასულიერო პირებისა და სხვა ჯგუფების მიერ გაკეთებულ განცხადებებს, რომ 8 ნოემბერს კინოთეატრების ბლოკირებას მოახდენენ და ლგბტ თემაზე გადაღებულ ქართულ-შვედური ფილმის - "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენებას ჩაშლიან, მუქარად აღიქვამენ. შსს-ს მოუწოდებენ, რომ ყველა მოქალაქის უსაფრთხოება დაცული იყოს.

მედიამკვლევარი ნინია კაკაბაძე კი აცხადებს, რომ საუკეთესო თავდაცვა თავდასხმაა, რომელსაც საპატრიაქრო და ეკლესია მიმართავს. მისი თქმით, ყველას აქვს საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება, თუმცა, ეს აგრესიული ფორმით არ უნდა მოხდეს, რომელიც ძალადობაში გადაიზრდება.

„რა თქმა უნდა, საზღვარგარეთაც გვინახია, თუნდაც დავინჩის კოდს როგორ აპროტესტებენ, მაგრამ მათ ამის უფლება აქვთ, თუმცა, ამას მშვიდობიანი ფორმა უნდა ჰქონდეს. შეუძლიათ კინოთეატრის შესასვლელთან დადგნენ და საკუთარი მოსაზრება ასე გამოთქვან. თუმცა, ჩვენ კარგად ვიცით, რომ ეს ადამიანები მშვიდობიანები არ არიან.

"ისინი აგრესიულები, საშიშები არიან და ძალადობაზე პირდაპირ მიდიან. აქ ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ სახელმწიფო მათ ვერ აკავებთ. დაპირებები არა ერთხელ მოგვისმენია ხელისუფლებისგან, რომ უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ, თუმცა, კონფლიქტის დროს ამბობს, რომ ის ვერ ჩაერევა. ამის მაგალითი „თბილისი პრაიდის" სახით გვაქვს. თავდაპირველად ორგანიზატორებს დაპირდნენ, რომ მათ უსაფრთხოებას დაიცავდნენ, თუმცა მოგვიანებით უარი უთხრათ. არ მაქვს იმედი არც ჩვენი სახელმწიფოსი და არც ჩვენი სამართალდამცველი ორგანოების",-ამბობს ნინია კაკაბაძე.

„რეზონანსთან" ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია კი აცხადებს, რომ ხელისუფლებამ კანონით მინიჭებული ყველა ვალდებულება უნდა აღასრულოს, რაც იმას გულისხმობს, რომ ნებისმიერი ფილმი და აქტივობა, რაც კანონის ფარგლებში ჯდება, დაიცვას. მისი მაყურებლებიც და მონაწილეებიც. ხოლო ვინც ამ უფლებების აღსრულებაში ხელს უშლის, განარიდოს ტერიტორიას ან დააკავოს.

„ზოგადად, საპატრიარქოს მსგავსი ქცევები ახასიათებს და ასეთი პროტესტი სხვა ფილმებზე გამოუხატავს. გვახსოვს დავინჩის კოდზეც ჰქონდათ მსგავსი რეაქცია და მეტ-ნკლებად კანონის ფარგლებში ჩაჯდნენ. გამოხატვის თავისუფლება გვაძლევს, რა თქმა უნდა, უფლებას გავაპროტესტოთ ის რაც არ მოგვწონს, მაგრამ ეს კანონის ფარგლებში უნდა მოხდეს. ახლა საპატრიარქოს გამოხატვა და პროტესტი უფრო აგრესიული ფორმით ხდება. საპატრიარქო რასაც ამბობს, ეს არის საზოგადოების ნაწილის დარაზმვა, რაც ძალიან მიუღებელია. ის რომ ან საპატრიარქომ, ან სხვა რელიგიურმა თემამ რაღაც მოიწონოს და რაღაც არა, ყველას გამოხატვის უფლება აქვს, მაგრამ ამან უკანონო ქცევის წახალისება არ უნდა მოახდინოს", - ამბობს გამზარდია „რეზონანსთან".

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით კი ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერის დროს უწყება საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლების დაცვას უზრუნველყოფს.

ფილმის პრემიერისას დაანონსებულ აქციებთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს და ყველას მოუწოდებს, დაიცვან კანონის მოთხოვნები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×