
(რეზონანსი) არცთუ ისე დიდი ხნის წინ, ხაშურში, ყოფილმა მეუღლემ ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე ქალი სიცოცხლეს გამოასალმა. ვინ იცის, მერამდენე შემთხვევაა ეს საქართველოში, როცა ქმრები ყოფილ "მეორე ნახევრებს" უმოწყალოდ უსწორდებიან.
ოჯახური ძალადობა მთელ მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული მოვლენაა, რომელსაც ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში ებრძვიან. არის თუ არა ქალზე ძალადობა საქართველოში და რატომ უსწორდებიან ქმრები ყოფილ მეუღლეებს ასე დაუნდობლად?
„21-ე საუკუნის საქართველოში ქალები ბევრად უფრო პრინციპულები, გონიერები და შრომისუნარიანები არიან, მამაკაცების უმრავლესობას კი, მხოლოდ ტრადიციული შეხედულებები შემორჩა, მათ უმეტესობას არც შემოსავალი აქვს, არც ქონება და არც - ღირსეული მდგომარეობა. მამაკაცი თავის ადგილზე აღარ დგას და დაჩაჩანაკებულია. როცა ცოლი უფრო ძლიერია, ეს ზოგიერთ მამაკაცში აგრესიას და ბოღმას იწვევს. ის ქალები, რომლებიც ყოფილი ქმრების მსხვერპლად იქცნენ, სწორედ ასეთები იყვნენ: გაბედულები, ძლიერები და საქმიანები. ზოგიერთი უცხოეთიდან იყო ჩამოსული და სამშობლოში თავის დამკვიდრებას ცდილობდა. როგორც წესი, ქალებზე დაბოღმილი, დასუსტებული და გაუნათლებელი მამაკაცები ძალადობენ. ძლიერ მამაკაცებს ჭკვიანი ქალებისა არ ეშინიათ, პირიქით, პატივს სცემენ და უყვართ.
როცა ადამიანი ჩლუნგი, ხეპრე და გაუნათლებელია, ყველაფერს იკადრებს. ჯერ რომ სიცოცხლეს მოუსწრაფებ და მერე ყოფილი მეუღლის სახელს ჩირქს მოსცხებ, კაცი კი არა, არარაობა ხარ, აბა, რა ხარ?! რას ვიზამთ, სავსეა ქვეყანა სუსტი და მხდალი მამაკაცებით, ისინი ვერ ეგუებიან, რომ ცოლი უფრო წარმატებულია, უფრო ლამაზია და საზოგადოებაში ჩანს. ყველაზე მეტად კი, იცით, რა მაკვირვებს? - ხშირად ქალები უფრო თავგამოდებით იცავენ მოძალადე მამაკაცებს და მსხვერპლს კიცხავენ - მსხვერპლს, რომელმაც გაბედა და ახალი ცხოვრების დაწყება სცადა. ქალები ბევრად უფრო დაუნდობლები არიან ქალების მიმართ, რაც მაკვირვებს. როგორც ჩანს, ეს დახურული, გაუნათლებელი საზოგადოების დამახასიათებელი ნიშანია", - ამბობს მხატვარი გია ბუღაძე „კვირისპალიტრასთან".