თამარ შუკვანი
09.11.2019

 „ეს ქვეყნის ავტორიტეტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომელმაც უნდა დაამტკიცოს, რომ ამ კლუბის ღირსებული წევრია და შეიძლება ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელიც იყოს," - აცხადებს „რეზონანსთან" საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის საქართველოში დაანონსებული სტუმრობისა და ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს მოახლოებულ თავჯდომარეობის მნიშვნელობის შესახებ საუბრისას.

11 ნოემბერს, საქართველოს ვიზიტით ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, მარია პეინჩინოვიჩ ბურიჩი ეწვევა, რაც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს მოახლოებულ თავჯდომარეობას უკავშირდება. მინისტრთა კომიტეტში საქართველოს თავმჯდომარეობა 2019 წლის ნოემბრიდან 2020 წლის მაისამდე გაგრძელდება.

„რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციაში, მათ შორის ეუთოში, ევროპის საბჭოში, ქვეყნები მორიგეობით ხელმძღვანელობენ ორგანიზაციას. ან ერთი წლის, ან ექვსი თვის განმავლობაში ეს ქვეყანა აწესრიგებს და მართავს ამ ორგანიზაციის საქმიაონობას.

„ევროპის საბჭოში ასეთი წესი აქვთ, რომ მინისტრთა კაბინეტის ერთი სხდომა იმ ქვეყნის დედალაქაში იმართება, რომელიც თავმჯდომარეა, ხოლო თავმჯდომარე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, სხდომებს პერიოდულად ხელმძღვანელობს", - ამბობს მენაღარიშვილი.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართავს. მხარეები განიხილავენ საქართველოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებულ საკითხებს. ასევე, საუბარი შეეხება საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებსა და სამომავლო გეგმებს.

მენაღარიშვილი ამ ვიზიტის მნიშვნელობის შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ საქართველო უნდა იყოს პრინციპული და დაამტკიცოს, რომ ევროპის საბჭოს ღირსებული წევრია.

„არსებითად ყველა ის საკითხი, რომელიც იმ პერიოდში ორგანიზაციაში დადგება, ან წევრები დააყენებენ, სხვა ინსტრუმენტებთან ერთად, მოქმედი თავმჯდომარის კონტროლ ქვეშ, მისი პასუხისმგებლობით წარიმართება და შეისწავლება ხოლმე. ეს სერიოზული, საპასუხისმგებლო საქმიანობაა.

„ეს უპირველესად ჩვენი ავტორიტეტია. საქართველო, მისი თავმჯდომარობის დროს, რაიმე გადაწყვეტილების ინიცირებას, რომელიც გამონაკლისის სახით შეიძლება იქნეს მიღები, რა თქმა უნდა, ვერ შეძლებს. აქ საუბარია ძირითადად ქვეყნის ავტორიტეტზე და მის გავლენაზე ევროპულ საქმეებსა და ევროპელ პარტნიორებზე.

„რამდენი რთული საკითხი შეიძლება გაგვიჩნდეს; ვიცით ევროპის საბჭოს გადაწყვეტილება რუსეთისათვის საპარლამენტო ასაბლეაში ხმის უფლება დაბრუნების შესახებ, რაც სერიოზულ, მწვავე შეფასების საგანი გახდა. საქართველოს მოუწევს იყოს პრინციპული და ამავე დროს, დაბალანსებულად მიუდგეს ამ საკითხს, რომ არავინ დასწამოს საკუთარი ინტერესებისა და შეხედულებების ლობირება," - განაცხადა ირაკლი მენაღარიშვილმა.

ვიზიტის დროს დაგეგმილია ევროპის საბჭოს 70 წლისთავისა და ევროპის საბჭოში საქართველოს გაწევრიანების 20 წლისთავთან დაკავშირებით შექმნილი საიუბილეო მონეტის პრეზენტაცია და გაიმართება საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 წწ. სამოქმედო გეგმის ოფიციალური პრეზენტაცია.

2020-2023 წლების სამოქმედო გეგმა ევროპის საბჭოსა და ქართული მხარის აქტიური თანამშრომლობით მომზადდა და მიზნად საქართველოს ევროპულ სტანდარტებთან ადამიანის უფლებათა დაცვის, დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის მიმართულებით კიდევ უფრო მეტად დაახლოებას ისახავს.

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი შეხვედრებს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელთან გამართავს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×