„ვადასტურებ, რომ უმრავლესობის შეკრებაზე საინტერესო დისკუსია იყო, მაგრამ პარტიის უმრავლესობა დარჩა იმავე აზრზე, რა აზრზეც იყო აქამდე, შესაბამისად, პარტიის თავმჯდომარეც," - ასე ეხმიანება „რეზონანსთან" უმრავლესობის დეპუტატი აკაკი ზოიძე, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კენჭისყრამდე უმრავლესობის შეკრებას.
მისი თქმით, უმრავლესობის ის დეპუტატები, ვინც ხმის მიცემაზე ყოყმანობს, გუნდურობას გაითვალისწინებენ და უმრავლესობას რეპუტაციას არ შეურყევენ.
„მე დიდი იმედი მაქვს, რომ ყველა ის დეპუტატი, რომელიც ჭოჭმანობს, ყოყმანობს და მე მათი ადამიანურად მესმის, გაითვალისწინებს იმას, რომ ამ შემთხვევაში ჩვენი კოლექტიური რეპუტაცია არ დაზარალდეს. ასეთი რამდენია დეპუტატია ვერ გეტყვით, მთავარია, რომ პარტიის უმრავლესობის გადაწყვეტილებაა, რომ მხარი დავუჭიროთ.
„უმრავლესობის სხდომაზე ხუნდძის მოთხოვნას რეიტინგულ კენჭისყრაზე უარი ეთქვა. ბატონი ხუნდაძე ამბობს გარკვეულ რაოდენობას, ვისაც არ უნდა პროპორციული, მაგრამ მიდის დისკუსია და იმედი მაქვს, რომ ყველაფერი ისე დასრულდება, როგორც საჭიროა და მაქსიმალურად ერთიანობით მივცემთ ხმას ამ ძალიან მნიშვნელოვან და ისტორიულ გადაწყვეტილებას", - აცხადებს ზოიძე.