„ლოგიკურია, პარლამენტში გადახალისებას უნდა მოჰყოლოდა მთავრობაში გადახალისება, შემდეგ სამოქმედი გეგმა და საარჩევნო პროგრამა“
თამარ შუკვანი
11.11.2019

 „პირველი პროტესტის დროს, პარლამენტში გადაჯგუფება მოხდა; მოიშორეს ხალხი, ვისაც თვლიდნენ, რომ 2020 წლის არჩევნებისთვის მათთვის საინტერესო აღარ იქნებოდა. ლოგიკური გაგრძელება უნდა ყოფილიყო ახალი პრემიერის მეთაურობით ახალი მინისტრთა კაბინეტი, რომელიც ქვეყანას გამოსავალს, „სამოქმედო პროგრამას" შესთავაზებდა, რაც ასევე იქნებოდა წინასაარჩევნო პროგრამა; ახალი გუნდი გააკეთებდა განაცხადს რომ „ჩვენ მოვდივართ," - აცხადებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებზე საუბრისას.

„ქართული ოცნების" ახალი სტრატეგიის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ მინისტრების შეცვლის ტენდენცია შესაძლოა გაგრძელდეს; გავრცელებული ინფორმაციით, ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ შესაძლოა თანამდებობა დატოვოს, თუმცა, ჯერ-ჯერობით ინფორმაცია არ დასტურდება. ამის შესახებ „პირველი რადიო" იუწყება.

მიხეილ ბატიაშვილის მიერ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის თანამდებობის დატოვებამ ეჭვი გააჩინა, რომ ამ ცვლილებას სხვა საკადრო ცვლილებებიც მოჰყვება; უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამას წინ უძღოდა პრემიერ-მინისტრის, შს მინისტრისა და თავდაცვის მინისტრის შეცვლის ფაქტი, რაც ქმნის საფუძველს იმისა, რომ ცვლილებები გაგრძელდება. შესაბამისად, სავარაუდოა რომ, გუნდის გადახალისების საჭიროება დღის წესრიგში დადგება.

ბატიაშვილის შემცვლელი ამ დრომდე უცნობია, თუმცა, არაოფიციალური ინფორმაციით, გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელის, მაია მიმინოშვილის კანდიდატურა განიხილება, რასაც მიმინოშვილი კატეგორიულად უარყოფს და ამბობს, რომ „ამის არანაირი საფუძველი არ არსებობს."

გავრცელებული ინფორმაციით, ამ თანამდებობაზე პრემიერ-მინისტრის მრჩეველის სოზარ სუბარისა და ,,ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორის მაგდა მაღრაძის კანდიდატურებიც განიხილება. თუმცა, ჯერ-ჯერობით უცნობია, რომელი მათგანი დაიკავებს მინისტრის თანამდებობას.

ვახტანგ ძაბირაძე „ქართული ოცნების" ნაბიჯს ლოგიკურს უწოდებს და აცხადებს, რომ 2020 წლამდე უმრავლესობა განახლებული სახით წარსდგება საზოგადოების წინაშე.

„ცოტა სხვაგვარად ვუყურებდი; არა მინისტრების სათითაოდ ამოკენკვას, არამედ მთლიანად კაბინეტის გადახალისებას, ცოტა უფრო მძლავრ პიარულ ნაბიჯს, მაგრამ „ქართული ოცნება" ამ მიმართულებით არ წავიდა, თუმცა, ნელ-ნელა იწყებს მინისტრების ცვლას, რომ ახალი გუნდი შექმნას. არც იმას გამოვრიცხავ, რომ გაზაფხულზე კიდევ ერთხელ მოხდეს მინისტრთა კაბინეტის ცვლილება და „ქართულმა ოცნებამ" ის გუნდი ჩამოაყალიბოს, რომელსაც ხელისუფლება არჩევნების შემდეგ ამომრჩეველს შესთავაზებს და ეტყვის, რომ „ეს იქნება მისი გუნდი არჩევნების შემდეგ, თუ ჩვენ მოვალთ უმრავლესობაში."

„თურნავამ სავარძელში ჩაჯდომა ვერ მოასწრო; თუ ათავისუფლებენ უკვე, ვერაფრის გაკეთებას მოასწრებდა ამ ხნის განმავლობაში და ვერც გაფუჭებას. პიარ-ნაბიჯია და სწორი ლოგიკაა, ამას მოითხოვს პოლიტიკური განვითარება.

"როგორც ჩანს, „ქართული ოცნება" მაინც ამ ლოგიკას მიჰყვება, ოღონდ ცოტა უცნაურად. ლოგიკურად ასეა, პარლამენტში გადახალისებას უნდა მოჰყოლოდა მთავრობაში გადახალისება, შემდეგ სამოქმედი გეგმა და საარჩევნო პროგრამა," - აცხადებს ძაბირაძე.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე ხელისუფლების რაიმე სტრატეგიას ვერ ხედავს, თუნდაც ბატიაშვილის თანამდებობიდან წასვლით.

„განზოგადებული ლაპარაკი ვერსიაზე, რომ ეს რაღაც სტრატეგიაა, ჩემთვის ძნელია თქმა. ბატიაშვილმა რამდენიმე თვით ადრე დაიწყო საუბარი იმაზე, რომ რაღაც სხვა გეგმები აქვს და აღარ უნდა მინისტრობა, მოთხოვნა ახლა დაუკმაყოფილეს. ამიტომ ბატიაშვილის მოვლენა პარტიის სტრატეგია არ არის.

"თურნავასთან დაკავშირებთ, თუკი ეს ორი ცვლილება მოხდა და კიდევ სხვა, რა თქმა უნდა, სტრატეგიაზე საუბარი შეიძლება, მაგრამ ჯერჯერობით, ბატიაშვილი წავიდა და ისიც თავისი ნებით. ამიტომ არ ვიცი, რამდენად უპრიანია სტრატეგიაზე ლაპარაკი," - ამბობს საყვარელიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×