თამარ შუკვანი
12.11.2019

 „თუ ადამიანი მართლმადიდებელი აღარ არის, მართლმადიდებელი ეკლესია მას წესს ვერ აუგებს," - აცხადებს „რეზონანსთან"თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსი მიქაელი (გაბრიჭიძე) პოლიტიკური პარტია „გირჩის" გაცხადების შესახებ საუბრისას, რომ 5 ნოემბერს სამტრედიაში გარდაცვლილ ახალგაზრდას მართლმადიდებელი ეკლესია წესს არ უგებს, რადგან ის „ბიბლიური თავისუფლების" მღვდელმთავარი იყო.

მიტროპოლიტის განცხადებით, ადამიანი ეკუთვნის იმ ეკლესიას, სადაც მოღვაწეობს და სწორედ იმ ეკლესიაში უნდა მოხდეს მისი წესის აგებაც.

„თუ ადამიანი მართლმადიდებელი აღარ არის და ხდება კათოლიკე, იაღოველი თუ ნებისმიერი სხვა სექტის წარმომადგენელი, უკვე იმათ კომპეტენციის ქვეშ არის. მართმლმადიდებელი აღარ არის და მართლმადიდებლურმა ეკლესიამ წესი როგორ უნდა აუგოს? - ეს გუშინ და გუშინწინ დაასრულებული კი არა, საუკენეების დაასრულებულია. სადაც ის დადის და მოღვაწეობს, იმ ეკლესიაში უნდა მოხდეს მისი ლოცვა, წესის აგება თუ სხვა.

„ჩვენ უფრო გვტკივა გული. წარმოიდგინეთ ქართველი ადამიანი, რომელიც იყო მართლმადიდებელი და აღარ არის. ჩვენ ბრალია? ჩვენ შეგვეკითხა? ჩვენ მივეცით უფლება? პირიქით, ჩვენ ყველას ვეუბნებით დაიბადე მართლმადიდელად, მოინათლე მართლმადიდელად და უნდა გარდაიცვალო მართლმადიდელად. ჩვენ ნათლობასაც ვასრულებთ, წესის აგებასაც, ქორწინებასაც, პანაშვიდებსაც... თუ ადამიანი არ არის მართლმადიდებელი, ჩვენ ამას ვერ გავაკეთებთ.

„როგორ შეიძლება ადამიანი გახდეს ეპისკოპოსი ან მღვდელი? - ეს არის მოციქულების დაწერილი წესი და კანონი. ეს რაღაც სექტა გუშინაა შექმნილი. თუ „გირჩმა" აცდუნა ან პირიქით, მოხიბლა და მივიდა იქ, მათ უნდა გასცენ პასუხი და არა ჩვენმა ეკლესიამ," - განაცხადა მიტროპოლიტმა.

გარდაცვლილი შაკო ბარამიძის ოჯახი „გირჩს" ემიჯნება და მადლობას უხდის მეუფე საბას. ოჯახი ახალგაზრდობას მოუწოდებს სიფრთხილით მოეკიდოს „გირჩის" ორგანიზაციაში გაწევრიანებას.

მიცვალებულის სულისათვის წესის აგების საკითხს წმინდა სინოდი განიხილავს.

ცნობისათვის, პოლიტიკურმა პარტია „გირჩმა" განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ გარდაცვლილ ახალგაზრდას მართლმადიდებელი ეკლესია წესს არ უგებს იმიტომ, რომ ის „ბიბლიური თავისუფლების" მღვდელმთავარი იყო. ახალგაზრდა ავარიის შედეგად 5 ნოემბერს სამტრედიაში გარდაიცვალა.

„გირჩი" ამბობს, რომ ოჯახს გარდაცვლილი ახალგაზრდისთვის წესის აგება მართმადიდებლური წესით სურს. თავდაპირველად ეკლესიისგან უარი მიიღეს იმ დასაბუთებით, რომ მას „ბიბლიური თავისუფლების" მოწმობა აქვთ აღებული. „გირჩი" ამბობს, რომ ეს მოწმობა შემდეგ გააუქმეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×