(რეზონანსი)„ვერავინ ვერავის აუკრძალავს ან დაუდგენს, რა ტიპის ფილმი უნდა გადაიღოს, გაუშვას ან ვინ რა ფილმს უყუროს და რა წიგნი წაიკითხოს", - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ"-ის პრემიერასთან დაკავშირებით განაცხადა.
„ჩვენ რაც მოვისმინეთ, ეს იყო პირდაპირი მუქარა, რომ მოახდენენ კონკრეტული შენობების, მათი შესასვლელების ბლოკირებას, ჩაშლიან კინოჩვენებას და არ შეუშვებენ იქ ადამიანებს. აღნიშნული ტიპის ქმედება თუ განხორციელდა, ეს არ წარმოადგენს გამოხატვის თავისუფლებით დაცულ სფეროს და სწორედ ამაზე მივანიშნეთ ჩვენ როგორც აქციის მონაწილეებს, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ მიიღონ კანონით გათვალისწინებული ზომები იმისთვის, რომ სხვა პირთა გადაადგილების თავისუფლებას, მათი უფლებების რეალიზაციასა და უსაფრთხოებას არ შეექმნას საფრთხე. მე იმედი მაქვს, რომ პოლიცია იქნება მობილიზებული იმ დღეს და იმედი მაქვს, რომ თავიდან იქნება აცილებული ნებისმიერი გართულება ამ მიმართულებით", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
შეგახსენებთ, რომ 8 ნოემბერს ქართული კინოთეატრებაში „და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერა გაიმართება. ქართული მარში, ლევან ვასაძე და ქართული ეკლესია ფილმის წინააღდეგ გამოდის და მათი თქმით, ისინი ხელს შეუშლიან ფილმის გაშვებას და თუ საჭიროა ფიზიკურ ძალასაც გამოიყენებენ ამისათვის.