ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ 9 ნოემბერს, ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენების საწინააღმდეგოდ ვერის ბაღში გამართულ შეხვედრაზე თავის თანამოაზრეებს მიმართა და განაცხადა, რომ „ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი აპრილში მასთან სახლში სათხოვარით იმყოფებოდა და მათ შორის შეთანხმება შედგა, რომელიც ივანიშვილმა დაარღვია. სწორედ ამიტომ ვასაძე ოლიგარქის გადადგომას ითხოვს.
„რეზონანსთან" საუბრისას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი და პოლიტიკური ექსპერტი გია ხუხაშვილი თანხმდებიან, რომ ლევან ვასაძემ სათქმელი ბოლომდე უნდა თქვას და დაასახელოს ის თემა, რომელზეც, სავარაუდოდ, ესაუბრა ივანიშვილს, ან თავად „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ დაადასტუროს ან უარჰყოს ვასაძის ნათქვამი.
ვასაძემ ვერის ბაღში სიტყვით გამოსვლისას ივანიშვილს მათ შორის არსებული შეთანხმების დარღვევაში დასდო ბრალი და იქვე განაცხადა, რომ ივანიშვილთან საუბრის შინაარსის გასაჯაროებას არასოდეს დათანხმდება:
„ბიძინა, ახლა რასაც ვიტყვი, იქნება სრული პატივისცემით კაცობის კოდექსის მიმართ. როდესაც გასულ აპრილს ჩემთან სახლში მოხვედი რაღაც წინადადებით და სათხოვარით, როდესაც ეს საუბარი შედგა, მერე შენივე წინადადებით გაგრძელდა შენთან სახლში და ამასაც ვაცხადებ საჯაროდ მხოლოდ იმიტომ, რომ მიუხედავად ჩვენი შეთანხმებისა, რომლის თანახმადაც ამ შეხვედრას არ გავასაჯაროებდით, მეორე თუ მესამე დღეს, არ ვიცი რა მანქანებით, ჩვენი შეხვედრის ფაქტი გაჟღერდა ქართულ პრესაში. მე ამ შეხვედრების შინაარსს არასოდეს არ გავასაჯაროვებ... გულწრფელად გეუბნები, რომ აღარ გაქვს საქართველოს ხელმძღვანელობის უფლება", - აღნიშნა ლევან ვასაძემ.
„რეზონანსი" შეეცადა გაერკვია რაზე ისაუბრეს ბიძინა ივანიშვილმა და ლევან ვასაძემ, რა შეთანხმება შედგა მათ შორის და რა დაარღვია ივანიშვილმა. ასევე ვასაძის მოთხოვნით, საიდან უნდა გადადგეს ბიძინა ივანიშვილი.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი აღნიშნავს, რომ „ლევან ვასაძეს ისტერიკა აქვს", რადგან ხედავს, რომ საზოგადოების ძირითადი ნაწილი მას მხარს არ უჭერს, რის გამოც იყენებს მსგავს მეთოდებს:
„საქართველოში მოქმედებს კონსტიტუცია, რომელზე მაღლა არაფერი არ დგას. კონსტიტუციაში წერია, რომ ყველა ადამიანი თანასწორია განურჩევლად კანის ფერისა, რასისა, ქონებისა, სქესისა და ა.შ. ყველა დანარჩენი კოდექსი კონსტიტუციას უნდა შეესაბამებოდეს. ასე რომ, ის ისევ შუა საუკუნეებიდან გველაპარაკება.
„თუ რამის თქმა უნდა და საზოგადოების ინტერესიდან გამომდინარეა ის შეხვედრა, კეთილი უნდა ინებოს და თქვას, თუ არადა ნუ დაიწყებს ამაზე ლაპარაკს. „კაცობის კოდექსი" კი არა, ისტერიკაშია ჩავარდნილი.
„წარმოდგენა არ მაქვს, რაზე შეიძლებოდა, ყოფილიყო შეთანხმება. ან ივანიშვილმა უნდა დაადასტუროს, რომ ეს საუბარი შედგა, ან ვასაძემ უნდა თქვას ბოლომდე - ნახევრად ლაპარაკი არ გამოვა, არაკორექტული და არასწორია.
„ვასაძე აშკარად ისტერიკაშია, რადგან ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილი მათ არ მიჰყვება, მათი არ ესმით და დასცინიან. აშკარად ჩარჩენილები არიან შუა საუკუნეებში და ისტერიკა აქვთ გამართული იმის გამი, რომ საზოგადოება არ მიჰყვება.
„მგონია, რომ სულ მალე რადიკალური ჯგუფების არსებობა საქართველოში შენიშნულიც კი აღარ იქნება. ეს მათი პრობლემაა, აშკარად ნერვიულობენ, რომ ვერ მიაღწიეს წარმატებას და საზოგადოებაში აღმოჩნდნენ მარგინალები, როდესაც თვლიდნენ, რომ საზოგადოება მათი მსგავსი ადამიანებისგან შედგებოდა", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ ლევან ვასაძე ახლა არის გაღიზიანებული, თავისი გამოსვლებით კი სახის შენარჩნებასა და ოპოზიციურ ნიშაში დარჩენას ცდილობს:
„გასაგებია, რომ ლევან ვასაძე არის გაბრაზებული. გარდა ამისა, ცდილობს, რომ სახე შეინარჩუნოს, გაემიჯნოს არსებულ ხელისუფლებას და ოპოზიციურ ნიშაში შეყოს თავი. მგონია, რომ არ არის საინტერესო, თუ რას იტყვის ლევან ვასაძე. ერთი წლის განმავლობაში 24 საათი ბიძინა ივანიშვილთან ვიყავი. ახლა უნდა გამოვიდე და ვთქვა რაზე ვილაპარაკეთ იმ შეხვედრებზე, თუ რა უნდა ვქნა?
„ჭორაობას არ ვაპირებ... ბიძინა ივანიშვილის გადადგომის მოთხოვნა, თავისთავად, არალოგიკურია. საიდან უნდა გადადგეს ივანიშვილი? გაუგებარია - ის არ არის თანამდებობის პირი, ხოლო პარტიის თავმჯდომარეობიდან გადადგომამა არაფერს არ ცვლის", - ამბობს ხუხაშვილი.