კახეთში სადისტური მკვლელობის ახალი დეტალები ხდება ცნობილი. 7 ნოემბერს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არბოშიკში 61 წლის მარტოხელა ქალი თამარ სეფიაშვილი სასტიკად ნაწამები და შემდეგ გაგუდული მეზობელმა იპოვა.
ადგილობრივები „რეზონანსთან“ მკვლელობის შესაძლო ვერსიაზე ყვებიან და ამბობენ, რომ სავარუდოდ ყაჩაღობას უნდა ჰქონდეს ადგილი. მათივე ინფორმაციით, თამარ სეფიაშვილის შვილმა ესპანეთიდან მეზობელს დაურეკა და უთხრა, რომ დედა ტელეფონზე არ პასუხობდა და სახლში მიეკითხა როგორ იყო.
რა უნდა ჰქონოდა გარდაცვლილ ქალს, რომელიც სკოლასთან ფუნთუშებს ყიდდა და სიდუხჭირეში ცხოვრობდა? ადგილობრივები „რეზონანსთან“ ყვებიან, რომ მოკლულ ქალს ესპანეთში შვილი ჰყავს, რომელიც ფულს უგზავნიდა და თამარ სეფიაშვილი ამ თანხებს აპროცენტებდა. მათი თქმით, ხშირი იყო შემთხვევა, როდესაც ქალს ვალს აღარ უბრუნებდნენ და შემდეგ კონფლიქტი ჰქონდათ. თანასოფლელები არ გამორიცხავენ, რომ ქალი რომელიმე მოვალესაც მოეკლა.
„ გარდაცვლილი რომ ფულს აპროცენტებდა, არც მალავდა და ეს სოფელში ყველამ კარგად იცის. ხშირი იყო, როდესაც მევალეები მას ფულს აღარ უბრუნებდნენ და სულ კონფლიქტი ჰქონდა. სავარაუდოდ, ვინმე მისმა მოვალემ მოკლა, აბა, სხვა რა მიზეზით უნდა მოეკლათ? ჯანიანი ქალი იყო, მაგას ერთი ადამიანი ვერ მოერეოდა. თანაც შორიდან არავინ მოვიდოდა, ვიღაც ახლოდან არის“, - აცახდებს გარდაცვლილი ქალის თანასოფლელი.
სავარაუდოდ, ცენტრალურ ქუჩაზე მდებარე სათვალთვალო კამერები პოლიციამ უკვე ამოიღო და დამნაშავე პირის დასადგენად საგამოძიებო ღონისძიებები მიდის.
მოკლული თამარ სეფიაშვილის ძმა გია სეფიაშვილი აცახდებს, რომ მის დას სახეზე დაზიანებები აქვს და სასტიკად არის ნაცემი, ასევე ხელები აქვს დამტვრეული.
„ხელები და პირი წებოვანი ლენტით ჰქონდა შეკრული. სკამზე იყო მიბმული ამ მდგომარეობაში იპოვეს. სავარაუდოდ, შემდეგ ხელით ან სხვა რამით არის გაგუდული.
„ყაჩაღობის მიზნით არიან შემოსული. სახლი რომ ნახოთ, გაგიჟდებით - რა უნდა ჰქონოდა, სახლის იატაკი დამპალი და ჩავარდნილია. რაღაცას ეძებდნენ, სავარაუდოდ, ფულს. ამას რა ფული უნდა ჰქონოდა...
„შვილი ჰყავს ესპანეთში. არ ვიცი რა დააგულეს, ვინ იფიქრა, რომ ამ საწყალს ფული ექნებოდა. ქმარი სამი წლის წინ მოუკვდა და მარტო ცხოვრობდა. რა ფული ექნებოდა, ან რა წამება ამას უნდოდა, განძი ჰქონდა დამალული და არ აძლევდათ?!
„არ ვიცი რა ვთქვა, სასტიკად ნაცემია. ხელებიც დამტვრეული აქვს. სახეზე ცემის კვალი ეტყობა“, - ამბობს გარდაცვლილის ძმა გია სეფიაშვილი „რეზონანსთან“.
მოკლული ქალის მეზობელი ლია ჩომახაშვილი „რეზონანსთან“ ყვება, რომ პირველი ის იყო, ვინც გარდაცვლილი ქალი იპოვა. ეზოში შესულმა მეზობელს რამდენჯერმე დაუძახა, თუმცა ხმა როდესაც არ გასცა, სახლის ფანჯრიდან ოთახში შეი ხედა, სადაც საშინელი სურათი დახვდა - ქალი სრულიად არეულ ოთახში საკმზე დაბმული ნახა.
მან მაშინვე გარდაცვლილის ძმისშვილს დაურეკა, რომელმაც შემდეგ საპატრულო პოლიცია გამოიძახა.
„სახლში მივედი და ვეძახდი. ხმა რომ არ გამაგონა, ვიფიქრე ცუდად ხომ არ არის-თქო. ახლოს მივედი და ფანჯრიდან შევიხედე. სკამზე იჯდა და გარშემო არეულობა იყო. მაშინვე მივხვდი,რ ომ რაღაც ცუდი ხდებოდა. ავტეხე ყვირი და მის ძმისშვილს დავურეკე. ისიც მალევე მოვიდა და მითხრა, აქ უკვე რაღაც უბედურება მოხდა და ოთახში არ შეხვიდეო.
„სახეზე სასტიკი ცემის კვალი ჰქონდა. ექსპერტიზამ პირველი დავალიერების შედეგ თქვა, რომ გაგუდული იყო. არ ვიცი ამ საწყალ ქალს რა შეაგულეს. უცხო რომ არ მოვიდოდა, ფაქტია. ვიღაც აქაური იქნება. თან ყველაფერი ისე ჩუმად გაუკეთებია, რომ მეზობლებმა ხმაურის ხმაც ვერ გავიგეთ“, - ამბობს ლია ჩომახაშვილი „რეზონანსთან“.
შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. როგორც უწყებაში განმარტავენ, აქვს თუ არა გარდაცვლილს სხეულზე ძალადობის კვალი, ეს შესაბამისი ექსპერტიზის შემდეგ გახდება ცნობილი.