თამარ შუკვანი
13.11.2019

 თუკი პარლამენტი პროპორციულ საარჩევნო საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტსაც არ დაუჭერს მხარს, ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ქვეყანაში არეულობის დაწყებას არ აგმორიცხავს. როგორც მან „რეზონანსთან" განაცხადა, „ეს არის ის საკითხი, რომელიც ძალიან ბევრ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ მოთამაშეს, ერთი დროშის ქვეშ დააყენებს."

პარლამენტმა საინიციატივო ჯგუფის კანონპროექტს, რომლის თანახმადაც 2020 წლის არჩევნები უნდა ჩატარდეს საარჩევნო ბლოკების და შესაბამისი ბარიერის მეშვეობით, 12 ნეომბერს მხარი არ დაუჭირა. „ქართული ოცნების" მიერ მომზადებული საკანონდებლო ცვლილებების განხილვა დღეს გრძელდება. რამდენიმე მაჟორიტარი დეპუტატი აღნიშნულ სისტემაზე გადასვლას ეწინააღმდეგება.

ზაალ ანჯაფარიძე ამბობს, რომ თუკი ხელისუფლებამ მის მიერ გაცემული პირობა არ შეასრულა, ამას საკმაოდ სერიოზული და არასასიამოვნო შედეგები მოჰყვება. ანალიტიკოსი არც იმას გამორიცხავს, რომ საპროტესტო ტალღა ამჯერად უფრო დიდი მასშტაბების იქნება;

„ამ საკითხის ირგვლიც კონსოლიდირებული არიან სრულიად განსხვავებულ პლატფორმაზე მდგომი პოლიტიკური ძალები და დიდი ალბათობით, მათ საზოგადოებრივი ორგანიზაციებიც შეუერთდებიან, რომელთაც შეუძლიათ ხალხის მობილიზება და შესაბამისად, ქუჩის აქციების მოწყობის ალბათობა მაღალია.

„შეიძლება პირველ დღეებში აქციები მასშაბური იყოს, მაგრამ შემდეგ ამ აქციების მასშტაბურობამ იკლოს, როგორც ეს გავრილოვის ინციდენტთან დაკავშირებით მოხდა, თუმცა, ამჯერად სიტუაცია უფრო სერიოზულია. ხელისუფლებამ, ფაქტობრივად, პირობა გასცა არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებაზე. საზოგადოებამ ეს დაპირება მიიღო და არის მოლოდინი, რომ შესრულდება.

„ჩვენი საზოგადოების მენტალიტეტიდან გამომიდინარე, მას ყოველთვის ძალიან აღიზიანებს, როდესაც ატყუებენ, ანგარიშს არ უწევენ, დაპირებას არ არსულებენ, მითუმეტეს ეს დაპირება უშუალოდ მმართველი პარტიის თავმჯდომარის მიერ გაიცა და ეს უფრო გააძლიერებს მოტივაციას იმისა, რომ მიტინგი ან ქუჩის გამოსვლები მარტივად არ დაიშალოს, მუხტი გაგრძელდეს.

„შესაძლოა ხელისუფლებასაც აქვს საპასუხო ნაბიჯები საამისოდ. ეს არის მაჟორიტართა წინააღმდეგობის დაძლევა და მეორე - დაიწყოს პოლიტტექნოლოგიური ხერხების გამოყენება, შეეცადოს საქმე ისე წარმოაჩინოს, თითქოს ამ აქციების უკან ისევ „ნაციონალური მოძრაობა" და მისი სატელიტები დგანან და სწორედ ამით მოახდინოს განეიტრალება," - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×