საქართველოში ცხოვრება გაძვირდა და ზამთრის წინ გაუსაძლისიც გახდა. ვითარება უკვე იმდენად მძიმეა, რომ მოსახლეობას თვიდან თვემდე თავის გატანა უჭირს. ეკონომისტების აზრით, მალე დაბალშემოსავლიან ადამიანებს მთელი შემოსავალი გაძვირებული სურსათის ყიდვისთვის დასჭირდება და სხვა ღირებულს ვეღარაფერს შეიძენს.
ზამთრის წინ მოსახლეობა მზადებას იწყებს იმ წნეხისთვის, რაც იანვრის, თებერვლისა და მარტის თვეებში უნდა განიცადონ. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანაა, ზამთარიც უფრო რთულად გადასატანია. დეკემბერ-იანვარში ქვეყანაში ადგილობრივი ნაწარმი ასე თუ ისე ხელმისაწვდომია, რასაც ვერ ვიტყვით თებერვალსა და მარტზე, როცა განსაკუთრებით მკვეთრად იმატებს იმპორტული საქონელი. სწორედ მაშინ ინფლაციის წნეხს თითოეული ადამიანი ყველაზე მეტად გრძნობს.
საქართველოში ცხოვრება თანდათან უფრო რთულდება. ოქტომბრის ინფლაციის მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, 6,9%-მდე გაიზარდა, მსგავსი ვითარება 2017 წელსაც იყო. მოსახლეობის ისეთი ფენისთვის, რომლებიც დაბალანაზღაურებად სამსახურებში მუშაობენ ან საერთოდ არ მუშაობენ, მნიშვნელოვანია თითოეული ლარის ისე გახარჯვა, რომ თვიდან თვემდე თავის გატანა შეძლონ.
გამოკითხულ ადამიანთა უმრავლესობა ამბობს, რომ ინფლაციამ თითქმის ყველა სახის პროდუტსა და მომსახურებაზე ფასის მატება გამოიწვია. გაძვირებული ცხოვრების პირობებში მოსახლეობა, ძირითადად, პირველადი მოთხოვნილების დაკმაყოფილებით შემოიფარგლება და ადამიანები სხვა მიმართულებით თანხებს ვეღარ ხარჯავენ.
ქუთაისში მცხოვრები 23 წლის ელენე ხარაბაძე ამბობს, რომ ყველაფერი გაძვირდა ხელფასები კი იგივე რჩება. თუკი ადრე რაიმე შენაძენის გაკეთებისას 10- 15 ლარი საკმარისი იყო, ახლა 20- 25 ლარია საჭირო.
„ამჟამინდელი ფასები ნამდვილად მაღალია, ადრე თუ დღეში 10-15 ლარი მჭირდებოდა რაიმეს საყიდლად, ახლა 20-25 ლარია საჭირო. ცხოვრება გაძვირდა, საკვები, წამლები ყველაფრის ფასი გაორმაგებულია, ხელფასი კი ისევ ის არის, რაც მანამდე. თუ ვინმეს შემოსავალი გაეზარდა, შედეგი მაინც ნულია, რადგან ფული ისევ საარსებოდ მნიშვნელოვან რაღაცებში ეხარჯება. ადრე თუ შეიძლებოდა ყოველ კვირას სალონში მოვწესრიგებულიყავი, ახლა თვეში ერთხელ ან ორჯერ ძლივს ვახერხებ", - განუცხადა "რეზონანსს" ელენე ხარაბაძემ,
სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების გაძვირებამ ინფლაციის ზრდაზე ყველაზე მეტად იქონია გავლენა, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ცალკეული სასაქონლო ჯგუფის მიხედვით მდგომარეობა ასეთია: რძის ნაწარმი 16 %-ით გაძვირდა, ხორცი - 14,7%-ით, პური - 11%-ით, თამბაქო კი - 26%-ით.
არსებული საფრთხის წინაშე ყველაზე მეტად ის ადამიანები არიან, რომლებიც მხოლოდ პენსიისა და სოციალური დახმარების ხარჯზე ცხოვრობენ ან ძალიან დაბალი შემოსავლი აქვთ. მათი ყოველი დღე იწყება საკვები პროდუქტის, წამლების, თვიდან თვემდე დასაფარი კომუნალური გადასახადის დაზოგვით და რეალურად მათი შემოსავალიც მეტი არაფრისთვის არის საკმარისი.
პენსიონერისა და აწ უკვე ემიგრანტის ნანა ქურდაძის შეხედულება საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე ასეთია:
"ქვეყანაში არ არსებობს ეკონომიკის განვითარების გზები, სხვა უფრო მნიშვნელოვან გეგმაზე ოცნებაც არ შეიძლება. არადა, სწორედ აქედან უნდა დაწყებულიყო ყველა მთავრობის პირველი დღე. როცა ადამიანთა დიდი ნაწილი სიღარიბის ზღვარზეა და წარმოდგენა არა გაქვს რა რესურსებით არსებობს შენი ქვეყანა, ამ დროს დღითი დღე ფასები იზრდება ყველა მიმართულებით. უბრალოდ რომ ვთქვათ, ეს ყოველივე მომაკვდინებელია.
დღევანდელი ფასების გამოისობით ელემენტარული არსებობის საშუალებაც კი არ აქვს მოსახლეობას. ცხადია, ჩემზეც ნეგატიურად აისახა ეს ყოველივე. მიზერული პენსიებით თავის გატანა, უბრალოდ, შეუძლებელი გახდა. ამიტომ 69 წლის ასაკში მივიღე მტკიცე, მაგრამ სარისკო გადაწყვეტილება და წავედი საზღვარგარეთ სამუშაოდ, რათა ოჯახს შევხიდებოდი. აქ კიდევ რისი ატანა და გადატანა გვიხდება, ეს კიდევ სხვა თემაა", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას ნანა ქურდაძემ.
ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური პირობების გამო სამომხმარებლო კალათაში საკვების წილი იზრდება, სხვა დანარჩენი კი ინდივიდუალური პრიორიტეტებიდან გამომდინარე, იკლებს. უმეტესობა აღნიშნავს, რომ ფასების მატება თვალში საცემია და ვარაუდობენ, რომ ზამთრის პერიოდში კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობა შეიქმნება.
24 წლის, დასაქმებული და საშუალოზე მაღალი ანაზღაურების მქონე ახალგაზრდა ირაკლი მაკასარაშვილის შეხედულებით, საქართველო ზამთარში განსაკუთრებით დგება მასობრივი სიძვირის წინაშე, რის გამოც დოლართან მიმართებით დღითი დღე ქედს ვიხრით.
„რაც შეეხება ამჟამინდელ მდგომარეობას, ნებისმიერი პროდუქტისა და სერვისის ფასი მაღალია საშუალო შემოსავლებთან შედარებით. დინამიკაში რომ წარმოვიდგინოთ, ყველა ასპექტში ანაზღაურების ხაზი ხარჯების ხაზის ქვეშ გაივლის. რამდენადაც იზრდება შემოსავლები, იმდენად იზრდება ფასებიც და ბუნებრივია, ცხოვრებაც გაძვირდა. გამომდინარე იქიდან, რომ იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა ვართ, დღითი დღე დოლართან მიმართებაშიც ქედს ვიხრით.
მადლობა ღმერთს, კარგი ანაზღაურება მაქვს და არ მექმნება პრობლემა გასაწევ ხარჯთან დაკავშირებით. საშუალოზე მაღალი ხელფასი მაქვს და თითქმის სრულად მყოფნის ყველაფერში. დანაზოგსაც კი ჩავუყარე საფუძველი, მაგრამ ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემ შემოსავალზე მხოლოდ მე ვარ დამოკიდებული და ოჯახის პირველადი მოხმარების ხარჯებს ნებაყოფლობით ვიღებ საკუთარ თავზე. თუმცა, მე რომ უფრო მეტი ვალდებულებები მეკისრებოდეს ოჯახში, ალბათ საკმაოდ ბევრ რამეზე მომიწევდა უარის თქმა“, - განაცხადა ირაკლი მაკასარაშვილმა.
საინტერესოა ერთეულების გარდა, რომლებიც კმაყოფილნი არიან თავიანთი შემოსავლით და ფასების გაზრდასაც დიდად ვერ გრძნობენ, სხვა ადამიანებს რა ელით ზამთარში და რას ჰპირდება მათ მთავრობა. ამ საკითხთან დაკავშირებით სპეციალისტები სკეპტიკურად არიან განწყობილნი. მათი მოსაზრებით, დაბალშემოსავლიან მოსახლეობას მალე მთელი შემოსავალი გაძვირებული სურსათის ყიდვისთვის დასჭირდება და სხვა ღირებულს ვეღარაფერს შეიძენს.
„რეზონანსთან“ საუბრისას სტატისტიკოსმა სოსო არჩვაძემ აღნიშნა, რომ ქვეყანაში უფრო მეტად აგფლაციაა. სურსათზე ფასების ზრდამ უკვე ორნიშნა მაჩვენებელს მიაღწია. ეს მეტ-ნაკლებად ყველას ფენას ეხება, მაგრამ განსაკუთრებით დაბალშემოსავლიანებს.
„ინფლაციის ტემპი გაცილებით მაღალიც გვქონია, ბოლო ორნიშნა ინფლაცია ოქტომბერში 2010 წელს დაფიქსირდა, მაგრამ ამჟამინდელი ინფლაციის თავისებურება ისაა, რომ ადგილი აქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებულ აგფლაციას, ანუ ყველაზე მეტად ფასები გაიზარდა აგრარული წარმოების დანიშნულების საქონელზე. აქ ნამდვილად ორნიშნა ზრდას აქვს ადგილი, დაწყებული ნივრიდან, საქონლის ხორცითა და პურპროდუქტებით დამთავრებული. ასეთი ვითარება, უპირველესად, დაბალ და საშუალო შემოსავლიან მოსახლეობას აყენებს დარტყმას, მაგრამ ამ პროდუქტების მომხმარებელი არის საზოგადოების აბსოლუტურად ყველა ფენა, ყველა წევრი, ანუ მეტ-ნაკლებად ყველას ეხება ეს.
სამწუხაროდ, საქართველოში საკმაოდ მაღალია საშემოსავლო დიფერენცირება. თუ მოსახლეობას 10 თანაბარ ჯგუფად დავყოფთ, განსხვავების კოეფიციენტი ყველაზე მდიდარ 10%-სა შორის და ყველაზე ღარიბ 10%-ს შორის დაახლოებით 17-18-ჯერადია, რაც თითქმის ორჯერ აღემატება დასაშვებ ზღვრულ ნორმას.
ასეთ პირობებში ხელისუფლებამ უნდა იმოქმედოს. პერიოდულად, განსაკუთრებით ზამთრის თვეებში ახორციელებდა ე.წ. გაზისა და ელექტროენერგიის ვაუჩერების დარიგებას და თუ ახლაც ამ მიმართულებით გარკვეულ ნაბიჯებს გადადგამს, მხოლოდ მისასალმებელი იქნება. ჩვენ არა მარტო საბაზრო ეკონომიკაზე ორიენტირებული ქვეყანა ვართ, არამედ სოციალური პასუხისმგებლობის მქონე სახელმწიფოც, შესაბამისად ხელისუფლების პოლიტიკა სოციალური მხარდაჭერის თანადგომისა და სოლიდარობის ნიშნით პრიორიტეტული უნდა იყოს“, - აღნიშნა სოსო არჩვაძემ.
შემოდგომიდან მოყოლებული მკვეთრად იმატებს ჯანდაცვის ობიექტებისადმი მიმართვიანობა, რადგან წლის ამ პერიოდში სეზონური დაავადებები ძლიერდება. ამ დროს კი სამედიცინო დაწესებულებებში მისულ ადამიანებს მუდმივად გაზრდილი ფასი ხვდებათ. ტოტალური ინფლაციისა და დევალვაციის პირობებში საფრთხე ემუქრება ენერგოტარიფებსაც. ეკონომისტ ირაკლი მაკალათიას შეხედულებით, ლარის გაუფასურება და ინფლაცია ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია.
„ლარის გაუფასურება თუ კიდევ გაგრძელდა, ცხადია, ენერგომატარებლებს გაგვიძვირებს ერთი მხრივ და მეორე მხრივ კი, კომუნალურ გადასახადებზეც აისახება. ცალკე საკითხია სურსათის და ჯანდაცვის ჯგუფის გაძვირება, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში, როცა სამედიცინო მომსახურებაზე იზრდება მოთხოვნა და ამ დროს მომხმარებელს აფთიაქებში გაძვირებული მედიკამენტები ხვდება. ნათელია, რომ ლარის გაუფასურება და ინფლაცია ერთმანეთთან უკვე მჭიდრო კავშირშია იმიტომ, რომ დიდწილად იმპორტირებულ პროდუქტზე ვართ დამოკიდებულნი. ცხადია, ადგილობრივი პროდუქტიც გაძვირდება“ , - აღნიშნა "რეზონანსთან" ირაკლი მაკალათიამ.
საშუალო ფენის გაძლიერების პროცესი, არსებული ინფლაციის პირობებში, მიუღწეველი ხდება, თუმცა კატასტროფა არ გვემუქრება. სტატისტიკოსი გივი მომცელიძე ადასტურებს, რომ საზოგადოება ზამთარში საფრთხის წინაშე დადგება, მაგრამ კონკრეტული პროგნოზი ცოტა უმადური საქმეა.
„კატასტროფა ნამდვილად არ დაგვემუქრება, მაგრამ, რა თქმა უნდა, ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს ინფლაცია დიდ პრობლემას შეუქმნის და საშუალო ფენის გაძლიერებას შეაფერხებს. მაღალი ფასები, რა თქმა უნდა, უფრო მეტ ადამიანს გადაისვრის სიღარიბეში. ჩვენ ისეთი რაღაცები გვაქვს გამოვლილი 1990-იან წლებში, 2000-იანი წლების დასაწყისში, რომ კატასტროფულ და კოლაფსურ ვითარებას არ ველი.
მე მომხრე ვარ, რომ ვისაც განსაკუთრებით უჭირს, მათ მიმართ მაქსიმალურად იყოს რამე შეღავათები, თუნდაც ფულადი დახმარებებიც. ოღონდ სერიოზულად უნდა გამოიკვლიონ ვის სჭირდება დახმარება და ვის - არა. ზოგჯერ აქ კორუფციული მომენტებია. მაგალითად, წინასაარჩევნოდ ზრდიან ხოლმე "ღარიბების" რაოდენობას, აფინანსებენ და მათ გულს იგებენ. ამიტომ ზედმიწევნით გამოკვლეული უნდა იყოს და ვისაც სჭირდება იმათ დაეხმარონ“ , - აღნიშნა გივი მომცელიძემ.