თურქეთის ხელისუფლებამ ციხეებიდან ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს" უცხოელი წევრების გათავისუფლება და მათი სამშობლოში გაგზავნა დაიწყო. სპეციალისტთა შეფასებით, ეს სერიოზულ რისკებს უქმნის გარკვეულ ქვეყნებს და მათ შორის საქართველოსაც. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთში ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეობა არავის აქვს, შესაძლოა მათ შორის ქართული წარმოშობის და სხვა ქვეყნის პასპორტის მქონდე მოქალაქეებიც იყვნენ. გარდა ამისა, თურქეთის ხელისუფლებამ შესაძლოა ზოგიერთ შემთხვევაში ტერორისტების დეპორტაცია საქართველოს ტერიტორიის გავლით სცადოს.
გუშინ აშშ-ის მოქალაქეობის მქონე ერთ-ერთი ტერორისტის თურქეთიდან დეპორტაცია საბერძნეთის გავლით სცადეს. თურქმა ძალოვნებმა იგი საბერძნეთის საზღვრამდე მიიყვანეს და იქვე დატოვეს. თუმცა, საბერძნეთის ხელისუფლებამ მის მიღებაზე უარი თქვა და ამჟამად იგი თურქულ და ბერძნულ გამშვებ პუნქტებს შორის, ბუფერულ ზონაში რჩება.
ადგილობრივი მედიის ცნობით, თურქეთის ხელისუფლება საწყის ეტაპზე აშშ-ისა და გერმანიის მოქალაქეობის მქონე ტერორისტებს ათავისუფლებს და მათ დეპორტაციას ცდილობს. უკვე ცდნობილია, რომ 14 ნოემბერს გერმანიის მოქალაქეობის მქონე 7 ტერორისტის დეპორტაციაა დაგეგმილი.
ექსერტი კავკასიის საკითხზებში მამუკა არეშიძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ თურქეთი „ისლამური სახელმწიფოს" დატყვევებული ტერორისტების დეპორტაციით დასავლეთს ევაჭრება, რითაც შესაძლოა რიგი ქვეყნები გარკვეული საფრთხის წინაშე დააყენოს.
„ეს დასავლეთთან ვაჭრობის ერთ-ერთი სეგმენტია. საქართველოსთვის მსგავსი ყველანაირი საფრთხე არსებობს, თუმცა კონკრეტულად ასე მოხდება თუ არა, ვერ გეტყვით. მაგალითად, ლაფანყურის მოვლენების დროს ერთ-ერთი, რომელიც დაღესტნიდან საქართველოში გადმოვიდა, ბრიტანეთის მოქალაქე იყო. ასე რომ, ყველაფერი შეიძლება მოხდეს, თუმცა ცალსახად ამის პროგნოზრება არ შეიძლება.
„იქ უამრავი რუსეთის მოქალაქეა დატყვევებული. საქართველოს მოქალაქეებზე ინფორმაცია ჩვენ არ გვაქვს. მოქალაქეობა ერთი საკითხია, მაგრამ მნიშვნელობა ეროვნებას აქვს, გერმანიისა და აშშ-ის მოქალაქეების გადამწყვეტი უმრავლესობა ეროვნებით აზიური წარმოშობისაა. მაგალითად, შესაძლოა იყოს რუსეთის მოქალაქე, მაგრამ ქისტი იყოს. ასეთია ცნობილი საველე მეთაური, რომელიც ცოცხალია და ჯერ კიდევ იატაკქვეშეთის ერთ-ერთ რგოლს ხელმძღვანელობს, რუსეთის მოქალაქე საქართველოში დაბადებული ქისტი მუსლიმ მანგოშვილი.
„არ არის გამორიცხული, რომ ტყვეებში, რომლებიც თურქებს ჰყავთ, წარმოშობით საქართველოდან იყვნენ, მაგრამ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა ჰქონდეთ", - აცხადებს არეშიძე.
მისივე თქმით, თურქეთიდან დეპორტირებული რუსეთის მოქალაქე ტერორისტების მიღებაზე რუსეთი ჩვეულებისამებრ უარს არ იტყვის.
„რუსეთი ტერორისტებს სიამოვნებით მიიღებს, თუ მას თურქეთი გადასცემს იმიტომ, რომ, როგორც წესი, რუსეთი ამაზე უარს არ ამბობს ხოლმე, ის აუცილებლად მიიღებს და იზოლატორში მოათავსებს, რუსეთში ასეთ პრაქტიკაა.
„რთული სათქმელია კონკრეტულად რომელი ქვეყნის მოქალაქეები შემოვლენ საქართველოში. პრაქტიკაში ყოფილა ასეთი შემთხვევაც, როდესაც საქართველოში შემოვიდა ორი ლიბანელი სომხეთის პასპორტით. ლაფანყურის ოპერაციაში მონაწილეებიდან ერთ-ერთს ნამდვილად ჰქონდა ბელგიური პასპორტი. ბრიტანული პასპორტი რომელსაც ჰქონდა, ის სპეცოპერაციაში არ მონაწილეობდა, მან გარკვეულწილად მოკავშირის როლი შეასრულა", - განაცხადა არეშიძემ.
პარასკევს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთის ციხეებში „ისლამური სახელმწიფოს" 1201 დაკავებული წევრი იმყოფება. როგორც თურქული მედია იუწყება, ოფიციალური ანკარა „დაეშის" მებრძოლებს მშობლიურ ქვეყნებში იმ შემთხვევაშიც გაგზავნის, თუ მათ ამ ქვეყნის მოქალაქეობა ჩამორთმეული აქვთ.