თამბაქოს შემდეგ თუთუნის ჯერ დადგა. ერთ კვირაში მომხარებელს იაფ პროდუქციაზე წვდომა მთლიანად შეეზღუდება, რაც ამ ბიზნესს დახურვამდე მიიყვანს. 1 კოლოფი (20 ღერი) თუთუნით დამზადებული თამბაქოს ფასი 1,50 ლარიდან მინიუმ 3 ლარამდე გაიზრდება. ეს ნიშნავს, რომ კონტრაბანდა კიდევ უფრო გაშლის ფრთებს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შედეგად, მიმდინარე წლის 21 ნოემბრიდან, დაუფასოებელი სახით იკრძალება ნებისმიერი თამბაქოს ნაწარმის, მათ შორის თამბაქოს ნედლეულის, ჩიბუხის თამბაქოს, შესახვევი თამბაქოს, ასევე ჩილიმისათვის განკუთვნილი თამბაქოს რეალიზაცია და მიწოდება.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ნაწარმის რეალიზაცია დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი დაფასოებულია ნეტო-მასით 50 ან 100-გრამიან პირველად შეფუთვაში. აღნიშნული წესით დაფასოებული თამბაქო უნდა იყოს დადგენილი წესით აქციზური მარკით ნიშანდებული.
თამბაქოს ნაწარმის თითოეულ კოლოფზე/ბლოკზე და თითოეულ შეფუთვაზე განთავსებული უნდა იყოს სამედიცინო გაფრთხილება და დაცული იყოს „თამბაქოს კონტროლის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.
ასევე, 21 ნოემბრიდან აქციზური მარკირების გარეშე იკრძალება ელექტრონული სიგარეტით მოხმარებისათვის განკუთვნილი სითხეების რეალიზაცია.
დაფასოების გარეშე თამბაქოს მიწოდება (მათ შორის ნაშთად არსებულის) გამოიწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას პირველ ჯერზე 2000 ლარის, ხოლო განმეორებისას -4000 ლარის ოდენობით.
ეს, თამბაქოს კუთხით პირველი რეგულაცია არ არის. წლების განმავლობაში აქციზი ეტაპობრივად იზრდება, რასაც ხელისუფლება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ნაკისრი ვალდებულებებით ხსნის.
დღეს მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობით 500 გრამზე მეტი მოცულობით დაჭრილი თამბაქოს იმპორტი აქციზურ დაბეგვრას არ ექვემდებარება. მას შემდეგ, რაც "თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონში ცვლილებები შევიდა და ფილტრიან და უფილტრო თამბაქოზე აქციზის განაკვეთი გაიზარდა, ადამიანები მასობრივად თუთუნის მოხმარებაზე გადავიდნენ. ახლა კი იაფ პროდუქციაზე ფასი დაახლოებით, 2-3-ჯერ გაიზრდება. თუკი დღეს 1 კოლოფი (20 ღერი) თუთუნით დამზადებული თამბაქოს ფასი 1.20 ლარიდან 1.60 ლ-მდე მერყეობს, ერთ კვირაში 3-დან 3.50ლ-მდე ეღირება (გააჩნია თუთუნის ხარისხს და ღირებულებას).
ეს ერთადერთი ცვლილება არ არის. საქმე ისაა, რომ ახალი წლიდან უფილტრო სიგარეტზეც გაიზრდება ადვალური გადასახადი 10%-დან 30%-მდე და ის ფილტრიან სიგარეტის განაკვეთს გაუტოლდება. ეს ნიშნავს, რომ თითქმის ყველა სახეობის სიგარეტის ფასი გათანაბრდება და ამავე დროს გაძვირდება კიდეც. გამოდის, შედეგად ქვეყნაში ყველა ტიპის თამბაქოს პროდუქტზე ერთი ფასი იქნება.
,,ოცნების” ხელისუფლებამ განსაკუთრებით ბოლო წლებში, რეგულაციების განსაკუთრებული სიმრავლით, თავი ყველა სექტორს დაამახსოვრა. როგორც წესი, ძირითადი წნეხი კვლავ მცირე და საშუალო ბიზნესზე მოდის, რადგან დიდი მეთამბაქოეები, ბაზარზე მეტ-ნაკლებად ლავირებას ახერხებენ.
,,ბიზნეს-რეზონანსთან” საუბრისას თუთინის იმპორტიორი და რეალიზატორი მანანა სალია ამბობს, რომ ფასის მატების შემთვევაში მათი ბიზნესი ავტომატურად განწირულია, რადგან მისი ერთადერთი ხიბლი, დაბალი ფასი იყო.
,,გემახსოვრებათ, ერთმანეთის მიყოლებით რომ იწვოდა ბაზრობები. ზუსტად იმ დროს ჩემი ფართი იყო ერთ-ერთი. ბავშვის ფეხსაცმლის მაღაზია დამეწვა და მაშინ ეს გზა ვიპოვე სიტუაციიდან თავის დასაღწევად. სიგარეტი ძალიან ძვირდებოდა, გავიგე რომ თუთუნზე გადავიდა ბევრი და მიღებული კომპენსაციით ეს მცირე ბიზნესი წამოვიწყე.
ვერ ვიტყვი, რომ საოცარ მოგებას მიტოვებდა, მაგრამ წინა საქმესაც სჯობს და ბოლო დროს მომხმარებელიც უფრო იზრდებოდა, სიგარეტის ფასის ზრდის პარალელურად. ახლა განწირულები ვართ და დღეებს ვითვლით, სანამ ჩვენი საქმე დაიხურება. ძალიან ცუდია ხელისუფლება ვერ ხვდება, რომ ამით კონტრაბანდისტებს აძლევს გზას. ყველას რამდენი შემთხვევა გაგვიგია, როცა სიგარეტი შემოაქვთ აფხაზეთიდან ან სომხეთიდან? ზუსტად ეს მოხდება ამ შემთხვევაშიც და უფრო მეტი არალეგალური საქონელი შემოვა”, - განაცხადა მანანა სალია.
არასამთავრობო სექტორი კი თუთუნზე აქციზით დაბეგვრას პოზიტიურ ნაბიჯად აფასებს. თამბაქოს კონტროლის ალიანსის დამფუძნებლის გიორგი ბახტურიძის თქმით, ადამიანების ჯანმრთელობასთან პირდაპირ კავშირშია თამბაქო და იგი არ უნდა იყოს მარტივად ხელმისაწვდომი:
"თუთუნი სარისკო პროდუქტად რჩება. აქამდე არსებულ რეგულაციებსაც არავინ იყენებდა, რამაც ცუდ შედეგამდე მიგვიყვანა. ყველა ფეხის ნაბიჯზე იყიდება თუთუნი და ეს სერიოზული პრობლემაა, თუმცა გადაუწყევეტელი არ არის. უნდა გამკაცრდეს და ყურადღება მიექცეს ამ რეგულაციებს. იანვარ-თებერვალში უნდა მომხდარიყო ცვლილება, ახლაც არ არის გვიანი.
მომავალში ხელმისაწვდომი უნდა გახდეს მკურნალობა იმ ადამიანებისთვის, ვინც თამბაქოზე დამოკიდებულია. სოციალურად დაუცველი მწეველებისათვის კი, რომელთაც აქვთ კონკრეტული დაავადებები, რაზეც პირდაპირი გავლენა აქვს თამბაქოს მოხმარებას, მკურნალობა უნდა იყოს უფასო. სწორედ ამისთვის ვიბრძვით და ფასის ზრდაც ამას უკავშირდება", - აღნიშნა "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას თამბაქოს კონტროლის ალიანსის დამფუძნებელმა.
შეგახსენებთ, თამბაქოს აქციზზე ფასის ზრდამ, ადვალური გადასახადის მატებამ და თუთუნის გაძვირებამ მწეველთა რაოდენობის შემცირებაზე მნიშვნელოვნად ვერ იმოქმედა, თუმცა მომხმარებელი დაბალი ხარისხის პროდუქციაზე გადაიყვანა. ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში მწეველთა რაოდენობა მხოლოდ 3%-ით შემცირდა. რა გზას დაადგება ამჯერად თუთუნზე გადასული მწეველთა არმია, ეს რამდენიმე კვირაში გამოჩნდება.