„ეს ადამიანები ოკუპანტებმა გუშინ, ჩვენი კონტროლირებადი ტერიტორიიდან გაიტაცეს და ჯერჯერობით არ დაბრუნებულან,ისინი ე.წ. სასამართლოს ელოდებიან და ჯარიმის გადახდის შემდეგ, იმედია სახლებში მალევე დაბრუნდებიან. სავარაუდოდ, მათ დაბრუნებას ამ კვირის ბოლომდე ველოდებით", - ასეთი ინფორმაცია მოაწოდა „რეზონანსს" ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშიას" ლიდერმა დავით ქაცარავამ საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიებიდან ოკუპანტების მიერ მწყემსების გატაცების თაობაზე.
ორშაბათს მოძრაობის ლიდერმა „ფეისბუქით" გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოკუპანტებმა კასპის რაიონ სოფელ კოდისწყაროს და ყარაფილას მიმდებარე ტერიტორიიდან, რომელიც საქართველოს ხელისუფლების კონტროლის ქვეშაა, 2 ადგილობრივი მწყემსი - ზურა ტუხიაშვილი და რამაზ ზაბიშვილი გაიტაცეს.
ქაცარავა ამბობს, რომ გატაცებულების ოჯახები „სასამართლოს" ელოდებიან, რადგან ჯარიმისათვის ფულის მოგროვება დაიწყონ.
„გატაცებულების ოჯახები ძალიან შეწუხებული და შეშინებული არიან, რადგან ეს მშვიდობიანი გასეირნება არაა და ძალიან დიდი რისკია, რომ ოკუპანტებს თავში რაღაცამ გაუაროს და „რაღაც გარემოება" აღმოაჩინონ, რის შედეგადაც შესაძლოა ადამიანებს სერიოზული ზიანი მიაყენონ. გატაცებულების ოჯახები ელოდებიან როდის ეტყვიან ჯარიმის მოცულობას, რომ ფული შეაგროვონ და ოკუპირებულ მხარეს გადაუგზავნონ", -აცხადებს ქაცარავა.
მისივე თქმით, „ძალა ერთობაშიას" შემუშავებული აქვს გეგმა, რომელიც გატაცებულთა რაოდენობას 50%-ით შეამცირებს
„ამასთან დაკავშირებით დეტალებზე საუბარი არ მინდა, რადგან გვინდა, რომ პრეზენტაციის მთავარი თემა იყოს, რომელიც დაახლოებით ათი დღის ვადაში შედგება. ეს არის პროექტი, რომელიც პრევენციული ხასიათის იქნება და საშუალებას მოგვცემს, რომ ოკუპანტებს რუსეთის მხრიდან გადმოკვეთები დავდასტუროთ. ამ პროექტის შესახებ რუსებსაც აუცილებლად ეცოდინებათ.
„ბუნებრივია, პროექტი გარკვეულ რესურსებს მოითხოვს, რომლსაც პრეზენტაციის შემდეგ კერძო კომპანიებისგან, ბიზნესმენებისგან იქნება მოძიებული, ასევე იმ ადამიანებისგან, ვისაც ამაზე გული შესტკივა. აქ ჩვენი ხელისუფლების მხარში დგომის იმედი არ გვაქვს. ყველა სოფელში ჩასვლა და მოსახლეობასთან შეხვედრა და ამ პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება მოგვიწევს და მათი თანხმობის შემდეგ ამ პროექტის იმპლემენტაცია საკმაოდ მარტივად მოხდება. როდესაც რუსები ამ პროექტის შესახებ გაიგებენ, ვფიქრობთ, რომ როგორც მინიმუმ ქართული სახელმწიფოს ტერიტორიიდან ხალხის გატაცებას მოერიდებიან.
„ჩვენ ამწუთას ახალგორის მიმდებარე სოფელ ოძისში ვიმყოფებით. ჯერჯერობით ოკუპანტების აქტიური გადაადგილება არ შეინიშნება, გვაქვს ინფორმაცია სოფელ ატოციდან იმის შესახებ, რომ ჩვენს პოლიციას აგარიდან ატოცისკენ მიმავალი გზა მთლიან დაბლოკილი აქვს იმისათვის, რომ ჩვენ ატოცში არ შევაღწიოთ. მას შემდეგ, რაც ჩვენ ამ სოფლიდან გამოგვიყვანეს, ფაქტიურად პოლიცია საოკუპაციო ხაზზე აღარ ადის და მხოლოდ გზის ბლოკირებითაა დაკავებული.
„გვაქვს ინფორმაცია, რომ სიტუაცია ჩორჩანა-წაღვლის ტყეში ძალიან დაძაბულია, საოკუპაციო რეჟიმი არ ჩერდება და სიტუაციას უფრო ძაბავს იმის მოთხოვნით, რომ ჩორჩანის ტყეშ ჩვენი ხელისუფლების მიერ გაგდმული საგუშაგოს დემონტაჟი მოხდეს და ჩვენი ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები ტერიტორიიდან გავიდნენ.
„ოკუპანტები გვადანაშაულებენ, რომ თურმე ჩვენი ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები მათ მიმართულებით ცალმხრივად ისვრიან და ისინი თურმე არ გვპასუხობენ, ასევე გვადანაშაულებენ, რომ ყოველდღიურად სამხედრო დანიშნულების უპილოტო საფრენი აპარატები წნელისის თავზე დაფრინავენ და გვაფრთხილებენ, რომ თუ ჩვენი დანაყოფები ჩორჩანის ტყიდან არ გავლენ, ძალით გამოძევება მოხდება.
„რეალურად ჩვენი მხრიდან არანაირი გასროლა არ ყოფილა, ამას ადგილობრივი მოსახლეობაც ადასტურებს. ამის არც განწყობა და არც წინაპირობა არ ყოფილა, ეს მხოლოდ მათი პროვკაციაა, რომელიც მიზეზს ქმნის იმისათვის, რომ საჭიროების შემთხვევაში საომარი მოქმედებების დაწყება შეძლონ.
„ასევე ინფორმაცია გვაქვს იმის შესახებ, რომ საოკუპაციო რეჟიმი სოფელ კოდაში მიმავალი გზის შეღობვას აპირებს, რომელიც სოფელს დიდ პრობლემებს შეუქმნის, ისინი ასევე აპირებენ იმ საძოვრების წართმევას, სადაც სოფელს ნახირი დაჰყავს", - აცხადებს ქაცარავა.