პრეზიდენტ მაკრონის მწვავე კრიტიკამ, ნატოს ლიდერი ქვეყანა ალიანსის გაფართოებაზე და დღეს არსებული გამოწვევების საპასუხო ზომებზე აალაპარაკა, ანალიტიკოსების აზრით, საფრანგეთის პრეზიდენტის ასეთი რადიკალური მიდგომა კი გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ პრეზიდენტი ტრამპი ალიანსის მოკავშირე ქვეყნებს ნატოს ოპერაციებში ფინანსური ვალდებულებების შესრულებას სთხოვს.
პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან" ამბობს, რომ აშშ სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს განცხადება ნატოს გაფართოების თაობაზე, საფრანგეთის პრეზიდენტის მწვავე კრიტიკამ გამოიწვია.
„სანამ პომპეო ამ განცხადებებს გააკეთებდა, ამას წინ უძღვოდა საფრანგეთის პრეზიდენტის ნატოსადმი საკმაოდ კრიტიკული განცხადება და ბუნებრივია, მან ამით გარკვეულწილად უპასუხა იქიდან გამომდინარე, რომ ამ ბოლო პერიოდში ნატოს საკითხთან დაკავშირებით ძალიან ბევრი შეკითხვა დაისვა, განსაკუთრებით ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ.
„იმიტომ, რომ ჩვენ გვახსოვს ტრამპი როგორ აკრიტიკებდა და დღესაც აკრიტიკებს ნატოს სხვა მოკავშირეებს და ითხოვს, რომ მათ ნატოს ოპერაციებში, როგორც ფინანსური, ასევე სხვა სახის შენატანი გაზარდონ. ამით თითქოს ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებში რაღაც გარკვეული უნდობლობა გაჩნდა და ამან გამოიწვია ისიც, რომ ზოგიერთი მოკავშირე მათ შორის საფრანგეთის პრეზიდენტი და თუნდაც სხვები უნდობლობაზე საუბრობენ, ამას ემატება ისიც, რომ ნატოს ავტორიტეტიც ევროპაში რაღაცნაირად შეირყა, ევროპის ქვეყნების ლიდერების განცხადებებიც ბუნებრივია.
„აშშ შესაძლოა ევროპის სახემწიფოებს აკრიტიკებდეს და არ მოსწონდეს საკუთარი მოკავშირეების ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობა, მაგრამ შეერთებული შტატები დაინტერესებულია, რომ ნატო, როგორც ერთ-ერთი წარმატებული სამხედრო ალიანსი, შენარჩუნდეს და ეს კრიტიკა არ ნიშნავს, რომ აშშ მხარს არ უჭერს ნატოს და მის გაფართოების გეგმას.
„ზუსტად ეს იყო პომპეოს განცხადებაშიც გამოხატული, რომ მიუხედავად ამ კრიტიკისა, აშშ მაინც თვლის,რომ ალიანსი არათუ უნდა შენარჩუნდეს, არამედ უნდა გაფართოვდეს და ახალი წევრები დაემატოს იმ ფონზე,როდესაც ძლიერდება რუსეთი და ჩინეთი" - აცხადებს კაკაჩია.
მისივე შეფასებით, აშშ-ს სახელმწიფო მდივანი თანამედროვე გამოწვევებში ჰიბრიდულ ომს და მასთან ბრძოლის მეთოდებს გულისხმობდა.
„პომპეო თანამდედროვე გამოწვევებში ალბათ ჰიბრიდულ ომის გამოწვევებს გულისხმობდა, რომლებიც ბოლო ხანებში საკმაოდ მნიშვნელოვანი გახდა, ძალიან ბევრმა სახელმწიფომ, რომელიც ნატოს წევრი არაა და მათ შორის რუსეთმა, უსაფრთხოების, ასე ვთქვათ არქიტექტურას, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შეიქმნა, საფრთხე შეუქმნა, ბუნებრივია ისინი ამას არატრადიციული მეთოდებით აკეთებენ, რომელიც ჰიბრიდული სახის გამოწვევებითაა ცნობილი.
„გაფართოებაზე ჯერჯერობითალ ალბათ ბალკანეთის ქვეყნები იგულისხმა,ასევე აშშ ცდილობს, რომ უკრაინას ნატოს წევრობაზე გული არ აუცრუოს და ამიტომაც ოფიციალური პირები ხმამაღალ განცხადებებს აკეთებენ, თუმცა, ჯერჯერობით ჩვენ ვიცით, რომ ეს სიტუაცია ამ მხრივ კიდევ გზაშია, რადგან ვიცით, რომ დანარჩენი წევრი სახელმწიფოები ჯერჯერობით თავს იკავებენ უკრაინისა და საქართველოს საკითხზე.
„აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ეს განცხადება მისასალმებელია იქიდან გამომდინარე, რომ მუდმივი არაფერია და შესაძლოა თანდათან ეს სიტუაციაც შეიცვალოს
„მას შემდეგ რაც რუსეთმა საგარეო პოლიტიკა შეცვალა და სხვა აქტორებიც გააქტიურდნენ, ნატოს წევრი სახელმწიფოები მიხვდნენ, რომ საჭიროა საუბარი არა ალიანსის შენარჩუნებაზე, არამედ მის გაძლერებაზე.
„ამერიკელებს და აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოების ძალიან ბევრ ლიდერს დიდი ხანია არ მოსწონთ "ჩრდილოეთ ნაკადი 2", იქიდან გამომდინარე, რომ არსებობს დიდი საფრთხე იმისა, რომ დასავლეთ ევროპის ქვეყნები, რომლებიც ისედაც სკეპტიკურად არიან განწყობილნი ნატოს გაფართოებაზე, ისინი რუსულ ენერგომატარებლებზე კიდევ უფრო დამოკიდებულები გახდნენ და ამან შესაძლოა საქმე კიდევ უფრო გაართულოს.
„სწორედ ამის გამო აშშ ცდილობს, რომ ევროპელ პარტნიორებს და განსაკუთრებით გერმანიის ხელმძღვანელობას შთააგონოს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით იმოქმედონ არა თავიანთი ეგოისტური მოსაზრებებიდან, არამედ იფიქრონ ფართო კონტექსტით და შეხედონ გეოპოლიტიკურ ჭრილში."-ამბობს იგი.
კაკაჩია მიიჩნევს, რომ იმ ფონზე, როდესაც დასავლური ქვეყნები საქართველოს მომავალზე საუბარს თავს არიდებენ, ამერიკის პოზიცია სტიმულს აძლევს ჩვენს ქვეყანას.
„ტონი, რომ ნატოს გაფართოება აუცილებლად უნდა გაგრძელდეს, რა თქმა უნდა, ახალისებს ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა საქართველო და უკრაინა, ეს მისასალმებელია იმიტომ,რომ იმ ფონზე, როდესაც დასავლეთის სხვა ლიდერები ასეთი განცხადებებისგნ თავს იკავებენ, შეერთებული შტატების ადმინისტრაციის ოფიციალური წარმომადგენლისგან ასეთი ტიპის განცხადება, ერთის მხრივ მისასალმებელი და მეორეს მხრივ აუცილებელიცაა, იქიდან გამომდინარე, რომ ენთუზიაზმი, რომელიც კანდიდატ სახელმწიფოებში ჯერ კიდევ არსებობს, შენარჩუნდეს და რაღაცნაირად გაძლიერდეს კიდეც."-განაცხადა კაკაჩიამ.
აშშ-ს სხელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ გერმანიაში, ბერლინის კედლის დანგრევის 30 წლისთავთან მიძღვნილ ღონისძიებებში გამოსვლისას განაცხადა, რომ 70 წლის შემდეგ ნატო უნდა გაფართოვდეს და შეიცვალოს ისე, რომ დღეს არსებულ გამოწვევებს უპასუხოს.
მან რუსეთის საფრთხეებს ხაზი გაუსვა და თქვა, რომ ის მეზობელ ქვეყნებს იპყრობს და ოპონენტებს ანადგურებს.
„დღეს რუსეთი, რომელსაც ყოფილი „კაგებეს" ოფიცერი მართავს, მის მეზობლებს იპყრობს და ოპონენტებს ანადგურებს",- განაცხადა პომპეომ
მან ჩრდილოეთ ნაკადი 2-ზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს არ სურს ევროპა დამოკიდებული იყოს რუსეთის ენერგო რესურსებზე.
მანამდე, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, „ეკონომისტთან" ინტერვიუში ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის მიმართ საკმაოდ მწვავე განცხადება გააკეთა, იგი მიიჩნევს, რომ ნატო „ტვინის კვდომას"განიცდის , რის გამოც „ევროპამ აუცილებლად უნდა დაიწყოს საკუთარ თავზე ფიქრი, როგორც დამოუკიდებელ გეოპოლიტიკურ ძალაზე.
ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მაკრონის უპასუხა და განაცხადა, რომ „ნატო არის ძლიერი", ხოლო აშშ-სა და ევროპას შორის „ბოლო ათწლეულების დროს არასოდეს არ ყოფილა ისეთი მჭიდრო კოორდინაცია, როგორც ახლაა."
მაკრონის იდეას გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ემიჯნება და აცხადებს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადება ფუჭია, იგი მიიჩნევს, რომ პრობლემის არსებობის შემთხვევაში ერთად დგომაა საჭირო და არა მწვავე შეფასებები.