დეკანოზი თეოდორე გიგნაძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში" სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი" უცვლელად გთავაზობთ: „ამ ოცდაათი წლის განმავლობაში, იმ ლიბერალების მგავსად, რომლებიც გარედან ცდილობენ ჩვენი ერის გახრწნასა და განადგურებას და ეკლესიას გარედან ებრძვიან, ჩვენ შიგნიდან, ვითომ პატრიოტები და ვითომ ქრისტიანები და ვითომ სასულიერო პირნი, ზუსტად ისევე ვეუბნებოდით ქრისტეს - წადი ჩვენგან, არ გვინდიხარ!
ამ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს ის, რომ შიგნით მყოფნი ვითომ სამშობლოს მოყვარულნი და ვითომ ქრისტიანენი და მოძღვრები, მიზეზს მხოლოდ გარეთ ვხედავთ და ვამბობთ - ისინი გვებრძვიან და გვავიწყდება, რომ იმათ სხვა მამა ჰყავთ - ეშმაკი, რომლის დავალებასაც ისინი ღირსეულად ასრულებენ!
ხოლო ჩვენ სხვა მამა გვყავს - ყოვლადწმინდა სამება. ჩვენ ქრისტესნი ვართ და ჩვენი მამის დავალებას არ ვასრულებთ. ხოლო ისინი ასრულებენ თავიანთი მამის, ეშმაკის, დავალებას. ამიტომ გვერევიან და გვხრავენ და ნელ-ნელა გვანადგურებენ.
იცით, რა მოხდებოდა ეს ოცდაათი წელი სწორად რომ გვემოღვაწევა?
ეს უზარმაზარი დროა. ისტორიას გადახედეთ, გინდა პოლიტიკურ ისტორიას, გინდა მსოფლიო რელიგიათა ისტორიას, თუნდაც ქრისტიანობისას, რა ფანტასტიური ნაყოფები გამოუღია ადამიანების გულმხურვალე, მიზანმიმართულ მოღვაწეობას!
ვიღაც იტყვის, იმათ ეშმაკი ეხმარება. შე დალოცვილო, თუ იმათ ეშმაკი ეხმარება, შენ ღმერთი არ დაგეხმარება, თუ გულმხურვალედ ღვთის ერთგული იქნები?! რომელი ჭკუათმყოფელი იტყვის, რომ ეშმაკი ღმერთზე ძლიერია?! თუ ვიღაცებმა ეშმაკის ძალით რაღაცები მოახერხეს, განა შენ ვერ მოახერხებდი საღმრთო მადლით, ღვთის ერთგული რომ ყოფილიყავი?!
ოცდაათი წელი უზარმაზარი დროა. ამ ხნის განმავლობაში იბერია მართლაც გაბრწყინდებოდა, ჩვენ რომ სწორად გვემოღვაწევა. აღრიცხვის მიხედვით რომ ოთხმოცდაათი პროცენტი მართლმადიდებელი იყო, ისინი რეალურად ქრისტიანები გახდებოდნენ და აბა არ გაბრწყინდებოდა? რა თქმა უნდა, გაბრწყინდებოდა და ეს ფიზიკურადაც გამოვლინდებოდა, სამოთხე იქნებოდა ჩვენს სამშობლოში. მათ შორის ეკონომიურადაც კი. ყველა ქრისტიანი რომ იქნებოდა, აბა, როგორ იქნებოდა?! რომ აღარ იქნებოდა ის უბედურება, ყოველდღიურად რომ ვაწყდებით პოლიტიკაში, ქუჩაში, მძღოლებს შორის, ურთიერთობებში...
ქრისტიანების გარდა ყველაფერი ვართ დღეს ჩვენ.
ეს ოცდაათი წელი უბრალოდ კი არ გავფლანგეთ, არამედ გავანადგურეთ ჩვენი ქვეყანა და ისეთი შეუქცევადი პროცესები მივიღეთ, რომელთაგან გამოსავალი არსებობს თუ არა, ისიც კი არ ვიცი...
წყარო: კომერსანტი
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე