რეზონანსი
11.11.2019

 წელს საქართველოში საგზაო ბიტუმის რეკორდულად მაღალი იმპორტი და მოხმარება დაფიქსირდა. ინფრასტრუქტურული პროექტების გააქტიურობამ ამ ტიპის კატეგორიის საწვავის იმპორტზეც ადეკვატური გავლენა მოახდინა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ცნობით, საგზაო ბიტუმის იმპორტმა ბოლო 15 წლის რეკორდი მოხსნა. კერძოდ, იანვარ-ოქტომბრის განმავლობაში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 150,3 ათასი ტონა, რაც 73,0 ათასი ტონით ანუ 87,6 %-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. წინა წლის ანალოგიურ პერიოდში ქვეყანაში 83,3 ათასი ტონა საგზაო ბიტუმის იმპორტი განხორციელდა.

რაც შეეხება ოქტომბრის სტატისტიკას, 2019 იმპორტმა ამ მიმართულებით შეადგინა 19,8 ათასი ტონა, რაც 0,2 ათასი ტონით ნაკლებია სექტემბრის მაჩვენებელთან შედარებით. როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში განმარტავენ, აქედან იმპორტის 54,0% (10,7 ათასი ტონა) მოდის ირანის ისლამურ რესპუბლიკაზე. შემდეგ მოდის: ერაყი - 5,2 ათასი ტონა (26,3%), აზერბაიჯანი - 3,7 ათასი ტონა (18,7%), თურქეთი - 0,1 ათასი ტონა (0,5%).

აღსანიშნავია ასევე, რომ მიმდინარე წლის ოქტომბერში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 1,7 ათასი ტონა, რაც 0,1 ათასი ტონით ნაკლებია სექტემბრის მაჩვენებელთან შედარებით. 

ქვეყნების მიხედვით, 2019 წლის ოქტომბერში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა თურქეთიდან - 0,42 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 24,0%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: ირანი - 0,41 ათასი ტონა (23,4%), რუსეთი -  0,25 ათასი ტონა (14,3%),  გერმანია - 0,18 ათასი ტონა (10,3%) და სხვ.

მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბრის  განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 16,4  ათასი ტონა, რაც 0,7 ათასი ტონით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

რაც შეეხება საავიაციო ნავთის იმპორტს, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელის ვანო მთვრალაშვილის ინფორმაციით, 2019 წლის ოქტომბერში შეადგინა 2,1 ათასი ტონა, რაც 3,3 ათასი ტონით ნაკლებია სექტემბრის მაჩვენებელთან შედარებით. იმპორტის კლების მიზეზად მთვრალაშვილი რუსეთთან საჰაერო მიმოსვლის შეჩერებას მიიჩნევს. 

ქვეყნების მიხედვით, 2019 წლის ოქტომბრის თვეში საავიაციო ნავთის იმპორტის 100% განხორციელდა თურქმენეთიდან. 

,,იანვარ-ოქტომბრის განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 83,0 ათასი ტონა, რაც 0,6 ათასი ტონით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით (83,6 ათასი ტონა). აღნიშნული მიმართულებით იმპორტის კლება უკავშირდება საქართველო-რუსეთის ავიარეისების შეჩერებას. რუსეთის მხრიდან ფრენების აკრძალვამ ამ მხრივ დიდი გავლენა მოახდინა. წლის დასაწყისში საავიაციო ნავთის იმპორტის ზრდა აღინიშნებოდა. ამიტომ ტურისტული ემბარგო რომ არა,  ზრდის პოზიტიური ტენდენცია კვლავ გაგრძელდებოდა.

რაც შეეხება საგზაო ბიტუმის იმპორტს, მიმდინარე წელს რეკორდულ მაჩვენებელზეა. კერძოდ, იმპორტმა შეადგინა 150,3 ათასი ტონა, რაც 73,0 ათასი ტონით ანუ 87,6 %-ით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. მსგავსი სტატისტიკა ბოლო 15 წლის განმავლობაში არ ყოფილა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული პროდუქტი არ საწყობდება და მოხმარებაში გადის, ძირითადად გზების მშენებლობისათვის“, - აცხადებს "რეზონანსთან" ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი. 

მისივე ინფორმაციით, 2019 წლის ოქტომბერში საქართველოში გათხევადებული აირების (ელპიჯი)  იმპორტმა შეადგინა 1,6 ათასი ტონა, რაც ფაქტობრივად სექტემბრის მაჩვენებლის ანალოგიურია.

კერძოდ, მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბრის განმავლობაში გათხევადებული აირების (ელპიჯი) იმპორტმა შეადგინა 14,3 ათასი ტონა, რაც 2,4 ათასი ტონით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (11,9 ათასი ტონა).

ასევე მნიშვნელოვნადაა გაზრდილი თხევადი აირის იმპორტი, რაც დაკავშირებულია მის საავტომობილო საწვავად გამოყენებასთან. მიმდინარე ეტაპზე 200-მდე გასამართი სადგური ახორციელებს ავტომობილის თხევადი აირით გამართვას. 

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი იმედოვნებს, რომ სტატისტიკა მომავალში კიდევ უფრო გაუმჯობესდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×