აფხაზური საზოგადოების ნაწილი აფხაზეთის ომის დასრულებიდან 26 წლის შემდეგაც კი პოლიტიკოსებს იმის მიხედვით აფასებს, რომ ვინ რამდენი ქართველი მოკლა. ამის მაგალითია სოხუმის ახალი ე.წ. მერი კან კვარჩია, რომლის მთავარ დამსახურებადაც „ქვეყნის წინაშე" ომის დროს ქართველი ტყვეების მასობრივი დახვრეტა გამოაცხადეს.
„პატივცემულო პრეზიდენტო, თქვენ თქვენივე თავს გადააჭარბეთ, როდესაც სოხუმის მერად კან კვარჩია დანიშნეთ. ის საკუთარი ქვეყნის პატრიოტია და რაც მან 17 წლის ასაკში გააკეთა, 40 წლის ასაკში ცოტა თუ გააკეთებს, მხოლოდ მის მიერ ქართველების დახვრეტა რად ღირს", - წერს „ფეისბუკში" ერთ-ერთი აფხაზი მომხმარებელი.
მის ამ სტატუსს არაერთი პოზიტიური კომენტარი თუ რეაქცია მოჰყვა. მათ შორის ძირითადად კვარჩიას მხარდამჭერები აქტიურობდნენ. სხვები კი საკუთარი ქალაქებისთვის „მისნაირს ისურვებდნენ".
აფხაზეთში 1992-1993 წლებში მიმდინარე ომის დროს კვარჩია 17-18 წლის იყო. კონკრეტული ინფორმაცია მის „საგმირო საქმეებზე" ინტერნეტში არ იძებნება. კვარჩიას მიერ ქართველი ტყვეების მასობრივი დახვრეტის შესახებ არაფერი სმენიათ არც აფხაზეთის კონფლიქტის დეტალებში ჩახედულ ადამიანებს, მათ შორის საქართველოს შერიგებისა და თანასწორობის ყოფილ მინისტრ პაატა ზაქარეიშვილს:
„კონკრეტული ინფორმაცია მისი პიროვნების შესახებ არ მომეპოვება, თუმცა დე ფაქტო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დღევანდელი რეალობაა, რომ მაღალ თანამდებობებზე ინიშნებიან ომის მონაწილეები. სხვანაირად ამ ტერიტორიებზე კარიერულ წინსლვას ვერავინ მიაღწევს", - განიცხადა ზაქარეიშვილმა „რეზონანსს".
კან კვარჩიას დაბადების ზუსტი ადგილის შესახებ აფხაზური წყაროები სხვადასხვა ადგილს უთითებენ. „სპუტნიკ-აბხაზიას" ცნობით, ის 1974 წლის 1 ივლისს ტყვარჩელში, ხოლო „აფსნიპრესის" მიხედვით სოხუმში დაიბადა. 1991 წელს სოხუმის მე-10 საშუალო სკოლა დაამთავრა. სწავლობდა იურისპრუდენციას აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2007-დან 2011 წლამდე სოხუმის ე.წ საკრებულოს დეპუტატი იყო. 2012 წლიდან 2017 წლამდე კი „ეროვნული ასამბლეის" წევრი.
კვარჩია „სამამულო ომის" ვეტერანია. დაჯილდოებულია მედლით „მამაცობისთვის" და ამასთან, ის არის დე ფაქტო აფხაზეთში მოქმედი ერთ-ერთი უმაღლესი ჯილდოს, ლეონის ორდენის კავალერი.
21 ოქტობერს „პრეზიდენტმა" რაულ ხაჯიმბამ კან კვარჩია სოხუმის მერის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა და 30 დღიანი გამოსაცდელი ვადა მისცა, 10 ნოემბერს კი ის ე.წ. მერად ფარული კენჭისყრით აირჩიეს.
ალექსანდრე კორტავა