სოფელ ყანდაურაში მომხდარი უმძიმეს მკვლელობაში ბრალდებული პაპაც და შვილიშვილიც მოსამართლემ გირაოთი გაათავისუფლა. კითხვა, თუ ვინ მოკლა 5 ადამიანი, ისევ უპასუხოდაა. სასტიკი მკვლელობების საქმე შესაძლოა პროკურატურას სრულიად დაეშალოს და საქმეში რეალური ბრალდებული აღარ ჰყავდეს.
პროკურატურის მთავარი მოწმე, სოფელ ყანდაურის რწმუნებული ნანა ტაველაშვილი ამბობს, რომ მომხდარის დღეს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს ხელი ემოციურ მდგომარეობაში მყოფმა მოაწერა. ვითარების შესწავლის შემდეგ კი დათვალიერების დასრულების ოქმზე ხელმოწერის გაუქმება და პირვანდელი ჩვენების შეცვლა მოითხოვა.
ამასთან, ტაველიშვილმა სასამართლოზე განაცხადა, რომ სამხარეო პოლიციაში დაიბარეს და დაემუქრნენ, რომ მათთვის სასურველ ჩვენებას ხელი მოეწრა. მოწმე განმარტავს, რომ პოლიციის მაღალჩინოსნები კახეთის მთავარ სამმართველოში მასზე 4 საათის განმავლობაში ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდნენ.
„რეზონანსი“ სოფლის რწმუნებულს დაუკავშირდა და ჰკითხა, ამ ეტაპზე მიაჩნია თუ არა 85 წლის ომარ გამყრელიძე დამნაშავედ და უნდა დაისაჯონ თუ არა ის პირები, ვინც მას იძულებით ჩვენების მიცემა მოსთხოვა. ნანა ტაველაშვილმა გაგნვიმარტა, რომ ამ თემაზე მედიასთან კომენტარის გაკეთება არ სურს:
„ამ თემაზე მედიასთან დამატებით კომენტარს არ ვაკეთებ“, - განგვიცხადა რწმუნებულმა.
პრაქტიკულად საქმის დაშლის ერთ-ერთი განმაპირობებელი გარემოება ასევე ექსპერტიზის პასუხებიც გახდება. გამოძიების ახალი ვერსიით, 52 წლის ყოფილმა სპეცრაზმელმა და აფხაზეთის ომის მონაწილემ ნოდარ გამყრელიძემ, მამის დახმარებით მოკლა დედა და შემდეგ კვალის დაფარვის მიზნით ესროლა ძმას, რძალს და მეზობელ დედა-შვილს. თუმცა, ამ ვერსიის გასამყარებლად ექსპერტიზა პროკურატურას ვერაფრით ეხმარება.
გამოძიებას ამ დრომდე არ აქვს დანარჩენი ოთხი ადამიანის მკვლელობის იარაღი. ექსპერტიზის დასკვნით, ოთხივე მათგანი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებითაა მოკლული. შესაბამისად, დაუდგენელია ოთხი ადამიანის მკვლელის ვინაობაც. ასევე პროკურატურის ვერსიით, ომარ გამყრელიძის მეუღლე გეკოს ტიპის იარაღით არის მოკლული, რომელიც შემთხვვეის ადგილას ეზოში იპოვეს. ხოლო ექსპერტიზის დასკვნით, მკვლელობის იარაღზე, რომელიც სახლიდან იქნა ამოღებული, არც ნოდარ გამყრელიძის, არც ომარ გამყრელიძის და არც მისი შვილიშვილის ომარ უმცროსი გამყრელიძის დნმ-ის კვალი არ აღმოჩნდა.
ასევე, გეკოს ტიპის იარაღით მკვლელობის ვერსიაც თავდაყირა დგება, რადგანაც ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ვერ დგინდება რომელი იარაღიდან არის ნასროლი ტყვია, რომელიც ყანდაურაში დაჭრილი ელიზა გამყრელიძის სხეულიდან იყო ამოღებული.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით კი მოსამართლე მამუკა წიკლაურმა 9 სექტემბერს 2000 ლარიანი გირაოთი პაპა ომარ გამყრელიძე გაათავისუფლა, ხოლო 11 ნოემბერს - მისი შვილიშვილი ომარ გამყრელიძე უმცროსი.
როგორც ირკვევა, ახლა ძალოვნებმა ამ შემზარავი მკვლელობების მთავარ ბრალდებულად ომარ გამყრელიძის მეორე ვაჟი, ყოფილი სპეცრაზმელი ნოდარ გამყრელიძე სცნეს. იგი ამ დრომდე არ დაუკავებიათ. როგორც ჩანს, საქმე ნოდარ გამყრელიძის მიმართ ცალკე წარმოებად გამოიყო. ხოლო პაპასა და შვილიშვილს - ნოდარ გამყრელიძის ვაჟს, უმცროს ომარ გამყრელიძეს ცალკე გაასამართლებენ.
11 ნოემბერს სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას კი საქმის ერთ-ერთმა მთავარმა მოწმემ შემდეგი რამ განაცხადა:
„13 მაისს კახეთის სამხარეო პოლიციაში დამიბარეს. მისვლისთანავე დაიწყო ჩემზე ზეწოლა, დამახვედრეს გამზადებული ჩვენება შაბლონის სახით. მე ხელი არ მოვაწერე და განვუმარტე, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს იქ არ ვყოფილვარ, მე მხოლოდ ვიყავი მტკიცებულებების დალუქვის დროს.
„მე რომ უარი განვაცხადე ხელის მოწერაზე, დაიწყეს მუქარა. მახსენებდნენ, რომ საჯარო მოხელე ვიყავი. ჩემს ოჯახსაც შეეხნენ, შემახსენეს, რომ მანქანით ვმოძრაობდი და დამიჭერდნენ. მთელი ეს მუქარები 4 საათი გრძელდებოდა. ფსიქოლოგიური სტრესი გადავიტანე. ვითხოვდი ადვოკატთან დარეკვას. დამცინოდნენ - დარეკეო, მაგრამ ტელეფონი ჩამორთმეული მქონდა“, - განაცხადა ნანა ტაველიშვილმა.
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მოკლული ელზა გამყრელიძე ნანა ტაველიშვილის მამიდაა, ხოლო ბრალდებული 85 წლის მოხუცი ომარ გამყრელიძე - მისი ბიძა.
გამყრელიძეების ადვოკატი გილერი ენდელაძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ პროკურატურას საქმე ფაქტობრივად დაეშალა და ყველაფერი ორივე პირის, პაპის და შვილიშვილსი გამართლებით უნდა დასრულდეს. ასევე ადვოკატი ამბობს, რომ ის პირები, რომლებიც გამოძიების დროს ამ საქმეს აყალბებდნენ, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით თუ არ დაისჯებიან, სამსახურიდან მაინც უნდა გათავისუფლდნენ.
„ახლა პროკურატურას არ ჰყავს არცერთი მოწმე, რომელიც ამ ორი ადამიანის დანაშაულს ადასტურებს. ასევე არ არსებობს არც ექსპერტიზის დასკვნით და არც თვითმხილველი, ვინც იტყვის, რომ ეს მკვლელობები ომარ გამყრელიძის შვილმა ნოდარ გამყრელიძემ ჩაიდინა. ჰყავთ მხოლოდ მოწმე პოლიციელები, რომლებიც ამბობენ, რომ ეს საბრძოლო მასალა, რომლის შენახვასა და შეძენას უმცროს ომარ გამყრელიძეს აბრალებენ, მკვლელობის ადგილიდან არის ამოღებული. უმცროსი ომარის ნდმ-ის კვალი არცერთ საბრძოლო მასალაზე აღმოჩენილი არ არის.
„რაც შეეხება ნოდარ გამყრელიძის ადგილსამყოფელის დადგენას, პროკურატურამ დღემდე არ იცის სად იმყოფება ის, გადაკვეთა თუ არა საზღვარი და როგორ მიდის მისი ძებნის პროცედურა. სიმართლე გითხრათ, პროკურატურა მისი ძებნით თავს დიდად არ იწუხებს. მათ მისი გამოჩენის არანაირი სურვილი არ აქვთ. სანამ ვერ იპოვიან, მანამ იმის საშუალება აქვთ თქვან, რომ ამ ადამიანმა ეს მკვლელობები ჩაიდინა. თუმცა, ამას ვერაფრით ამტკიცებენ. ეს ადამიანი რუსეთში გადავიდა და თუ ცოცხალია, რა თქმა უნდა, სანამ სასამართლო პროცესები არ დასრულდება, ის არ გამოჩნდება“,-აცხადებს ადვოკატი „რეზონანსთან“.
მისივე თქმით, მკვლელობის დღეს პოლიციამ უამრავი შეცდომა დაუშვა და რეალური მკვლელი მათ ხელიდან გაექცათ. ამიტომაც საქმის გაყალბება დაიწყეს. პირველ რიგში ადგილზე კინოლოგები არ მიიყვანეს, რისი მეშვეობითაც ელემენტარულად კვალის აღებას შეძლებდნენ. ენდელაძე ამბობს, რომ მათთვის ყველაზე ადვილი 85 წლის მოხუცის დაკავება აღმოჩნდა, რომელიც ცემა-ტყეპით წაიყვანეს და მისთვის ამ მძიმე დანაშაულის დაბრალებას ცდილობდნენ.
ადვოკატი ამბობს, რომ ახლა მოხუცს არათუ 5 ადამიანის მკვლელობას, არამედ შვილისთვის დახმარებასაც ვეღარ უმტკიცებენ. მითუმეტეს აბსურდია, როდესაც ჯერ ნოდარ გამყრელიძისთვის ვერ დაუმტკიცებიათ დანაშაული, რომ მან დედა ელზა გამყრელიძე მოკლა. საქმის გამოძიებას უკუღმა იწყებენ და ჯერ არდამტკიცებულ დანაშაუში მოხუცს ადანაშაულებენ.